„თბილისის შუაგულში ჩატარებულ კონფერენციას ერთადერთი დატვირთვა აქვს - მოამზადოს საზოგადოება რევოლუციისთვის“

„თბილისის შუაგულში ჩატარებულ კონფერენციას ერთადერთი დატვირთვა აქვს - მოამზადოს საზოგადოება რევოლუციისთვის“

თითის ქნევა, ჭკუის დარიგება, შანტაჟი და პირდაპირი მუქარა - ასე აფასებს მმართველი გუნდი თბილისში მიმდინარე „საერთაშორისო კონფერენციას“, რომელსაც დასავლელი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ასევე ექსპერტები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ, რომელსაც „ოცნების“ შეფასებით პირდაპირ წინასაარჩევნო პროპაგანდის სახე აქვს და კონფერენციაზე ჩამოსული პოლიტიკოსები ქვეყნის შიდა საქმეებში ღიად ერევიან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ, შიდა ძალებთან ერთად, გარე ძალები შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე გავლენა მოახდინონ და ეს კონფერენცია ამის ნათელი მაგალითია.

„ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელის დამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას და რასა იუკნევიჩიანეს და დევიდ კრამერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არც რასა იუკნევიჩიანე და არც დევიდ კრამერია ევროკავშირი და ამერიკა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის.

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი კი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„იმედი მაქვს, აშშ დააწესებს პერსონალურ სანქციებს, მინდა EU-მაც მიიღოს ანალოგიური ზომები“, - აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.

კრამერი პირდაპირ ამბობს, რომ მომხრეა ტარგეტირებული, მიზანმიმართული სანქციების იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებისა და ამოქმედების გამო.

ის ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილზეც და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ერთდროულად სასაცილოს და შეურაცხმყოფელს უწოდებს.

კრამერი პირდაპირ მოითხოვს, რომ „ოცნების“ დამფუძნებელს სანქციები დაუწესდეს.

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ურჩევს საკუთარ ქვეყანას მიხედონ და საქართველოს შიდა საკითებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

„ამ კონფერენციაზე ჩამოიყვანეს ყველა, ვინც ლუზერია, ვინც გაგდებულია თანამდებობიდან, მათ შორის დასავლეთიდან და ვინც ევროპარლამენტს მიღმაა. ფოტიგა ჰყავდათ გამოყვანილი. ბიჭო, გადავირიე, საკუთარმა ხალხმა არ აირჩია, პარლამენტს მიღმა დარჩა და აქ მე მორალს მიკითხავს. ის დანარჩენები კიდე, საკუთარ ქვეყანაში ტყვიას ესვრიან პრეზიდენტობის კანდიდატს, პოლიტიკური დევნა გაქვთ, ერთმანეთს ეომებით და მოდიხარ შემდეგ და საქართველოს მთავრობას, რომელიც, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებში თავისუფლების ინდექსით, მედიათავისუფლებით, კანონის უზენაესობით, ნატოს ქვეყნებს უსწრებს და ევროკავშირის ქვეყნებს და თქვენ ამის შემდეგ ენა შემოგიბრუნდებათ?! და რატომ იცით? იმიტომ რომ, დაქირავებულები ხართ, ასე უნდა ილაპარაკოთ. ამიტომ, ნულია ფასი თქვენი სიტყვის და თქვენი წინადადების, არც გვაინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი დასავლელი პოლიტკოსები იღებენ. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ესენი არიან ევროპარლამენტარები, ანალიტიკოსები და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არც კი ფარავენ.

 „ამ კონფერენციაზე, რომელიც უკვე ყოველ წელს სექტებერში, თბილისში ტარდება, ადამიანების ის კატეგორია ჩამოდის, რომლებსაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ქება-დიდებისთვის აფინანსებდა. ისინი სააკაშვილის ლობირებაში ჰონორარს იღებდნენ და ამას ძირითადად უშიშროების საბჭო და მისი ხელმძღვანელი ბოკერია აკეთებდა. ბოკერია ამ ხალხის მოსყიდვისთვის ყოველწლიურად, ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონს ხარჯავდა. ასეთი ადამიანების მოქრთამვით იღებდნენ იმ მხარდაჭერას, რაც დასავლეთიდან, კრამერების, კუბილიუსების, ჟიგიმანტასების და ფოტიგების სახით ჰქონდათ. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან გაგდების მიუხედავად, ამ ხალხისთვის პარტიის ბოსების მხრიდან ამ ჰონორარების დარიგება გრძელდება. „ნაცმოძრაობამ“ საქართველოდან იმდენი ფული წაიღო, რომ ტელევიზიებიც აქვთ და მსგავსი პოლიტიკოსების სახით ლობისტებს ისევ ინახავენ, რაც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სჭირდებათ. თუ თბილისში კონფერენციაზე ჩამოსული ამ ხალხის განცხადებებს მოვისმენთ, ამაზე კარგი მტკიცებულება სხვა საჭიროც აღარ არის“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ამ კონფერენციამ წელს უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა, რადგან 2 თვეში არჩევნებია. ახვლედიანი ამბობს, რომ მან თითქმის ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის სახე მიიღო და ეს ადამიანები პირდაპირ ოპოზიციის საარჩევნო მარათონში არიან ჩართულები.

„როდესაც რასა იუკნევიჩიანესი ამბობს, რომ თითქოს ისინი საქრათველოს მოსახლეობსი მაგივარდ ვერ იმოქმედებენ და ქვეყანაში ცვლილებები ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია, ეს არის პირდაპირი მოწოდება იმაზე, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს. მოსახლეობას პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოუწოდებენ. როდესც მარკეტა გრეგოროვა, რომელიც ევროპარლამენტარიც აღარ არის, თავს მაინც უფლებას აძლევს ჭკუა გვასწავლოს, ამბობს, რომ საქართველოში თურმე არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და ამას ყველა უნდა შევეგუოთ. მათ უკვე კონკრეტული გეგმა გაამხოვანეს, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს. რა თქმა უნდა, ამის მერე, მათი სცენარით, ქართველი ერის აღშფოთება უნდა მოჰყვეს და ქუჩაში ხალხი კომბლებით უნდა გამოვარდეს. ეს არის ამ კონფერენციის მთელი შინაარსი, რომელზეც ღიად საუბრობენ.

თბილისის შუაგულში ჩატარებულ კონფერენციას ერთადერთი დატვირთვა აქვს, რომ მოამზადოს საქართველოს საზოგადოება მომავალი რევოლუციისთვის. ასევე მხარდაჭერა გამოუცხადონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც გამჭვირვალობის კანონის გამო სიტუაცია ძალიან ცუდად აქვთ“, - ამბობს ახვლედიანი.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-ს ეუბნენა, რომ ამ კონფერენციას საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს. მისი თქმით, ერთადერთი ჩვენი ოპოზიციური პარტიები რასაც ვერ შეძლებენ, ამ ადამიანების პარტიულ სიებში შეყვანაა, დანარჩენი - დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც კონფერენციაზე იმყოფებოდნენ, წინასაარჩევნო კამპანიის ლიდერები არიან.

„გაკოტრებული ოპოზიციის საარჩევნო პროგრამას, ფაქტობრივად, ეს პოლიტიკოსები წარმართავენ. ეს პროგრამა ცალსახად დესტრუქციულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ წინასწარ, ჯერ არჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. წინასწარვე აცხადებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს არ ცნობენ. ეს არის მათი დღის წესრიგი და ამისთვის არიან ჩამოსულები. ამ კონფერენციაზე არაფერი თქვეს იმის შესახებ, რომ თავად დასავლური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინდიკატორების მეშვეობით, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დონეს ასახავს, კორუფციასთან ბრძოლას და უამრავ სხვა პოზიციაზე, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს. არც ერთი სიტყვა ამაზე, ერთი მადლობაც კი არ თქმულა. შესაბამისად, ეს არ არის პროდასავლური ძალების კონფერენცია, ეს არის კონფერენცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენს საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ქმნიან. ამიტომ ამჟამად ხელისუფლებამ უნდა შეადგინოს ამ ადამიანების სია, რათა მოვიქცეთ ისე, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა. ეს ხალხი არასასურველ პერსონად უნდა გამოცხადდეს, რადგან მათი მიზანია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელისუფლებო არეულობა მოაწყონ“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამ კონფერენციის მონაწილეებს და მათ ადგილობრივ აგენტებს ცოტა დარჩათ, რადგან საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება მათ გამანადგურებელ და საბოლოო პასუხს გასცემს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს კონფერენცია 26 ოქტომბრის შემდგომი მოვლენების განვითარებისთვის მზადებაა.

ლაზი ეგენი ახლა წავლენ და არჩევნების წინ "დამკვირვებლებად" დაგვიბრუნდებიან ან თავიანთ "წარმომადგენლებს" გამოაგზავნიან, 27 ოქტომბრის მიტინგებში მონაწილეობისათვის. მაგათი აქაური მასპინძლები კი იკივლებენ, მთელი მსოფლიო ამბობს არჩევნაბი გაყალბებულია და უნდა გაუქმდეს შედეგები და ჩვენ ვიღებთ ხელში ძალაუფლებას ამ საერთაშორისო წარმომადგენლების ნებართვითო.
2 თვის უკან