საარჩევნო ბარიერთან ახლოს რომ არიან და გადალახავენ თუ არა, ჯერ კაცმა რომ არ იცის, ასეთი პარტია რომ იმატებს ერთპროცენტიანი რეიტინგის ადამიანს, ჰგონიათ, რომ 1 % ავტომატურად ემატება [პარტიას] და სინამდვილეში, საარჩევნო არითმეტიკა ასეთი არ არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილის პარტია „ლელოსთან“ შეერთებასთან დაკავშირებით.
„ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ და მაყურებელსაც გავუმხილო, სანამ პარტიები შეერთდებოდნენ, არ დავკონკრეტდები, ბოლომდე არ გავშლი კარტებს, მათი რეიტინგების ჯამი უფრო მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. ახლა რა ჰგონიათ იცით, რომ საარჩევნო ბარიერთან ახლოს რომ არიან და გადალახავენ თუ არა, ჯერ კაცმა რომ არ იცის, ასეთი პარტია რომ იმატებს ერთპროცენტიანი რეიტინგის ადამიანს, ჰგონიათ, რომ 1 % ავტომატურად ემატება [პარტიას] და სინამდვილეში, საარჩევნო არითმეტიკა ასეთი არ არის. აქ ხდება ასე დავარქვათ, გარკვეული „მოკლე ჩართვა“. ერთი პროცენტია მარგველაშვილის მომხრეები, თუ ვინმე ჰყავს ასეთი, ნულოვანია პრაქტიკულად მისი რეიტინგი და ე.წ. „ლელოს“, სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის რეიტინგი ერთმანეთს არ ემატება, პირიქით - შეიძლება დააკლდეს. ამასაც გავამხელ, რომ როდესაც რუბლებით დაფინანსებული „დროა“ „ნაცმოძრაობის“ ოფიციალურ დანამატთან შეერთდა, ჯამური რეიტინგი [პარტიების] შეერთებამდე უფრო მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. დააკლდათ. მანამდე უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ბარიერის გადალახვის, ვიდრე - დღეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.