„ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზები მიიჩნევენ, რომ რუსები ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყონ...“

„ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზები მიიჩნევენ, რომ რუსები ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყონ...“

რუსეთსა და აფხაზეთს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 1 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური დაფინანსება შეუჩერა. საქმე სამ პირობას ეხება, რომელიც აფხაზებმა უნდა შეასრულონ და ამ პირობაში ბიჭვინთვის აპარტამენტებიც შედის, რომლის გამოც სოხუმში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აფხაზეთში მოსკოვის მხრიდან წამოსულ სასჯელს, თბილისსა და კრემლს შორის გარიგებად მიიჩნევენ. ამის პარალელურად, „ოცნების“ ხელისუფლებიდან წამოსულ განცხადებებს, საქართველოს ტერიტორიის აღდგენის შესახებ დადებითი განცხადებებით აფასებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო პროცესია და საკითხი ძალიან მგრძნობიარეა.

„ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საინტერესოა ეს პროცესები, რაც ჩვენ ვიხილეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა თქვა, სიტუაცია საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება და for.ge-სთან ინტერვიუში კავკასილოგდა კანფლიქტოლოგმამუკა არეშიძე, მოცემული სიტუაციის ანალიზს აკეთებს. არშიძის განცხადებით, სიტუაცია მართლაც საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება, ამიტომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. ის არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი აფხაზეთთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარებით მოქმედებდეს, რომელშიც საქართველოც შედის.

აფხაზებს რუსეთმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა და ის შანტაჟი, რაც ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან აფხაზებზე ხორციელდებოდა სისრულეში მოიყვანა. რა პროცესები ვითარდება ახლა აფხაზეთში და რა სცენარით შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან საინტერესოდ ვითარდება და აფხაზეთში უკვე რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული ამ მოვლენების განვითარების ირგვლივ. ერთი ვერსიით, აფხაზები მიიჩნევენ, რომ რუსები ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყონ. მეორე ვერსიით კი, რუსეთ ცდილობს აფხაზების ეკონომიკურ ანექსიას და აქედან გამომდინარე, ისეთ პირობას ქმნიან, რომ აფხაზები დაითანხმონ. მიუხედავად იმისა, რომ ორი ვერსია ერთმანეთისგან განსხვავდება, საბოლოო შედეგის მიხედვით, თითქმის ერთი და იგივეა. ყველა შემთხვევაში რუსები აფხაზებს სჯიან. ეს უკვე ფაქტია და ამის მიზეზი არის ის დამახასიათებელი პოზა, რომელშიც აფხაზები ჯერ კიდევ ქართველებთან იდგნენ. ეს არის აფხაზების ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომლის კულტივაციასაც ისინი უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ახდენენ. რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დისკომფორტი შეექმნა აი, ამ ეროვნული უმცირესობების მეშვეობით, იქნებოდა ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში თუ აფხაზეთში. რუსების ამ ქმედების შედეგად შეიქმნა ასეთი მოცემულობა, რომ აფხაზებს ყველაფრის უფლება აქვთ. ჩამოყალიბდა აფხაზების ისეთი ფსიქოტიპი, რომ ისინი ყველაფერში მართლები არიან, ყველაფრის უფლება აქვთ და ყველა მათთან არიან ანგარიშვალდებულები. ცენტრს ეპყრობიან, როგორც მეწველ ძროხას, იქნება ეს თბილისი თუ მოსკოვი, მათთვის სულ ერთია, ამიტომ მაქსიმუმს ითხოვენ ყველასგან. აფხაზეთში ასეთი ამბიცია აქვთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ისინი ნატოს საწინააღმდეგო ბლოკპოსტი არიან და მოსკოვმა უნდა მიხედოს. იმასაც ამბობენ, რომ მათ რუსულ ზღვაში დაღუპვას, ქართულ ტბაში ჩახრჩობა ურჩევნიათ. ამდაგვარი ფრაზები მათი მხრიდან უკვე ხშირია. თუმცა ახლა აფხაზებმა მიიღეს ის, რაც თხარეს. თუ თბილისთან გასდიოდათ მოსკოვის წაქეზებით ბევრი რამ, ეხლა უკვე თავად რუსებთან აღარ გაუვიდათ. ფაქტი სახეზეა, რომ მოსკოვმა ისინი დასაჯა. ამას თვითონ მოაზროვნე აფხაზები მუდმივად ამბობდნენ, სხვათა შორის ამას იგივე შამბაც გაიძახოდა, მაგრამ არ მოუსმინეს.

ხომ არ დაიწყებენ ამის გამო აფხაზები ალტერნატიული გზის ძიებას თბილისთან? ჩვენ ვნახეთ თავად აფხაზი ე.წ. მთავრობის წარმომადგენლების „ოცნების“ ხელისუფლების მისამართით დადებითი შეფასებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზები საქართველოსთან რაღაცა გზის ძიებას მოსკოვისგან დამოუკიდებლად ცდილობენ?

- მინდა, რომ ქართველმა საზოგადოებამ სწორად გაიგოს ის, რასაც ახლა თქვენი კითხვის საპასუხოდ ავხსნი. ვიცით, რომ უფასო სათაგურში ყველიც კი აღარ არის. ვთქვათ პირველი ვერსია რეალისტურია და რუსეთმა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში გავლენები დაიბრუნოს, სეპარატისტულ რეგიონების საქართველოსთვის დაბრუნებას გეგმავს. წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ. თუკი რუსეთი ამ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, ეს ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება. მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ რუსებმა ჯარი გაიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და თავისი გადაწყვეტილებების ანულირება მოახდინეს. ჩვენ ისეთ რეგიონს ვიერთებთ, რომელიც საერთოდ ფეთქებადსაშიშია, აბსოლუტურად მოუმზადებელია, რომ დანარჩენ საქართველოსთან მშვიდად იცხოვროს. გარდა ამისა, ის არის პრაქტიკულად კრიმინალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აწყობილი ისე, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადით აზროვნებს. ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნება.

თუკი მოსკოვიდან წნეხი კიდევ უფრეო გაძლიერდა და აფხაზების ეკონომიკური თვალსაზრისით შევიწროვებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, აქ, ასევე, დენის მიწოდებაზეა საუბარი, ფიქრობთ, რომ აფხაზები ოფიციალურ თბილისთან კულუარულ მოლაპარაკებებს თავად დაიწყებენ? რა უნდა ქნას თბილისმა?

- კი ბატონო, ავიღოთ მეორე ვარიანტი, რომ მოსკოვმა უარი თქვა სრულიად  აფხაზების დაფინანსებაზე და მათ დახმარებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს. დაიწყო ჩვენთან კულუარული მოლაპარაკებები, რაც აუცილებლად მოხდება, ხოლო ჩვენგან მოითხოვონ, რომ დახმარება დენის მომარაგების საკითხში გავუწიოთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამაზე წავა და თბილისი უარს ვერ იტყვის. ამას ხომ ისედაც ვაკეთებთ, რადგან ენგურის პირობები აფხაზების მხრიდან ყველანაირი სახით დარღვეულია. აფხაზები დღეს იმაზე ბევრად მეტ დენს იღებენ, ვიდრე მოლაპარაკების შემდეგ ჰქონდათ. მათ, მოგეხსენებათ, მხოლოდ 40% უნდა წაეღოთ და დანარჩენ საქათველოს სხვა რეგიონებს, ჯამში 60%. დღეს კი აფხაზეთში ისეთი მონაკვეთებია, რომელთაც უფრო მეტი მიაქვთ, ვიდრე ეს დადგენილია. თან ამ წლების განმავლობაში ამ ხალხმა თავისი ელექტრომომარაგების სისტემა ვერაფრით ვერ ააწყო. ელექტროენერგიის 30% იკარგება, იმდენად ძველი ინფრასტრუქტურა აქვთ. მხოლოდ გალშია ნორმალური ძაბვა, ხოლო რაც იქით, გაგრაში და მის რაიონში მიდიხარ, ტელეფონს ვერ დატენი ტრანსფორმატორის გარეშე, იმდენად ცვალებადია.

ანუ გამოდის, რომ საქართველო და ქართველები მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ აფხაზეთის დაბრუნება თუ მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემების მქონე რეგიონი, რომლის შენეხვაც საკამოდ ძვირი დაგვიჯდება?

- კი ბატონო, ასეა ნამდვილად, მაგრამ ჯერ ჩაბარებაზე საუბარი არ იქნება. აქ იქნება ჰუმანიტარულ აქტზე საუბარი, რომლის მეშვეობითაც დენით დახმარებას მოგვთხოვენ. საქართველო იძულებული იქნება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ეს სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჩათვალეთ, რომ ეს ელექტროენერგია დანარჩენმა საქართველომ უნდა მოიკლოს, რომ აფხაზეთს მიაწოდოს. გარდა ამისა, საბიუჯეტო ორგანოების დაფინანსებაა საჭირო. ის თანხები, რომელიც ახლა კრემლმა მათ შეუჩერა, ცოტა არ არის. ეს თანხები, დაახლოებით,  2 მილიარდ მანეთს აღწევს. ე.ი. პრაქტიკულად, ჩვენს საბიუჯეტო სახსრებს უზარმაზარი დარტყმა უნდა მივაყენოთ, რათა აფხაზების ეს დანაკლისი ავანაზღაუროთ. არაფრის გადამხდელები ეგენი არ არიან.

დენის ფულს ხომ ძალიან ჭაკად იხდიან. თან ესეთი კანონი აქვთ, რომ ომის ვეტერანი საერთოდ ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. ახლა კი ირკვევა, რომ მთელი აფხაზეთი თურმე ვეტერანები არიან. ამ ომში მე ვიბრძოდი და 3 000-ზე მეტი აფხაზი მე იქ არ მინახავს. ახლა კი ირკვევა, რომ 60 000-მდე კაცი ომის ვეტერანია. მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

ჩემი ვერსიაა ასეთი, ან საქართველოს ხელისუფლებასთან მართლა რაღაცა მოლაპარაკება არსებობს - თბილისსა და მოსკოვს შორის მიდის საუბარი, რომელიც მოვლენებს რადიკალურად ცვლის. ან მოსკოვი ცდილობს, რომ აფხაზები და მათი პრობლემები ჩვენ შემოგვტენოს, რათა საქართველოს ეკონომიკური მგდომარეობა დამძიმდეს. მე უფრო პირველი ვერსიისკენ ვიხრები. ამაში ის აქტივობა და განცახდებებიც მარწმუნებს, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ოპოზიციის ნაწილი საუბრობს, რომ საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში და მიწებს ყიდულობენ.

აუცილებლად ამ კონტექსტში მინდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით განვიხილოთ. რისი თქმა შეგიძლიათ, ვისთან აქვს ივანიშვილს კომუნიკაცია ან რა სახის გეგმაზე შეიძლება ის საუბრობდეს?

- რა თქმა უნდა, შეგვიძლია ბრჭყალები ცოტა კიდევ უფრო გავხსნათ და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რაღაცა ტიპის აქტიურობა მიდის. რამდენიმე მოსკოველი ქართველი ჩანს, რომ ამ საქმეშია ჩართული და ა.შ. მე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ეს აქტიურობა არის, თუმცა სრული ინფორმაცია რამდენიმე კაცის გარდა, ვფიქრობ, ყველას არ აქვს, მათ შორის არც მე, თუმცა დაახლოებით ვხვდები, რომ გარკვეული აქტივობები დაწყებულია და ამაში რაღაც ლოგიკაც არის. თუმცა ეს ყველაფერი მაინც თბილისსა და მოსკოვს შორის ძალიან ვიწრო პოლიტიკურ წრეზეა დამოკიდებული.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი რაიმე სახის კულუარული მოლაპარაკება მიდის მოსკოვსა და თბილისს შორის, მაშინ კრემლს ექნება კონკრეტული მოთხოვნები და პირობები. ისინი ვარაუდობენ, რომ პუტინი აფხაზეთს საქართველოს ევროკავშირის და ევროატლანტიკურ სივრცეზე უარის თქმის სანაცვლოდ დაუთმობს. რამდენად რეალურია ოპოზიციის პროგნოზი?

- თუ ჩვენ იმ ლოგიკიდან გამოვალთ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის არის შექმნილი, მაშინ საქართველოსთანაც იგივე მოთხოვნები ექნება დაყენებული, რომ ნატოში არ უნდა გავწევრიანდეთ. თუმცა აქ არ მგონია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე იყოს პრეტნეზიები. უკრაინის მიმართ ასეთი პირობა იყო დაყენებული. ვფიქრობ, რომ პუტინის აჩემებული მიდგომაა, ნატო რუსეთის საზღვართან არ უნდა იყოს. თუმცა ვხედავთ, ლამის, მთელი ბალტიისპირეთი ნატოშია, პოლონეთი ნატოს წვერი ქვეყანაა. საქართველო იქნება თუ არა ნატოში, ამას ერთი შეხედვით, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასეა. ეს ვერსია შესაძლოა დავუშვათ და მგონია, რომ აქ მხოლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე უარის თქმა იქნება მოთხოვნილი, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება.

ლევკოთეა სისულელეა ეს ყველაფერი. რუსეთს საქართველო ბუად სჭირდება აფხაზებისთვის და მანიპულირებს. ეს ცალსახაა.
ამას რომ მიხვდე, რუსული მენტალიტეტი უნდა იცოდე კარგად.
თუ რუსეთი რაიმე მცირე დათმობას გააკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზური პრობლემების დისტრიბუცია მოახდინოს საქართველოში.
ეხლა, აფხაზეთი, მისი ავადმყოფურად უმადური მოსახლეობით, არის ლამაზი დაავადებული ქალივით, მისი დაუფლება რომ მერე თავად გაგხდის სამკურნალოს და მისახედს.
რუსეთი დიდია და ადვილად აიტანს აფხაზურ ათაშანგს, ჩვენ კი, დაგვასუსტებს.
სანამ აფხაზეთის მოსახლეობა საღ აზრამდე არ მივა და მზად არ იქნება საქართველოში დასაბრუნებლად მანამდე, უაზრობაა ასე ერთი ხელიდან მეორეში მათი გადაცემა. ეგენი ჩვენზე უფრო მოკლე ჭკუისები არიან და მათ იმედად ყოფნა არაფერში გამოგვადგება.
ეს რიტორიკა ოცნებას საარჩევნო თემად სჭირდება ეს და არაა პრობლემა, თუ ვინმე ამის გამო ხმას მომისცემს. იქით ერეკლეს ძეგლის თემა კახეთის მოსახიბლად. ნაცების გაუქმების დაპირება იმ ხალხის სასიამოვნოდ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ სექტა სათანადოდ დაისჯება. იქით ეკლესიის გაძლიერება მართლმადიდებლური მრევლის მოსამხრობად. ყველაფერი საარჩევნო პათეტიკაა.
პირადად მეც ოცნებას ვაძლევ ხმას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ბოროტი და კაცთმოძულე ნაცების სხვადასხვა შტო არ მოვიდეს ხელისუფლებაში.
2 თვის უკან