კოშმარი - სიზმარი, რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან. ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას, ექსტრემალურ ხიფათში ყოფნის განცდას, ტკივილის შეგრძნებას ან ვარდნის, ხრჩობისა და სიკვდილის გრძნობას. ასეთი სიზმრები შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკურ მიზეზებთან, როგორიცაა მაღალი სიცხე, სახით ბალიშისაკენ მდგომარეობაში ძილი, ან შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქოლოგიურ მიზეზებს, როგორებიცაა მაგალითად ფსიქოლოგიური ტრავმა ან სტრესი, მაგრამ ასევე შეიძლება არ არსებობდეს ამ ყველაფრის აშკარა გამომწვევი მიზეზი - ასეთია პრეზიდენტისეული კოშმარის ვრცელი განმარტება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ანალიზი კი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პრეზიდენტს მძიმე პერიოდი აქვს, რაც გამოიხატება კოშმარში და ალბათ, ამით აიხსნება ბოლო პერიდში პრეზიდენტის ლექსიკონში ახალი სიტყვა - კოშმარი. არსებული ინფორმაციით პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია ნამდვილად უმზადებს ამ ქვეყანას კოშმარს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს და ამის შესახებ განცხადებას ორბელიანების სასახლეში სპეციალურად მომზადებული სცენიდან გააკეთებს, რასაც ქვეყანაში უნდა მოჰყვეს რადიკალური პროცესები, კერძოდ კი ქუჩის აქციები და ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალება. თუმცა, რამდენად შეძლებს ამას გარე ძალების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, რთული სათქმელია.
პრეზიდენტთან და რადიკალებთან ერთად ემზადება სუს-ი, რომელიც ხმაურიანი დაკავებებისთვის ემზადება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ომს უცხადებს პარტნიორებს, მოსახლეობას, პოლიტიკურ ძალებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს გაამართლოს, რომ „რუსული კანონი“ არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. მისივე თქმით, სჯერა, რომ მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე და ის ენდობა ქართველ ხალხს, ამასთან, მან მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს, რომ პროცესი აკონტროლონ, უნდა იყონ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს.
„ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და იგივე თქვას ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით. ეს არის გზა საქართველოს სტაბილურობისაკენ. მე არ ვარ მათ შორის, ვინც ამბობს: „აბა, ვნახოთ, რა იქნება არჩევნებზე და მეორე დღეს ვნახოთ, რა იქნება ქუჩებში“. არა, რაც მოხდება, მოხდება არჩევნებზე, ბიულეტენებში. ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასიური გამოხატვის წინააღმდეგ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მოახდენს თუ არა ზურაბიშვილი ზეგავლენას არჩევნებზე და პოლიტიკურ პროცესებზე? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ქვეყანაში ვერ მოახდენს, მაგრამ ქვეყნის გარეთ შეიძლება მოახდინოს.
„პრეზიდენტმა, შეიძლება, ქვეყნის გარეთ მყოფ ადამიანებს უთხრას - „მიშველეთ, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დამეხმარეთ“. ფაქტობრივად, არ ერიდება ამას. მათ თუ აწყობთ საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირება, შეიძლება, გამოიყენონ პრეზიდენტის ეს განცხადება. თუკი ზოგადად შევაფასებთ, მათი განწყობები ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს. ხელისუფლება ღიდ კი ამბობს, რომ იყო მუქარა, მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი და უცხოელები იღიმიან - რის მუქარა, რა მუქარაო. ამ დროს ხელისუფლება ამბობს, რომ იყო გადატრიალების საფრთხე და ბუნებრივია, რომ წინასწარ არავინ გეტყვის გადატრიალებას გიპირებთო.
2003 წელს არავის გამოუცხადებია გადატრიალება, ისე გადაატრიალეს. ამ ფონზე თუკი სიფრთხილე მოუნდება ადამიანს, შეიძლება დაფიქრდეს და იყოს ფრთხილად, მაგრამ თუკი შეტევა მოუნდება, ყველაფერს გამოიყენებს და შეუტევს. ზურაბიშვილს კი შეტევა უნდა. ეს ხომ ის ხელისუფლებაა, რომელმაც ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა და ბუნებრივია, რომ ზურაბიშვილს ანგარისწორება სურს.
მაგრამ არის კიდევ უფრო დიდი ანგარიში და შეიძლება იგივე დასავლეთი, რომელიც, სავარაუდოდ, აქ გადატრიალებას აპირებს და აქვს შანსი, რომ ზურაბიშვილს შეუთანხმდნენ და გააკეთებინონ ეს განცხადებები, ზურაბიშვილიც გააკეთებს, რა უშლის ხელს? საერთოდ კაპრიზიანი ქალია.
ამიტომ, ბევრს არც გაკვირვებია, რომ ზურაბიშვილმა ზნე შეიცვალა და გადავიდა შეტევაზე იმათ მიმართ, ვინც მოიყვანა საპრეზიდენტო სავარძელში. თავის დროზე ექსპერტები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ ზურაბიშვილი ბევრ სირთულეებს გაგიჩენთო და გააჩინა კიდეც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება სამზადისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ასეთი სამზადისი ნამდვილად მიმდინარეობდეს.
„სამწუხაროდ, არ ვიცი მომზადება ვინმესთან ერთად ხდება, ვინმეს დავალებით, ხელშეწყობით თუ თვითონ ზურაბიშვილის ფანტაზია არის ასეთი, რომ მეორე დღეს დადგეს და ასეთი განცხადება გააკეთოს, ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის, რომ აქამდე მივიდეს ზურაბიშვილი, რადგან განცხადებებს მცირე პორციებით ისედაც აკეთებს ხოლმე. ასე რომ, პრეზიდენტისგან არ არის სურპრიზები გამორიცხული, ისევე როგორც უცხოელების მხრიდან.
მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილის მოვლენა არ იქნებოდა ფენომენი, რომ არა ამ უცხოელების შეძახილები. უცხოელების მხარდაჭერით აგრძელებს იგივე ხაზს. ვნახოთ, დანარჩენი უკვე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუკი უცხოელების ხელისუფლებასთან დაპირისპირების ასეთი სწრაფვა განხორციელდება, აყვება ამას. მაგრამ თუ რაიმე მიზეზებით მათ უკან დაიხიეს, შეიძლება ზურაბიშვილმაც დაიხიოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად იქნებიან. როგორც პარლამენტის წევრი აცხადებს, საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და ვინც ქვეყნის გადარჩენაში და ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს უშლის, მათთვის „ქართული ოცნება“ სწორედ „კოშმარი“ იქნება.
„კითხვის ნიშნის ქვეშ არაფერი არ დგას. ჩვენი საგარეო ვექტორი უცვლელია. საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და დიახ, ყველასთვის კოშმარი ვიქნებით, ვინც ქვეყნის გადარჩენაში და ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს გვიშლის. კი, სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით. ამ კოშმარს ნამდვილად ავუხდენთ და ჩვენ გავხდებით ის ძალა, რომელიც ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ, გადავარჩენთ ამ ქვეყანას, დავძლევთ იმ გამოწვევებს, რაც გააჩნია, გავიყვანთ სამშვიდობოზე და მივალთ ევროკავშირის კარამდე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობას სკეპტიკურად უყურებს იაგო ხვიჩია. როგორც „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, ოპოზიციონერობა რომ უნდოდეს, ბერკეტები აქვს და წარმატებით გამოუვიდოდა, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ხედავს.
„ვიღაცას ცოლ-ქმრის ჩხუბი ნამდვილი ეგონაო. მეც ზუსტად ასე ვარ „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ჩხუბზე, რადგან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილში იმდენი ინვესტიციაა ჩადებული, ვერ წარმომიდგენია, სალომე ზურაბიშვილი მასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდეს. სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერობა რომ უნდოდეს, ბერკეტები აქვს და წარმატებით, ეფექტურად გამოუვიდოდა, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. მის დამოუკიდებლობას სკეპტიკურად ვუყურებ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.