რამდენი რადიკალური ზომაც იქნება, უნდა გვახსოვდეს, ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი, რომ აქ არიონ სიტუაცია - მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ფინანსურ სანქციებზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ყველა ამგვარი ქმედება იქნება საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში და საარჩევნო პროცესში ჩარევა.
„დიახ, ჩვენი ოპოზიცია მაშველ რგოლს ელოდება გარედან. ყველა ამგვარი მოქმედება იქნება საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში და საარჩევნო პროცესში ჩარევა. ახლა კიდევ უფრო რადიკალური ზომები რამდენიც იქნება, უნდა გვახსოვდეს ყველაფერი არის ოპოზიციისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი. არ გამოვრიცხავ, თუმცა მათი მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციები აქვს დაწესებული. 2 მილიარდს
რომ გაუჩერებ, უფრო მეტი სანქცია წარმოუდგენელია. მე ფინანსურ სანქციებს ვერ დამიწესებენ. ბანკის კრედიტზე თუ დამიწესებენ სანქციას დიდი სიამოვნებით მივიღებ, რამდენიმეთვიანი შეღავათი თუ მექნება არჩევნებამდე, ორი თვე დავისვენებ კრედიტისგან. ვერ დამიწესებენ ასეთ სანქციებს. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, არ ვიცით ვინ არის ასეთი ადამიანი, იმიტომ რომ ცნობილი არ არის.
რამდენი განცხადებაც და რამდენი მსგავსი მოქმედებაც იქნება (წინასწარ არავინ იცის იქნება თუ არა) ყველა იქნება ოპოზიციისთვის გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომ მათ არიონ საქართველოში სიტუაცია. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, რომ ნუ ჩაერევიან ქართველი ხალხის არჩევანში. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისით, ვინ უნდა თავის ხელისუფლებაში და სხვამ არ გადაწყვიტოს, რომ მათი აგენტები უნდათ მაინცდამაინც“, - განაცხადა მდინარაძემ.