პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კურტ ვოლკერის მიერ საქართველოში ფინანსების დაბანდებას ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ კეზერაშვილის სავარაუდო ბიზნეს პარტნიორი კურტ ვოლკერის მიერ საქართველოში ფინანსების დაბანდება, სავარაუდოდ ფულის გათეთრების ახალი სქემაა.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ 2020 წელს კურტ ვოლკერი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანიის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრი გახდა, 2022 წელს კი ის დავით კეზერაშვილს ლონდონში შეხვდა. ექსპერტის თქმით, სწორედ ამ პერიოდში აშშ-ში გაჩნდა კითხვები - სად ქრებოდა უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება.
„როდესაც ერთ წელიწადს გესმის, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბრძოლის სათავეში და ამერიკელების მიერ შექმნილი ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) დე-ფაქტო ხელმძღვანელი - გიზო უგლავაა, "ვალდებული" ხარ გჯეროდეს იმ მოცემულობის, რომ აღნიშნული სფერო საიმედო ხელშია.
მაგრამ, როდესაც ჯერ "უკრაინის რკინიგზის" ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია წერს განცხადებას გადადგომის შესახებ, ხოლო წელს - თვით გიზო უგლავას ხსნიან დაკავებული თანამდებობიდან სწორედ რომ "უკრაინის რკინიგზის" კუთვნილი ნახევარი მილიარდი გრივნას კორუფციული გზით დაუფლებასთან დაკავშირებით, ქვემოთ მოყვანილ ვარაუდებსაც ნამდვილად აქვს საფუძველი.
იმ საქმიანობის პარალელურად, რაშიც ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ინდუსტრიულ, ციფრულ, ენერგეტიკულ, სატრანზიტო და საბანკო-ფინანსურ "ჰაბად" გადაქცევის პროცესებში - სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ანტიქართული საერთაშორისო ბანაკი განიხილავს საქართველოს, შავი ფულის გათეთრების ხელსაყრელ მოედნად.
იგივე კეზერაშვილი თავის კრიმინალურ ფინანსურ პირამიდას აქტიურად "ათეთრებს" თავის მედია და პოლიტიკური "შპს"-ების მეშვეობით. წლობით სარგებლობდნენ გაურკვეველი წარმომავლობისა და ოდენობის მქონე დაფინანსების გაუმჭვირვალობით, მსოფლიოში საეჭვო რეპუტაციის მქონე დონორები თავისი ადგილობრივი აგენტების მეშვეობით აქ თანხების ბანალური გათეთრების მიზნით.
და აი, სულ ბოლო ინფორმაცია, რომელშიც გაერთიანებულია "უკრაინის რკინიგზაც", საეჭვო რეპუტაციის მქონე და ანტიქართულად განწყობილი, ჩვენთვის კარგად ცნობილი და კეზერაშვილის სავარაუდო ბიზნეს-პარტნიორი - კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველოში ღვინის წარმოებას იწყებს. არ ვიცით, რა ფერის ფულით - "თეთრით" თუ "შავით", ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ. ამიტომ, დავუბრუნდეთ კორუფციის "ელდორადოს" - "უკრაინის რკინიგზას".
2020 წლის 1 სექტემბრიდან, კურტ ვოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად. 2022 წლის ივლისში ლონდონში დგება ცნობილი შეხვედრა კეზერაშვილსა და ვოლკერს შორის, ხოლო პარალელურად აშშ-ში ცხადდება განგაში: სად ქრება, რომელი მიმართულებით უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება.
ჩნდება ამ იარაღის ალბანეთის, ბალკანეთის, ბალტიისპირეთის სატრანზიტო-გადამზიდავ პუნქტებში აღმოჩენის უამრავი მტკიცებულება. ტექნიკური თვალსაზრისით, როგორ შეიძლებოდა მათი უკრაინიდან ტრანსპორტირება? კორუმპირებული "უკრაინის რკინიგზისა" და კურტ ვოლკერის პატრონაჟის ქვეშ მყოფი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის გარდა თავში რატომღაც არაფერი არ მომდის.
და აი, კურტ ვოლკერის ფინანსების დაბანდების ახალი სფერო - ქართული მეღვინეობა. ღმერთმა ქნას, "თეთრი" ფულით. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რა "სიხარულით" და "ენთუზიაზმით" ხვდებიან ვოლკერის პოლიტიკურ ბანაკში ფინანსების გამჭვირვალობას - "თეთრის" და "შავის" გარჩევა ნამდვილად რომ გაგვიჭირდება…“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.