კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის მესამე წელს მიხეილ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მართვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მის თანაპარტიელებს მისი ლიდერობა სულაც არ ხიბლავთ. თანაპარტიელებმა ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუკის, სოფო ჯაფარიძისა და დედამისის ამარა დატოვეს და მას იმ ინფორმაციასაც უმალავენ, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ნაცმოძრაობასა“ და ლიდერს შორის კომუნიკაციის დარღვევა ყველაზე ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა სააკაშვილს იმედი გადაუწურა ამერიკის საელჩომ და აცნობა, რომ მცდარი იყო მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ჩამოსულმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და აშშ-ის წარმომადგენლობათა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტენერმა სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს.
ხიდჩატეხილობა სააკაშვილსა და ნაცებს შორის „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმაც შენიშნა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობაში“ ვიღაცას გამბედაობა არ ყოფნის, მიშას პირდაპირ უთხრას თუნდაც ის, რომ კონგრესმენებთან შეხვედრისას მის საკითხზე საუბარი არ ყოფილა და სააკაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ სწორედ საკუთარ თანაპარტიელებს ჰყავთ სააკაშვილი შიდაპატიმრობასა და ინფორმაციულ ვაკუუმში, მას ვერ უბედავენ სიმართლის თქმას და იმასაც უმალავენ, რომ უცხოეთში მისი საკითხი არც აინტერესებთ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ მიშას „შესტიორკებმა“ აბსოლუტურად ყველაფერი მოახსენეს სააკაშვილს, უთხრეს ისიც, რაც ხდებოდა ბოლოდროინდელ შეხვედრებზე. უბრალოდ, სენატორ შაჰინის დამოკიდებულებაში გამოჩნდა ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც დაუძინებლად ფიქრობენ ჩვენზე, ძალიან დიდი ინფორმაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის შესახებ, მათ ჰყავთ საქართველოში დაზვერვის საშუალებები და ჩვენზე მეტად იციან საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ. მათ ძალიან კარგად უწყიან, რომ მიშა სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და, ზოგადად, ამ ოპოზიციური პარტიების, სინამდვილეში კი, მათ მიერვე შექმნილი მეხუთე კოლონის რეიტინგი ნულს ქვემოთაა და პულსი არ ესინჯება. ამის მიუხედავად, სულითა და გულით უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, რათა საქართველო ჩააბან უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც ზოგიერთებს ეგონათ, რომ მთავრდებოდა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ არ მთავრდება“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, უცხოელები საქართველოში აკეთებენ ტრიუკს, ეს არის ტაქტიკური სვლა, რადგან მათ კარგად იციან, რომ ქართველ ამომრჩეველს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ეზიზღება სააკაშვილი. ამიტომაც შაჰინმა აგვიხსნა, სააკაშვილის გასათავისუფლებლად და მისი „აპეკუნობისთვის“ საქართველოში არ ჩამოვსულვარო.
„ძალიან კარგად გვახსოვს ამას წინანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული აქტები, სადაც საუბარი იყო სააკაშვილის „წამებაზე“, ვითომც არასათანადოდ მოპყრობაზე, მის „უკანონო პატიმრობაზე“, მაგრამ ახლა მათ შეხედეს, რომ ამ ტრიუკებმა არ გაჭრა. გარდა ამისა, მათთვის დიდი დარტყმა იყო, როცა სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია სააკაშვილი დამნაშავედ და უარყო მისი სარჩელი, ამის შემდეგ რაღა დარჩენოდათ უცხოელებს? მათ შეცვალეს ტაქტიკა იმის შესახებ, თითქოს სააკაშვილს ისინი ყურადღებას არ აქცევენ, სინამდვილეში, სააკაშვილი მათ სჭირდებათ. თუკი ამ ხელისუფლებას გადატრიალებით შეცვლიან, ამ შემთხვევისთვის ისევ სააკაშვილი, ისევ მერაბიშვილი, ისევ კეზერაშვილი და მათი მსგავსნი უნდათ, მოიყვანონ. სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როდესაც იმავე შაჰინის სამშობლოდან ლაპარაკობენ ე.წ. ქოლცენტრების შესახებ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს ქოლცენტრები შექმნილი და თითქოს შავი ფული ტრიალებს. ეს მაშინ, როდესაც ქოლცენტრების საქმეზე ბრალი დამტკიცებული აქვს კეზერაშვილს, რომელსაც რატომღაც დაასეირნებენ ევროპის ერთი ქალაქიდან მეორეში, ოკეანის გაღმაც დაუბრკოლებლად დაბრძანდება. ამიტომ ეს არის ბლეფი, თითქოს მათ არ აინტერესებთ სააკაშვილი, ამით სურთ, წამოიკიდონ ქართველი ამომრჩეველი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არამც და არამც არ მოხდება, რადგან ქართველი კაცი მიხვდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იზიარებს იმ აზრს, რომ სააკაშვილს თანაპარტიელები სიმართლეს უმალავენ, მაგრამ ისიც საკითხავია, რატომ უნდა უთხრან ყოფილ პრეზიდენტს სიმართლე? რომ შემოტრიალდეს მიშა და დათათხოს ყველანი?! ვის უნდა ახლა მიშას მხრიდან შეურაცხყოფის მოსმენა?!
„ცუდი ამბის მოსმენა არავის აწყობს. არის კიდევ ერთი ფაქტორიც, მიშა უკვე ხელის შემშლელი ხდება ოპოზიციური სპექტრისთვის იმ მხრივ, რომ უკვე მომწიფდნენ ამ სპექტრში ახალი ლიდერები და ადგილი აღარ არის მიშასთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და, შეკითხვის საპასუხოდ, ვის ხედავს ამ სპექტრში ლიდერად, გვპასუხობს: „ლიდერის მეტი რა არის, სულ ყველა „ლიდერი“ არ არის? ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ ლიდერობას. თუ გამოუვათ ეს ლიდერობა, მაშინ ენდომებათ თვითონვე იყვნენ ხელისუფლების სათავეში და სულაც არ ენდომებათ მიშა. ხოლო თუ მიშა აღმოჩნდა გინდ თავისუფალი, გინდ ძალის მქონე, როგორიც ოდესღაც იყო, ის არ მიუშვებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების სათავეში. ის ისე დაალაგებს მოვლენებს, როგორც თვითონ აწყობს“.
იმის დასტურად, რომ თანაპარტიელები საკუთარ ლიდერს ატყუებენ, რამაზ საყვარელიძე ერთ ფაქტსაც იხსენებს, რომ სტალინიც ასე ატყუებდა ლენინს საავადმყოფოში და ყალბ ოქმებს უგზავნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ლენინი უკვე იმ მდგომარეობაში იყო, ვერაფერს დაუშავებდა. უბრალოდ, სტალინი ფიქროდა, რატომ გავირთულო ცხოვრებაო. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენი ოპოზიციაც ცდილობდეს, ცხოვრების გართულებას თავი აარიდოს და სააკაშვილის გარეშე ისურვოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა.