„ოცნება“ ქართულ ნიურნბერგის პროცესს აანონსებს

„ოცნება“ ქართულ ნიურნბერგის პროცესს აანონსებს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდი გერმანულ მოდელს აამოქმედებს. ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში, რასაც დადებითი შეფასებები მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან, რაც არის ჩვეულებრივი პროცესი. თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ასეთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პასუხისმგებლობაც კი არის სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისევე როგორც გერმანელებმა მოაშორეს საკუთარ ქვეყანას „ნაციონალ-სოციალისტები“, ასევე უნდა მოშორდეს ქვეყანას „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. როგორც კობახიძე აცხადებს, თუ პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ასეთი პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში.

კონსტიტუციური მექანიზმი არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და შესაბამის დეპუტატებსაც შეიძლება ჩამოერთვათ მანდატები. ამასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ამასთან დაკავშირებით არსებობს ევროპული პრაქტიკა. გარდა ამისა, არსებობს მემკვიდრე პარტიის ცნება და მემკვიდრე პარტიაც ისევე ექვემდებარება, ევროპული პრაქტიკით აკრძალვას. იმ შემთხვევაში თუ აკრძალვის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წიაღში შექმნიან ახალ პარტიას, ის ექვემდებარება ზუსტად ისე აკრძალვას, მარტივი პროცედურის საფუძველზე, როგორც იკრძალება ძირითადი პარტია.

„აქ იურიდიული მექანიზმები არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული ამოცანაა ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ამ შემთხვევაში საუბარია კრებსით „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არ მიეცეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. „ნაცმოძრაობა“ რომ ლახავს ბარიერს, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ ერთი რამეც შეიძლება ითქვას, იგივე გერმანია, იცით, რამხელა კულტურის ქვეყანაა, გერმანიაში რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში ჰიტლერის პარტია 1945 წლის შემდეგ, ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 15-20%-ს.

ეს ყველა საზოგადოებაში ხდება და არ არის ქართული საზოგადოების განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ ეს უბედურება საბოლოოდ უნდა მოვაშოროთ ჩვენ, როგორც გერმანელებმა მოაშორეს თავის დროზე უბედურება, ძალიან მარტივად და მკაცრად, საკუთარ ქვეყანას, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას.

თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანელებს რომ დაეტოვებინათ და არ აეკრძალათ „ნაციონალ-სოციალისტები“ 40-იანი წლების შემდეგ, მუდმივ უბედურებაში იქნებოდა ეს ქვეყანა. ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ჩვენ, არ შეიძლება, ქვეყანა დავტოვოთ მუდმივ უბედურებაში. არ შეიძლება, ასეთი ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ასეთი განცხადებებით გამოდიან, საკუთარ ქვეყანას უჩივიან და ა.შ. იყვნენ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. უბრალოდ, არ შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის ინიციატივას მხარს უჭერს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომლის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნაცისტურ გერმანიაში შექმნილი ფაშისტური პარტია ერთი მთავარი განსხვავებით - ნაცისტები საკუთრივ გერმანელებზე არ ძალადობდნენ, არ უკეთებდნენ იმას, რასაც სხვა ერებს და ამ შემთხვევაში - რა მეთოდებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ქართველების წინააღმდეგ იყენებდა.

„ამის დამადასტურებელი ფაქტებია პირველი: - სამ მილიონნახევრიან ქვეყანაში 300 ათასი ადამიანის პრობაციონერად გახდომა. 26 ათასი ადამიანის ციხეში გამომწყვდევა. პატიმართა საშინელი წამებები და 27 ათასი ფარული ჩანაწერი, რომელიც არის როგორც ადამიანების სულში ჩაფურთხება. სხვათა შორის, ყველა ეს ფაქტი თავის დროზე, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღიარებული და დადასტურებული აქვთ, რომლებიც დღეს თავგამოდებით იცავენ „ნაცმოძრაობას“.

ეს ბატონები და მათი წარმომადგენლები აგერ, ივილისში იყვნენ ჩამოსული და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დამჯდარი იყვნენ რომელიღაც სასტუმროს სკვერში, აწყობდნენ კონფერენციას, სადაც განიხილავდნენ საქართველოს ხელისუფლების ძალდატანებით გადატრიალებას. კონსტიტუცია ცალსახად მოითხოვს ასეთი პარტიის აკრძალვას, როგორიც არის ნაცმოძრაობა. ვინაიდან, ეს არის სიძულვილისა და ომის რიტორიკაზე აგებული პარტია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები როგორც სამართლებლივად, ასევე პოლიტიკურად უნდა მოსცილდნენ პოლიტიკურ ველს. მეტიც, ანალიტიკოსის შეფასებით, როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში აუცილებელია მოეწყოს ნიურნბერგის პროცესი, რომლის შემდეგაც ნაცისტური პარტია არ არსებობს გერმანიაში და ამოისუნთქა გერმანიამ.

„ასეთ შემთხვევაში ის კრამერები, ფოტიგები და სხვები ვერ შეძლებენ შემოსვლას საქართველოში. თუ დააპირებენ გაძევებული იქნებიან, როგორც მკვლელების მხარდამჭერები. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს „ნაცმოძრაობა“ 2022 წლიდან მოითხოვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. გირჩი ზურაბა პირდაპირ ლაპარაკობდა, რომ თუ საქართველო ჩაერთვება ამ ომში და რუსეთის ჯარი შემოვა ჩვენთან, ერთი 10 ათასი ჯარისკაცი მაინც დაკავდება საქართველოში ომით და ამით შვება მიეცემა უკრაინასო. მე რაც ჩამოვთვალე, ეს ფაქტებით არის განმტკიცებული. უფრო მეტიც, ის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ამ ადამიანების გვერდით დგანან, მათი წარმომადგენლები იყვნენ შსს-ში, როდესაც იმ 27 ათას ფაილს ანადგურებდა სახელმწიფო, რაც ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს ფაილები უნდა ეჩვენებინათ დღეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაიდენდა იმ საშინელებას, რომელიც ჩაიდინეს წყალტუბოში და კიდევ ერთი ალალ-მართალი კაცის სიცოცხლე შეიწირეს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს პარტია გასამართლდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ პარტიის გასამართლების პროცესი იქნება რთული, თუმცა ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შეიძლება პარტიას წაუყენო ბრალი იმ ნაწილში, რომ ოპოზიციური პარტიები დასავლეთში ხელს უშლიდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მისი თქმით, ეს დაახლოებით ისეთივე ტიპის ბრალდება იქნება, როგორიც პრეზიდენტს წაუყენეს, რომ ახლა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია - საბჭოთა კავშირს დაემარცხებინა გერმანია, ოღონდ მერე გამობრუნებულიყვნენ უკან და გერმანიაში გაგრძელებულიყო ნაცისტური პარტიის მოღვაწეობა, ან ნებისმიერი სხვა პარტიის, რა მოხდებოდა ადვილი სათქმელია. წარმოიდგინეთ, 12 წელი და ცოტა მეტიც ნაცისტური პარტია ჰყოლოდათ ხელისუფლებაში გერმანელებს და მერე გამოცხადებულიყო მათზე სასამართლო პროცესი? - არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ანალოგით ხელმძღვანელობა. იქ ბევრი პრეცედენტი დგება, შეიძლება ადრე ჩადენილი ბევრი დანაშაული ვადაგასული აღმოჩნდეს, გარდა უმძიმესი დანაშაულებისა. თუ აქტუალურად დააყენებ, უნდა დააყენო მიმდინარე პროცესებიც“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ანალოგიური ტიპის პრობლემის დასმას უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ შეიტანო კონსტიტუციაში სამშობლოს ღალატის მუხლი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.

„თუ გაითვალისწინებს ადამიანი, რომ ეს ჯგუფები დასავლეთში დარბოდნენ, დარბიან ახლაც და დასავლეთიც ყურს უგდებს, მაშინ გამოდის, რომ ამ ჯგუფის ბრალდება საქართველოს მხრიდან გადადის მის დასავლელ პარტნიორებზე. მარტო ეს ჯგუფი კი არაა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგი, ე.ი. პარტნიორებიც წინააღმდეგი არიან, რასაც შიგადაშიგ ამბობს საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, მსოფლიოში რომ არსებულიყო ნაციონალისტური და ფაშისტური პარტიების დიდი ქსელი, მოხერხდებოდა ნიურნბერგის პროცესი?

მსოფლიოში არსებული ეს ქსელი ხომ დაიწყებდა ბრძოლას ნიურნბერგის პროცესის წინააღმდეგ?! თუ ვიგულისხმებთ, რომ დღეს ამ პარტიების მიმართ რა ბრალდებაც იქნება და თუ ამ პარტიების მიღმა იგულისხმება პარტნიორები, გამოდის, რომ ჩვენი ქართული ნიურნბერგის პროცესი იქნება იმ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგაც, ვინც საქართველოს უპირისპირდებოდა ამ ხნის განმავლობაში. გაიმარჯვებს მაგ პირობებში ნიურნბერგის პროცესი? - ალბათ, გაუჭირდება და ძალიან ბევრს აიმხედრებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილის დაპიტიმრება და თავისთავად ეს განაცხადი, რომ ეს პროცესი იქნება ნიურნბერგის პროცესი ამ პარტიის წინააღმდეგ, უკვე გახდა სალაპარაკო და უკვე საყვედურობენ მმართველ პარტიას, რომ ის დევნის ოპონენტებს. აი, ამ ჩიხში შედის ახლა მმართველი პარტია მაგ განცხადებით. ვვარაუდობ, რომ ეს მას სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის და იმისთვის, რომ შიგნით ანტინაციონალური მუხტი მოაგროვოს. მაგრამ, როცა ერთ საქმეს აკეთებ, მეორე საქმე არ უნდა გააფუჭო. ამიტომ, ვთვლი, რომ რაღაცა თვალსაზრისით, დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯებია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლევკოთეა ნიურნბერგის პროცესზე ადვოკატები ძლივს დაუკომპლექტეს ბრალდებულებს. არავის უნდოდა მათი დაცვა.
ნაცების დასაცავად კი ერთმანეთს დაასწრებენ გარე თუ შიგა ძალები.
ისევ ოცნების საარჩევნო რიტორიკად ჩავთვალოთ ეს იდეა.
2 თვის უკან