„კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების წინასაარჩევნო მახინჯი სვლა - უარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებაზე“

„კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების წინასაარჩევნო მახინჯი სვლა - უარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებაზე“

რა იქნება შემხვედრი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან იმ დაუმორჩილებელი არასამთავრობოების მიმართ, რომელთაც უარი განაცხადეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებაზე?! საბოლოოდ მაინც მოუწევთ თუ არა ამ ნჯო-ებს აგენტების შესახებ რეესტრში დარეგისტრირება?!

ამ ეტაპზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად 476 განაცხადია შესული. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ, არ შეფერხდება მათი საქმიანობა და მათი დაფინანსება. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ, პირველ რიგში, საკუთარ ორგანიზაციას აყენებენ ზიანს.

ის, რომ ანტიქართული ენჯეო-სექტორი სავალდებულო რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს იტყოდა, მოულოდნელი არ ყოფილა დავით ქართველიშვილისთვის. ხალხის ძალის წევრი ამბობს, რომ ანტიქართულად განწყობილმა ნჯო-ებმა დამონსტრაციულად კანონგარეშე ყოფნა ამჯობინეს და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს - არჩევნებში კატასტროფულ მარცხს.

გამჭვირვალობის არამოსურნე არასამთავრობო ორგანიზაციები არა მარტო თვითონ არ დარეგისტრირდნენ, არამედ დააბულინგეს მოძრაობა სირცხვილიაც, რომელმაც 30 აგვისტოს გვაუწყა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდა, თუმცა მოგვიანებით სხვა არასამთავრობოებისგან განცდილი ზეწოლის შემდეგ გააუქმა რეგისტრაციის გადაწყვეტილება და აღმასრულებელი დირექტორიც შეიცვალა.

ბულინგი არა, შმულინგი, სირცხვილიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა და ხალხმაც გააკრიტიკა“, - ასე გამოეხმაურა გირჩი ზურაბ ჯაფარიძე სირცხვილიას მიერ პოზიციის შეცვლას.

რას დაუპირისპირებს სახელმწიფო კანონგარეშედ მყოფ არასამთავრობოებს?!

დავით ქართველიშვილი for.ge-ს მეშვეობით ხელისუფლების იმ უამრავ მხარდამჭერს პასუხობს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან გამჭვირვალობის შესახებ კანონის ლმობიერებით და ითხოვენ ამ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს ამ კანონის დარღვევა.

ჩვენ მწარედ ვაკრიტიკებთ უკრაინას, მოლდოვას იმ კუთხით, რომ იქ პრობლემა არ აქვთ, ერთ დღეში გააუქმონ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ციხეში ჩასვან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, გააუქმონ ოპოზიციური სპექტრის მედია საშუალებები, მათ შორის, ტელევიზია. ჩვენ ამას ვაკრიტიკებთ და არ ვეთანხმებით თამაშის მსგავს წესებს, ამიტომ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა იქნებოდა ჩვენი მხრიდან, გავყოლოდით ამ ქვეყნების გამოცდილებას. ამერიკაში, საფრანგეთში უკიდურესად გამკაცრებულია მსგავსი კანონის შეუსრულებლობა. ჩვენს კანონში კი, პირველ ჯერზე, კანონის გვერდის ავლისთვის გათვალისწინებულია დაჯარიმება, შემდგომ დაჯარიმება კიდევ ერთხელ და, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებულია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის ჩართვა იმ ნჯო-ს საქმიანობის შესასწავლად, რომელიც თავს არიდებს რეესტრში რეგისტრაციას, თავს არიდებს დაკისრებული ჯარიმების გადახდას, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ მონიტორინგის ჯგუფის კომპეტენციაა, ამა თუ იმ ორგანიზაციას დროებით გაეყინოს საბანკო ანგარიშები, ყადაღა დაედოს მათ ქონებას, შეჩერებულ იქნას მათი საქმიანობა მონიტორინგის ჯგუფის შესაბამისი დასკვნის გამოქვეყნებამდე და ეს დროში გაწერილი პროცედურაა. თუმცა ეს არ ნიშნავს არც სისხლის სამართლებრივ დევნას და არც უკიდურესად ძალადობრივ ქმედებებს, როგორც ეს ხდება საფრანგეთში. საფრანგეთის ანალოგიური კანონი შესაძლებლობას იძლევა, ფარული მიყურადება დააწესონ სატელეფონო საუბრებზე, ან სხვა ტიპის ჩარევა განახორციელონ მსგავსი ორგანიზაციის წევრების პირად სივრცეზე. ეს ყველაფერი ქართულ კანონში არ არის გათვალისწინებული, უფრო მეტიც, ქართული კანონი ამა თუ იმ ორგანიზაციას მის მიმართ გამოტანილი დასკვნის გასაჩივრების შესაძლებლობას აძლევს სასამართლო წესით, ესეც დროში გაწერილი პროცედურაა და როგორ დამთავრდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, ამის განსაზღვრა დროსა და სივრცეში ძალიან ძნელია.

დავით ქართველიშვილი არც იმას გამორიცხავს, შემდგომ პერიოდში არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვას რეესტრში დარეგისტრირების სურვილი, ხოლო თუ არ დარეგისტრირდებიან და კანონგარეშე მდგომარეობაში ამჯობინებენ დარჩენას, რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნება სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის შეჩერება. ამიტომ მათი გადასაწყვეტია, დარეგისტრირდებიან თუ არა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არიან ნაცმოძრაობის პარტიული ერთეულები. ისინი ღიად და დეკლარირებულად აცხადებენ, რომ კანონდამრღვევები იქნებიან, რადგან არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში. შესაბამისად, ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა, მისი მართლმსაჯულების და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოწვევა და, მეორე და არანაკლებ მთავარი, ეს არის იმ მახინჯი სურათის დახატვა, რასაც არაერთი არჩევნების წინ ახორციელებენ ნაც-ენჯეოები.

ეს არის აპოკალიფტური სურათი, თითქოს არც დემოკრატიული და არც თავისუფალი გარემო არაა საქართველოში, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებს ვითომც დევნის ხელისუფლება. წინასაარჩევნოდ მათთვის ეს არის ვითომ ერთ-ერთი კოზირი შავ პოლიტიკურ პიარში, მაგრამ ისევე, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში, როდესაც ის არ აპირებდა არც გირაოს გადახდას, არც კანონისთვის დამორჩილებას, მოუწევთ ამ ჯიუტ ნაცორგანიზაციებს კანონის მიმართ დაქვემდებარება. თუ არ დარეგისტრირდებიან, ბუნებრივია, 25-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. თუ ჯარიმას არ გადაიხდიან, არსებობს ჯარიმის გადაუხდელობისთვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროცედურები, რასაც ისინი აუცილებლად დაარქმევენ, თითქოს ეს არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედიის და ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიტყვის შევიწროება. ეს მავნებლური რიტორიკა ნაცოპოზიციის და მათი გარე სპონსორების მხრიდან არჩევნებამდე გასტანს, ასევე, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც მაქსიმალურად შეეცდებიან, რაც შეიძლება, მუქ ფერებში გამოვლინდეს მორიგი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები. შემდგომში კი, როდესაც მიხვდებიან, რომ ისევ და ისევ პირწმიდად წააგეს ქართულ საზოგადოებასთან, ძალიანაც კარგად გადაიხდიან ამ ჯარიმას და ძალიან კარგად დარეგისტრირდებიან. უბრალოდ, ეს არის წინასაარჩევნო პოლიტიკური მახინჯი სვლა მათი მხრიდან, რაც არ არის გასაკვირი კოლექტიური ეკა გიგაურებისა და კოლექტიური ნინო ლომჯარიების მხრიდან, რადგან წლებია, ისინი ებრვიან საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

რაც შეეხება სირცხვილიას მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად მზადყოფნას და შემდგომ ამის გადათქმას, გია აბაშიძე აცხადებს, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილია შეიქმნა იმისთვის, რომ ქუჩაში მოეწყო ექსტრემიზმი და დესტრუქცია. მცირე მასშტაბებით მათ ეს შეძლეს, მაგრამ ჩანაფიქრი, რაც მათ სპონსორებს ჰქონდათ, წყალში ჩავარდა.

თავდაპირველად სირცხვილიამ გადაწყვტა, რეგისტრაცია გაევლო, მაგრამ შეხვდათ თავისივე ე.წ. ბაბლის არნახული დამუნათება-ბულინგი, ამის შემდეგ მეორე საშიშროებაც გაჩნდა, რომ არ ექნებოდა გარე დაფინანსება მავნებელი სპონსორებისგან. შესაბამისად, სირცხვილიამ შეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ უფრო უარესი შედეგი მოჰყვა ამას, რადგან თავიანთ კლასტერში თავი დაიმკვიდრა, როგორც არასანდო, მოღალატე ორგანიზაციამ. ეს მათი პრობლემაა, ეს არ არის ქართული საზოგადოების პრობლემა. საბოლოო ჯამში, ამას წერტილი დაესმება 26 ოქტომბრის არჩევნებზე, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

 

ლაზი ერთი რამ არის გასაკვირი, რატომ ითვლება საზოგადოების აზრის გამომხატველად, ვიღაცის მიერ საკუთარი ინიციატივით დაარსებული და უცხოეთიდან, ან თუნდაც ადგილობრივად დაფინანსებული ორგანიზაცია.
რა ლეგიტიმაცია გააჩნია ამ სუბიექტებს, ფოტიგას, კრამერის და ფრიდის-კელის მხარდაჭერა? ვინ არის ეს ხალხი და რა უფლებით აწერიგებენ ჩვენს ქვეყანაში პროცესებს? ამათი გამომშვები სახელმწიფოები, ისე მიამიტები არიან, ჰგონიათ რომ ჩვენ ვერ ვხვდებით მათ მიზნებს?
ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ რაღაც დიდი ინტერესი აქვთ ამაში ჩადებული, რისი შენიღბვაც დემოკრატიის დამცველობით თეთრი ძაფით ნაკერია.
2 თვის უკან