რა იქნება კურსკის ოპერაციის სამხედრო და პოლიტიკური ფასი? - ამ ეტაპზე რუსეთმა მოახერხა და უკრაინის წინსვლა კურსკში შეაჩერა, თუმცა პუტინი იმუქრება და ამბობს, რომ უკრაინა ამისთვის სათანადო პასუხს მიიღებს. პუტინი ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერება უნდოდა, თუმცა მოლაპარაკება ახლა, ამ ვითარებაში არ განიხილება. უკრაინის ათობით დასახლება ბოლო დღეების განმავლობში რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, არაერთ რეგიონში მოსახლეობას დენისა და წყლის მიწოდება შეეზღუდა.
სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, ორივე მხარე კურსკის რეგიონში საბრძოლო სიმაგრეებს აშენებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების ყველაზე დიდი შეჭრა, არც მცირე ოპერაცია აღმოჩნდა, არც უბრალოდ სამხედრო რეიდი, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ, თუმცა პუტინი ამ სიტუაციას არ იმჩნევს და საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ ემზადება. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში შეიტყუოს და ხაფანგში აღმოჩნდნენ.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტრი ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ კურსკის რეგიონში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქვე აღიარებს, რომ პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებებზე რუსები შეტევას წარმატებით ახორციელებენ.
„კურსკის ოპერაცია ასრულებს თავის ამოცანებს და ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. რაც შეეხება პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებით არსებულ სირთულეებს, მიგვაჩნია, რომ კურსკის ოპერაციამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე კურსკში ორივე მხარე მყარად დგას, თუმცა რუსეთმა მოახერხა და უკრაინის წინსვლა ამ ეტაპზე შეაჩერა. ასევე ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს კურსკში მიმდინარე მოვლენები არ შეიმჩნიოს და მისთვის სამხედრო სტრატეგიის მხრივ ნაკლებად მნიშვნელოვან ტერიტრორიაზე მოლაპარაკებები არ აწარმოოს. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კურსკის ოპერაცია სამ მნიშვნელოვან ამოცანას მაინც ასრულებს.
„ამ ეტაპზე მართალია კურსკში მიმდინარე ოეპრაციას პუტინი ცდილობს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს, თუმცა კურსკის დაკავება უკრაინელებმა მოახერხეს და მთელს მსოფლიოს აჩვენეს, რომ რუსეთი არც ისეთი უძლეველია, როგორადაც ჩანს და მისი ტერიტორიების ოკუპაციაც შესაძლებელია. ეს კი, ბუნებრივია, თავის ფსიქოლოგიურ გავლენას რუსეთის მოსახლეობაზე ახდენს. ასევე უკრაინის საბრძოლო მოქმედებების კონტექსტიდან გამომდინარე, მოსახლეობის პატრიოტული სულის ამაღლება ხდება და იმის ჩვენება, რომ უკრაინის დანაყოფებს მსგავსი ოპერაციის ჩატარება რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია. თუმცა ამის მიუხედავად, დონბასის მონაკვეთზე ეს ნაკლებად შეიმჩნევა, რადგან რუსები ფრონტის ხაზის გარღვევას ახერხებენ. განსაკუთრებით დონეცკის ფრონტზე სახიფათო მდგომარეობაა. ალბათ, ახლა უკრაინელები შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევა განახორციელონ ზაპროჟიეს ფრონტის კუთხიდან. ამით კი ეცდებიან კურსკის და ზაპროჟიეს მიმართულებაზე პლაცდარმი შექმნან და კურსკში პოზიციები კიდევ გაიმყარონ. ვფიქრობ, ამის პარალელურად პუტინი მოქმედებას დაიწყებს და რუსეთში ფარულ მობილიზაციას გამოაცხადებს. ალბათ, კურსკის გაწმენდას ამ ძალებით შეეცდება“, - ამბობს მაისაია.
რაც შეეხება პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებით არსებულ მძიმე სიტუაციას და ზელნსკის განცახდებას, რომ კურკსკში განვითარებული მოვლენები ამ სურათს შეცვლის, მაისია ამბობს, რომ ზელენსკი ამით ცდილობს ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენოს და რუსეთის შეტევას ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს. თუმცა სამხდერო ანალიტიკოსი ამბობს, რომ სიტუაცია არ არის ამ მიმართულებებზე სახარბიელო და რუსები ცდილობენ ოპერატიული უპირატესობა ხელთ იგდონ.
„ფაქტია, რომ პუტინს კურსკის ტერიტორია ნაკლებად ანაღვლებს. ეს მის განცხადებებშიც ჩანს. იქნება თუ არა ის ოკუპირებული, როგორც ჩანს, ნაკლებ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეორე მხრივ, რუსები ეცდებიან, რომ კურსკში უკრაინელებს მახის მსგავსი მოუწყონ და მსხვილი ძალების ალყაში მოქცევა მოახერხონ. თუკი ეს შეძლეს, ისინი კურსკიდან სუმის ტერიტორიის ოკუპაციას შეეცდებიან. პუტინი კურსკის დაკავებას დროებით მოვლენად მიიჩნევს და მის გაწმენდას ფრთხილად შეეცდება. თანაც ფიქრობს, რომ არასდ არ ეჩქარება და კურსკის დაკავებით მას არცთუ დიდი ზარალი მიადგა. ისე გამოდის, რომ პუტინი რუსეთის გენერალიტეტს აძლევს მითითებას, რომ კურსკში მიმდინარე პორცესი ნაკლებად შეიმჩნიონ და დონბასის მიმართუელბა არ შეასუსტონ. როგორც ზელენსკი, ისე პუტინი ომის ფსიქოლოგიით თამაშობენ. პუტინი არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ ვერ მიმხვდარიყო კურსკი რაში სჭირდებათ და რუსეთზე რა სახის დაწოლისთვის იყენებენ“,-ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, რადგან უკრაინას ნაკლებად ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარ ტერიტორიაზე კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, ალტერნატიულ სუსტ წერტილად კურსკი ჩანდა. ამიტომ მას დაარტყეს და რუსულ ტერიტორიაზე შექმნეს პლაცდარმი, რადგან შემდეგ სავაჭრო ჰქონოდათ. ამ ეტაპზე პუტინი ამას მშვენივრად მიხვდა და მის შემჩნევას არ აპირებს.
„ის, რაც ახლა უკრაინამ გააკეთა, ესეც საბჭოთა კავშირის ძველი მეთოდიკაა. უკრაინელები არაფერ ახალს არ აკეთებენ. მართალია ეს ხდება დასავლელი ინსტრუქტორების დახმარებით, მაგრამ ისინი აქ საბჭოთა კავშირის მეთოდს იყენებენ. აქედან გამომდინარე, დიდი გასაკვირი ამაში არაფერია. პუტინს აქვს საშუალება რომ სექტემბერ - ოქტომბერში რუსები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ის მსხვილი შენაერთები, რომელიც უკრაინელებმა კურსკში გადაისროლეს, ხაფანგში მოახვედრონ, მათი განადგურება მოახდინონ და შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ. ბუნებრივია, ამ გაწვრთნილი და მომზადებული დანაყოფების ალყაში მოხვედრა ძალიან მძიმე იქნება. თუმცა უკრაინელები თავისას ცდილობენ და ისინი კურსკში პოზიციების შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდებიან. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, პუტინი რომ გარკვეულ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, ეს ფაქტია“, - ამბობს მაისაია.