რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუზღუდა, მეტიც, აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულებაც კი მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, სერგეი შამბამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს მოსალოდნელის შესახებ - „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. შამბამ ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მიღებული სანქციაა.
სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შესაძლებლობა სიტუაცია მართოს და აფხაზეთთან გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოოს.
„მმართველ პოლიტიკურ ძალას სტრატეგიული ხედვა, მართვის ძალა და ინსტრუმენტი არ გააჩნია. საქართველოს მონაწილეობა არის მხოლოდ დამკვირვებლის. კრემლი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, აფხაზებს ელაპარაკება, როგორც ქვეშემრდომი სტრუქტურის წარმომადგენელს. ამ დროს კი ჩვენ ვართ პასიური დამკვირვებელი და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხში საქართველოს ჩარევა?!“, - თქვა მაისაიამ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნო რეგიონელური ტურნეს ფარგლებში, ზედიზედ უკვე მესამედ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შესაძლოა, „ნებისმიერ დროს“ მოხდეს. მისივე თქმით, ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს და მმართველ პარტიას ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება იმისთვის სჭირდება, რათა კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებების შეტანის გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სამართლებრივი საფუძვლები მოამზადოს.
ვახტანგ მაისაიამ ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი სურვილი და წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია.
„ეს არის მხოლოდ სურვილის დაფიქსირება. ამის უკან არაფერი რეალური არაა და ეს არის მორიგი, პიარ-ტექნოლოგიური ნაბიჯი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. დღეს ჩვენ იზოლაციაში ვართ და კავკასიური პოლიტიკა არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა მან.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ბევრი საუბრობდა და საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის რუსეთზე გამარჯვება, საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსს უზრდის. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვება ამ ომში, საქართველოს არ აძლევს გარანტიას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ავტომატურად დაიბრუნოს. მისი შეფასებით, ამისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
„უკრაინის რუსეთზე გამარჯვება არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ - ამისთვის საჭიროა გარკვეული სამხედრო ძალა. იქ აფხაზებს და ოსებს აქვთ საკუთარი სამხედრო პოტენციალი. სამწუხაროდ, აფხაზეთთან დიალოგს არ ვაწაროებთ. შევარდნაძემ, თავის დროზე, შეძლო რაღაცების ისეთ დონეზე დალაგება, რომ კავკასიური პოლიტიკის იმპულსი კარგად იკითხებოდა ყველა მიმართულებით და ახლოს ვიყავით იმასთან, რომ აფხაზეთი და ოსეთი დაგვებრუნებინა მშვიდობიანი გზით. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ჩაშალა გეგმები თავისი ქორული გამოსვლებით, შეგნებულად გაართულა სიტუაცია და სულ სხვა გზა აირჩია. მიხეილ სააკაშვილმა არასწორად დაგეგმა ეს გზა და ფაქტობრივად, შეცდომა შეცდომაზე დაუშვა“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.
ცნობისათვის, 26 აგვისტოს რამდენიმე აფხაზურმა „ტელეგრამ" არხმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმი გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2024 წლის 19 აგვისტოთი თარიღდება და ბჟანია ამ პერიოდში მართლაც იმყოფებოდა მოსკოვში, თუმცა ამ დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებული არაა. ოქმში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა „აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.
„1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგ ადამიანს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“, - განაცხადა შამბამ.