ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის შეხვედრა ხელშესახები პროგრესის მომტანი იქნება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების კუთხით, მაგრამ როგორც მოსკოვში, ისე კიევში თანხმდებიან, რომ ალასკაზე მოლაპარაკებები პუტინის გამარჯვებაა. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
ამასთან ერთად, გამოცემის მტკიცებით, რუსეთის, როგორც „კეთროვანი სახელმწიფოს“ სტატუსის შესუსტება, დასავლეთში ნატოს წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, რაც მოსკოვის დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს. ტრამპმა კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გადადო.
„სანქციების მაგივრად პუტინმა მიიღო სამიტი“, - ციტირებს გამოცემა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს რიგორ ნიჟნიკოვს. „ეს პუტინის დიდი გამარჯვებაა, სამიტის შედეგების მიუხედავად“.
როგორც რუსეთში კარნეგის ევრაზიული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ტატიანა სტანოვაიამ განაცხადა, უკრაინის გარშემო სამშვიდობო შეთანხმება პუტინის მიზანს არ წარმოადგენს. „მისი მიზანია ტრამპის ნდობა მოიპოვოს, რათა რუსული წინადადებები წინ წაწიოს“, - დასძინა მან.
მისი თქმით, პუტინისთვის აღნიშნული შეხვედრა „ტაქტიკური სვლაა, რათა ვითარება თავის სასარგებლოდ გადატეხოს“.