როდესაც აგვისტოს დასაწყისში უკრაინული ჯარები რუსეთში შეიჭრნენ, ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე შეშფოთება დაფიქსირდა - მიუხედავად იმისა, რომ რუსული გაზის ექსპორტი ევროკავშირში მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ადრე იყო, ახალი ამბები იმის შესახებ, რომ უკრაინამ დაიკავა ქალაქი სუჯა, სადაც მდებარეობს ტერმინალი უკრაინის გავლით ევროპაში რუსული საწვავის ექსპორტისთვის, საკმარისი იყო იმისთვის, რომ კონტინენტზე გაზის საბაზისო ფასი წლევანდელ უმაღლეს დონემდე გაზრდილიყო, - წერს ბრიტანული გამოცემა The Economist-ი სტატიაში სათაურით დასავლეთს ჯერ კიდევ სჭირდება რუსული გაზი, რომელსაც უკრაინის გავლით იღებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ - ამ ეტაპზე - გააგრძელონ გაზის ტრანსპორტირება სუჯას გავლით, თუმცა გაგრძელდება თუ არა ეს მომავალ წელს, არც ისე მკაფიოა.
შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული გაზი დასავლეთს უკრაინის გავლით მიეწოდება, ორმა ქვეყანამ ევროკავშირთან ერთად 2019 წელს მოაწერა ხელი. მას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. ევროკავშირს, რომელიც 2027 წლისთვის რუსულ გაზზე უარის თქმას აპირებს, არ სურს მისი გახანგრძლივება. უკრაინასაც არ სურს.
2023 წელს, ევროკავშირის მილსადენებით იმპორტის მხოლოდ 8% მოდიოდა რუსეთზე, რაც ომამდე 40%-ს შეადგენდა. ახალი მიწოდება, განსაკუთრებით ამერიკიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება, ახლა ამ სხვაობას ანაცვლებს. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და დაზარალდება უკრაინის გავლით მიწოდების უეცარი შეწყვეტით. ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან.
ევროკავშირის სამ ქვეყანას უდიდესი საფრთხე ემუქრება. 2023 წელს უნგრეთში გაზის იმპორტის დაახლოებით 47% რუსეთზე მოდიოდა. სლოვაკეთისთვის ამ მაჩვენებელმა 89% შეადგინა. ავსტრია კიდევ უფრო იყო დამოკიდებული: იანვარში გაზის იმპორტის 97% რუსეთზე მოდიოდა.
ამ ქვეყნების კომპანიები რუსეთთან არიან დაკავშირებულნი გრძელვადიანი ხელშეკრულებებით.