პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება პანკისის ხეობაში მცხოვრებ 6 პირზე გავიდა. სკანდალურ საქმეში ფიგურირებს ეროვნებით ჩეჩენი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მათ შორის უკრაინაში მებრძოლი ქართველები.
სუს-მა მიმდინარე საქმეზე, დაახლოებით, 16-ზე მეტი პირი დაკითხა. სუს-ში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით.
for.ge წერდა, რომ საქმეში არსებობს აუდიო და სატელეფონო საუბრები, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობენ ტერორისტული აქტის მომზადებაზე და განხორციელებაზე. ერთ-ერთი ვინც ამ სატელეფონო საუბარში ფიგურირებს, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს „ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი და თემურ ალასანია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ გახმაურებულ საქმეზე ბრალს წარუდგნენენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომლის პალატაში განიხილებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.
პრემიერის განცხადებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. როგორც პრემიერმა განმარტა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.
აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები თუ მოიგო“ და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები თუ გააყალბა“.
სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გივი თარგამაძის მაგალითი საკმარისზე მეტია, პრეცედენტი გვქონდა, როდესაც ოპოზიციონერ ლიდერს აფეთქებდნენ და დღეს, როდესაც ინფორმაცია მოდის, რომ ამაზე ვიღაც-ვიღაცები საუბრობენ, ბუნებრივია, პრევენცია უნდა გავაკეთოთ.
„რაც უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, გივი თარგამაძის ფაქტს ვგულისხმობ, ის მიმართული იყო ყველა შემთხვევაში ერთი ადამიანის, მაგრამ საარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რუსეთის სპეცსამსახურმა დაგეგმა, თუ სხვამ - ვისაც არ უნდა დაეგეგმა, ფაქტია, რომ აფეთქებდნენ ოპოზიციონერ ლიდერს, იმიტომ რომ, საარჩევნო გარემო დაეზიანებინათ, ხალხის აღშფოთება გამოეწვიათ და ეს მიმართული იყო ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჩემთვის ეს გივი თარგამაძის მაგალითი საკმარისზე მეტია, რადგან საქართველოში პრეცედენტი გვქონდა, როდესაც 2016 წელს ოპოზიციონერ ლიდერს აფეთქებდნენ და დღეს, როდესაც სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, რომ ამაზე ვიღაც-ვიღაცები სადღაც-სადღაც საუბრობენ, ბუნებრივი ამბავია, რომ ჩვენ პრევენცია უნდა გავაკეთოთ. პირველი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, უნდა დავდგეთ პარტიის ტრიბუნასთან და ვთქვათ, რომ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამაზე მიდის საუბარი და წინასწარ იცოდეთ. სხვათა შორის, მათ ოპოზიციონერების უსაფრთხოებასაც ამით გარკვეულწილად უზრუნველვყოფთ. მაგალითად, ლიაკა ხოშტარიას თვეში უგზავნიან 50 ათასი დოლარის ეკვივალენტის მილიონობით რუბლს და რისკი საიდან იქნება ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! ორმაგი აგენტებით გყავთ გატენილი ოპოზიცია და საიდან მოდის რისკი, საიდან ვიცით?! საუბრის იქით ინფორმაცია რომ მქონდეს ამ წუთას, გამოძიება იქნებოდა დაწყებული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ.
„ჩემი აზრით, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის გამლახავები არ არიან, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გალახა და არ დააბრალა, რომ ერთმანეთი სცემეს. ძალიან მეეჭვება, რომ ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ. გივი თარგამაძემ თავისი თავი აიფეთქა? შეთქმულების თეორიების არ მჯერა. მჯერა, რომ ასეთი სახის დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება, თუ ეს ხელისუფლებას უნდა. ასეთი ადამიანი ციხეში თუ არ აღმოჩნდება და იტყვიან, „ნაცებმა“ ერთმანეთი სცემესო, მაშინ ეს ყველაფერი გასაგებია. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება არის პირდაპირი მუქარა.
„კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, „გლობალური ომის პარტია“, ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით“ და დაჯავშნილი შუშით - ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედი არც ერთი ოპოზიციური ძალა არ არის უცხო ზეგავლენის გარეშე. აქიდან გამომდინარე, ყველა სცენარი შეიძლება იგეგმებოდეს. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა გაქვს ინფორმაცია არ უნდა შემოუშვა იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც ამ დესტაბილიზაციას გეგმავენ.
„ადამიანები, რომლებიც წარმოადგნენ საფრთხეს არ უნდა უშვებდნენ ქვეყანაში. ამიტომ, შემოსვლამდე უნდა მოხდეს პრევენცია და ეს არის უსაფრთხოების ნაწილი. თუ შემოუშვებ, მაშინ კონტროლზე უნდა გყავდეს და ამისთვის არსებობს სპეციალური სამსახურები, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორც უცხო, ისე შიდა ძალებს სჭირდებათ გარკვეული დესტაბილიზაცია, ასეთი ტიპის მოქმედება ყოველთვის შეიძლება გამოყენებული იქნას მადესტაბილიზებერ ფაქტორად. შეგახსენებთ შევარდნაძის პერიოდში ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას, რომელიც გამოყენებულ იქნა პოლიტიკურ სარჩულად და მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის საფრთხე შეუქმნა სახელმწიფოს.
ამიტომ, ყველა სცენარი ექვემდებარება განხილვას და უნდა იქნას იდენტიფიცირებული საფრთხეები ამ მიმართულებით. ადამიანები, რომლებიც საფთხეს წარმოადგენენ, ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლები, ისინი გაძევებული უნდა იქნან ქვეყნიდან, ან არ უნდა შემოუშვან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობის ინფორმირება არანაირ შედეგს არ მოუტანს ხელისუფლებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.