კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი დღეს არის დაახლოებით 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისათვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება და ასეთი [თავდასხმა ოპოზიციურ ლიდერებზე] ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან.
პრემიერს ჰკითხეს, რა ინფორმაციას ფლობს ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რამაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება გამოიწვიოს და თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.
„ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება. თქვენ გახსოვთ რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოცდილებაც არსებობს. ასეთი საუბრებიც არსებობს ოპოზიციური პარტიების შიგნით, რაზეც მრავლად მოგვდის ინფორმაცია. ოპოზიცია არის დასუსტებული და იქიდან მარტივად, საცერივით გამოდის ინფორმაცია. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი. სხვადასხვა პარტიაში თან, არა მარტო „ნაცმოძრაობაში“. მიზეზი მარტივია, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი დღეს არის დაახლოებით 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისათვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება და ასეთი [თავდასხმა ოპოზიციურ ლიდერებზე] ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა კობახიძემ.