სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი. მათ შორის იმ უცხოელებმაც იციან ვისი აგენტია სალომე ზურაბიშვილი, აქედან გამომდინარე მის ნათქვამს საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს არც ოპოზიციისთვის, არც უცხოელებისთვის და მითუმეტეს არც ქართველი ხალხისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და მარიონეტი, შესაბამისად მის ყველა განცხადებას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი.
რაც შეეხება სიტყვა „კოშმარს“, მას სიტყვა გაექცა რეალურად. არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იგივე სიტყვებით, როგორც საუბრობენ სხვა აგენტები. ეს „კოშმარი“ არის უცხოელი აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს ქართული ოცნების მიმართ.
სალომე ზურაბიშვილს მე არ ვურჩევდი, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ამით ის შიფრავს დამატებით საკუთარ როლს.
თქვენ იცით, ვინ იყენებს ამ ტერმინებს, კონკრეტული უცხოელები, თავადაც აგენტები იყენებდნენ ხშირად ამ ტერმინს „კოშმარს“ და ახლა იგივე გაიმეორა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი, მან თავადვე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, როცა მას მიმართა სარჩელით და ეს არის ის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. ერთადერთი რის ხარჯზეც ის ფორმალურად ინარჩუნებს პრეზიდენტის თანამდებობას არის „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა. შესაბამისად მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და ერთი რიგითი მარიონეტი.
არსებითად რაც ხდება, ეს არის კოორდინირებული მოქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ამაში არიან ჩართული სწორედ აგენტები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.