ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 4 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია-კომენტარი სათაურით „ჩინეთისათვის, როგორც ჩანს, რუსეთზე თავდასხმის საუკეთესო მომენტი დგება: ყველა უკრაინის ფრონტზეა წასული, ვლადივოსტოკს კი მხოლოდ „ორი რუსი და ერთი ძაღლი იცავს“ (ავტორი - ჯორჯ ელისონი).
გთავაზობთ პუბლიკაცის მცირე შემოკლებით:
თუ ჩინეთი ნამდვილად არის დაინტერესებული ტერიტორიების დაბრუნებით, რატომ არ აქცევს ყურადღებას პეკინი იმ მიწა-წყალის დაბრუნებას, რომელიც რუსეთმა მე-19 საუკუნეში მიიტაცა და მხოლოდ ტაივანის მიერთებაზე ფიქრობს?
ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ძინდემ ეს კითხვა ამას წინათ დასვა... და მართალიც არის: ჩინეთისათვის, ალბათ, უფრო იოლი იქნებოდა რუსეთს დიდი ტერიტორია წაართვას, ვიდრე ტაივანზე შეიჭრას და ომი დაიწყოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად რუსეთის შეიარაღებულიძალების უდიდესი ნაწილი უკრაინის ფრონტზეა განლაგებული, ძნელი წარმოსადგენია, თუ რით გაუმკლავდება ვლადიმერ პუტინი სი ძინპინის არმიას, თუ პეკინი ჩრილოეთის მიმართულებით ლაშქრობას გადაწყვეტს. გასულ წელს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მაშინდელიმინისტრი ბენ უოლესი აცხადებდა, რომ რუსეთის არმიის 97% უკრაინაში იმყოფებაო. დღეს სიტუაცია მაინცდამაინც დიდად არ არის შეცვლილი: როცა უკრაინის ჯარების ქვედანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთში შეიჭრნენ, იქ რუსეთის რეგულარული არმიის ბრძოლისუნარიანი ნაწილები არ იდგნენ, თავდაცვის ნორმალურად ორგანიზება რომ მოეხერხებინათ. შესაბამისად, საომარ მოქმედებებში ჩაბმა ახალწვეულებს მოუწიათ, რომელთგან ბევრი ტყვედ ჩავარდა.
უკრაინაში შეჭრის წინ, 2022 წლის თებერვალში რუსეთს დაახლოებით 4780 საარტილერიო ქვემეხი ჰქონდა. ჩინეთს ამჟამად აქვს 3 ათასზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა და კიდევ 900 ისეთი ქვემეხი, რომელიც ბუქსირით გადაადგილება ხდება (საწევარას მეშვეობით, ავტომანქანაზე ან ტანკზე გამობმული) - ანუ აშკარად ბევრად უფრო მეტი იმაზე, რისი ფრონტიდან მოხსნა რუსეთს და შორეულ აღმოსავლეთში გადასროლა შეუძლია.
რაც შეეხება ტანკებს, რუსეთს დაახლოებით 2060 მძიმე ტანკი აქვს, ჩინეთს კი - 4700. საბრძოლო ჯავშანმანქანები - რუსებს 7080, ჩინელებს - 8000-ზე მეტი (თანაც უფრო თანამედროვე), პლუს 3600 ჯავშანტრანპორტიორი. მოკლედ, გამგები გაიგებს, თუ ვის მხარეზეა უპირატესობა.
ჩინეთი თავის შეიარაღებულ ძალებს ისეთი მასშტაბებით აძლიერებს, რასაც რუსეთი ვერანაირად ვერ შეედრება. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სახმელეთო ჯარები, რომელიც თითქმის მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის და რეგულარულ სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, მნიშვნელოვნად აჭარბებენ რუსეთის სახმელეთო ჯარების რაოდენობას. ასევე, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებიც შორეული აღმოსავლეთიდან მთლიანად არის გადასროლილი უკრაინის ფრონტზე.
მკითხველს რომ კარგი წარმოედგენა შეექმნას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობაზე, ვიტყვი, რომ იმ დროს, როცა მოსკოვმა საფრანგეთს ორი „მისტრალის“ აგება დაუკვეთა (2010 წელს), ჩინეთი თავისი საკუთარი ფლოტის საკუთარი ძალებით, საკუთარ გემსაშენებში მშენებლობით იყო დაკავებული. ჩინეთს არავისადმი თხოვნა არ ჭირდებოდა დახმარების მისაღებად - დაწყებული ახალი ავიამზიდებიდან, დამთავრებული თანამედროვე ნაღმოსნებითა და წყალქვეშა ნავებით.
თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს ყველაზე უკეთ ჩინური ავიაგამანადგურებელი Chengdu J-20 („შავი არწივი“) მოწმობს, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობა სრულიად ახალ, ნამდვილი მეხუთე თაობის თვითმფრინავად თვლის. ეს ფაქტი მკვეთრად კონტრასტირებს რუსეთის „სუ-57-თან, რომელიც, თავისი არსით, ათი წლის წინ შექმნილი თვითმფრინავის მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს და მეხუთე თაობის თვითმფრინავად მხოლოდ „თავაზიანობის გამო“ შეიძლება ჩაითვალოს. Chengdu J-20 ადასტურებს, თუ რამდენად დიდად არის ჩამორჩენილი რუსეთი თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩინეთთან შედარებით.
ჩინეთი, ალბათ, ჯერ კიდევ არ არის მზად ტაივანზე სრული კომპლექსური სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შეჭრისათვის, რადგან ტაივანს ზურგს აშშ უმაგრებს, მაგრამ სამაგიეროდ პეკინს არაფერი ხელს არ უშლის რუსეთს თავს დაესხას და მისი ხმელეთის ნაწილი დაიკავოს.
ვლადიმერ პუტინი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მშვენივრად აცნობიერებს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი ვლადივოსტოკის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ვლადივოსტოკში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბ-ბინაა განლაგებული. ვლადივოსტოკი ითვლება აგრეთვე რესურსებით მდიდარი არქტიკის საზღვაო ჭიშკრად (კამჩატკისა და ბერინგის სრუტის გავლით). საერთოდ, ხაბაროვსკის (ამურისპირეთის), უსურიის მხარეები და კონკრეტულად, ზღვისპირეთის მხარე, სადაც ვლადივოსტოკი მდებარეობს, დიდი ხანი ითვლებოდა რუსეთ-ჩინეთის სადაო ტერიტორიად. პრეტენზიები გაჩნდა მე-19 საუკუნეში, როცა ცინთა დინასტიამ რუსეთს ე.წ. „მეორე ოპიუმის ომის“ შედეგად თავისი მიწის დიდი ნაწილი რუსეთს დაუთმო. მართალია, იმ დროიდან მრავალი ათეული წელი გავიდა და სასაზღვრო-ტერიტორიული დავის გადასაწყვეტად ხელშეკრულებებიც გაფორმდა, მაგრამ ბევრი ჩინელი ნაციონალისტი აღნიშნულ ტერიტორიებს, ვლადივოსტოკის ჩათვლით, ჩინეთისათვის უსამართლოდ წართმეულად მიიჩნევს.
ბოლო წლებში ოფიციალური პეკინი შეუმჩნევლად, მაგრამ დამაჯერებლად მხარს უჭერს ამ იდეის რეალიზებას. 2023 წლის აგვისტოში ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოაქვეყნა რუკა, რომლის მიხედვით, რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე, მდინარე უსურში არსებული „უსურის დიდი კუნძული“, პროვოკაციულად მთლიანად ჩინეთის საზღვრებში იყო მოქცეული. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინათ დადებული ხელშეკრულებით, კუნძული ორად იქნა გაყოფილი [სხვათა შორის, სწორედ მდინარე უსურში მდებარე კიდევ ერთი კუნძულის - დამანსკის გამო მოხდა 1968 წელს სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტი].
რუსების უფრო ადრინდელ ვერსიებზე შორეული აღმოსავლეთის ტოპონიმიკა ჩინურით არის შეცვლილი, რაც პეკინის პრეტენზიებს მიანიშნებს.
ჩინეთმა გამოაცხადა, რომ „არქტიკისპირა სახელმწიფოს“ წარმოადგენს და სულ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს არქტიკის საკითხების მიმარ, თან ყურადღებით უყურებს ჩრდილოეთი საზღვაო გზის მოქმედებას რუსეთის არქტიკული ნაპირის გასწვრივ. თუ ჩინეთი ვლადივოსტოკის გაკონტროლებას მოახერხებს და წყნარ ოკეანეში თავის გავლენას გააძლიერებს, ამით გაიიოლებს ჩრდილოეთის საზღვაო გზის ხელში ჩაგდებასაც, რომელიც აზიიდან ევროპამდე მანძილს დაახლოებით 40%-ით ამცირებს.
თუ ვინმეს კიდევ ერთი მტკიცებულება ჭირდება იმის დასტურად, თუ როგორ ექვემდებარება რუსეთი თანდათან ჩინეთს, გაიხსენეთ ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელი ნათქვამი ტუვის ქალაქ ყიზილში, მონღოლეთში ვიზიტის წინ: რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი „ბავშვები“ (ქალიშვილები) თავისუფლად ფლობენ ჩინურ ენას. ზოგს შეიძლება მისი ნათქვამი უბრალო ფრაზად მოეჩვენოს, მაგრამ მასში აშკარად ჩანს ღრმა ქვეტექსტი იმ ადამიანისაგან, რომელიც თითქმის არასოდეს არაფერს ამბობს საკუთარ ოჯახზე.
რას მიანიშნებს ასეთი მომენტები? შეიძლება ვლადიმერ პუტინი უკვე ფიქრობს და ხედავს, თუ საით უბერავს ქარი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში...
იმის კვალობაზე, რომ ჩინეთი განუხრელად აძლიერებს თავის გავლენას რუსეთის შორეულ აღმოსავლეტში და მის მიღმაც, იდეა, რომ რუსების შემდეგი თაობა თავისუფლად ილაპარაკებს ჩინურ ენაზე, პრაქტიკულ-სიმბოლურ წონას იძენს. ეს არის ჯერ კიდევ ნაკლებად სესამჩნევი, მაგრამ ნათელი მაჩვენებელი იმ ლანდშაფტის შეცვლისა, რომელშიც რუსეთი, ოდესღაც ძლევამოსილი მსოფლიო „დერჟავა“, სულ უფრო ხშირად ასრულებს ჩინეთისათვის „უმცროსი პარტნიორის“ როლს. არ არის გამორიცხული, რომ პუტინის „ბავშვებმა“ უფრო ადრე დაიწყეს ადაპტირება ახალი რეალობის მიმართ, ვიდრე სხვა ცნობილი რუსი პოლიტიკოსების შვილებმა.
ჩინეთის გზა წყნარი ოკეანის რეგიონში სულ უფრო დაუბრკოლებლად მოჩანს. დიდი ალბათობით, პეკინი შექმნილი სიტუაციით ისარგებლებს.