ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბარში.
დეპუტატი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან. იცით, რომ ევროკომისარის მხრიდან დამუქრებაც იყო. საქმეა აღძრული, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოაწყონ ან დაკვეთა შეასრულონ „ნაცმოძრაობის“ იმ ზონდერებმა და მკვლელებმა, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელ მსოფლიოში. სიტუაციას ვაზღვევთ“, - აღნიშნა ზარქუამ.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.