„თუკი „ოცნების“ ამომრჩეველი იზარმაცებს, შესაძლოა, ქვეყანაში პროცესები კოალიციური მმართველობის სცენარით წავიდეს“

„თუკი „ოცნების“ ამომრჩეველი იზარმაცებს, შესაძლოა, ქვეყანაში პროცესები კოალიციური მმართველობის სცენარით წავიდეს“

საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნების“ შესრულებადი თუ შეუსრულებელი მისია? - რატომ ამახვილებენ ბოლო დღეების განმავლბაში „ქართული ოცნების“ ლიდერები ყურადღებას საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და რატომ მოუწოდებენ საკუთარ ელექტორატს 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცით“ გამოსვლას? 

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ მსგავსი მოწოდება წინასაარჩევნოდ გარკვეული ტაქტიკური სვლაა და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა დგას, ხოლო ამ გამოწვევების გამკლავებას ხშირ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. მით უმეტეს ბოლო დროს, ძალიან რეალური გახდა საქართველოს გაერთიანების შანსები. ამიტომ „ოცნება“ ცდილობს მხარდამჭერების მობილიზებას და მათ დარწმუნებას იმაში, რომ არ უნდა მოდუნდნენ და არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო ყუთთან მივიდეს.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 21 აგვისტოს მცხეთაში თქვა, რომ ამ არჩევნებზე მის პარტიას აქვს „ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე მხოლოდ მისი მოგება“ და ეს „საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვებაა“.

გამოსვლაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცეს როგორც პროსამთავრობო, ისე ოპოზიციურმა ტელეარხებმა, ივანიშვილმა გასცა სამი დაპირება, რომელთა შესასრულებლად საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს:

ოპოზიციური პარტიების გასამართლება-აკრძალვა: „ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს“.

ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობისა და შვილების აყვანის აკრძალვა, ვინაიდან: „ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ“.

ტერიტორიული მოწყობის გადახედვა იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარება ისე შეიცვლება, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება შეძლოს.

ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ არსებობს მეოთხე მიზეზიც, „რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება“.

„ოცნებას“, რომელიც მეოთხე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს ჰქონდა. მაშინ მმართველმა პარტიამ ხმების 48% აიღო, თუმცა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების ხარჯზე მოაგროვა საბოლოო ჯამში 116 მანდატი. საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება.

2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ისევ 48% აიღო, მაგრამ რამდენადაც მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე იყო შემცირებული (ყველა მმართველმა პარტიამ მოიგო), მას 90 მანდატი ერგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაზე 23 დეპუტატით ნაკლები გაიყვანა პარლამენტში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უკვე 12 წელია შეჩვეულია, რომ მისი პარტია იგებს და იმედი აქვს, ახლაც ასე იქნება. ამიტომ მათ ხშირად სოციალური სიზარმაცე იპყრობს და ფიქრობენ საქმე მათ გარეშეც გაკეთდება. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა „ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება და მოტივაციის მიცემა ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„სხვა პარტიებს ასეთი მდგომარეობა არ აქვთ, როგორიც ახლა „ოცნებას“. ოპოზიციის ამომრჩეველი უფრო მობილიზებული იქნება, ვიდრე ხელისუფლების, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, გამარჯვების იმედი უფრო „ოცნების“ მხარდამჭერებს აქვთ, ამიტომ მოტივაციაც ოპოზიციური ამომრჩევლისგან განსხვავებით ნაკლებია. სწორია და ტაქტიკურად გამართლებულია „ოცნების“ ლიდერების მოწოდება, რომ მათი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს და გული არ ჰქონდეთ დამშვიდებული, რომ არჩევნებს „ოცნება“ მაინც მოიგებს, ამიტომ სახლში დარჩნენ. მმართველი გუნდის მოწოდება, რომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა, სწორია, რადგან მიზანი მხოლოდ გამარჯვება არ უნდა იყოს და ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა იყოს გამყარებული“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ამ მოწოდების მიზანს, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, საყვარელიძე ამბობს, რომ „ოცნების“ შიში რეალურია და ეს რისკები ნამდვილად დგას.

„თუკი „ოცნების“ ამომრჩეველი იზარმაცებს, შესაძლოა „ოცნება“ დამარცხდეს და მან 50% ვერ მიიღოს და შესაძლოა ქვეყანაში პროცესები კოალიციური მმართველობის სცენარით წავიდეს. ეს კი ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი იქნება თავად საქართველოსთვის. კაცმა არ იცის რა სახის რყევები დაიწყება. ვხედავთ, რომ დასავლელ ზოგიერთ პოლიტიკოსებს ერთი სული აქვთ, „ოცნება“ როდის და როგორ წაბორძიკდება, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ დააბრუნონ. კი ბატონო, ვიძახოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ გვინდა, მაგრამ თუკი სახელისუფლებო ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლა დაეზარება, შედეგი ეს იქნება. ჩვენ ვიმყოფებით უცეცხლო ომის პირობებში იმიტომ რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ გვერდით გადაწევს სხვა პარტიებს და მთელ ძალაუფლებას მხოლოდ თავად აიღებს. დასავლეთიდანაც ამის მხარდაჭერა ექნება. ამიტომ ეს რისკები რეალურია და „ოცნების“ ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე ახლა ძალიან მნიშვნელვანი გამოწვვები დგას და გეოპოლიტიკური პროცესების პარალელურად, ქვეყნის ერთიანობის აღდგენის ალბათობა იკვეთება. სწორედ ამიტომ „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ასევე ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს და რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში შეიტანოს.

„შესაძლოა კულუარულად არსებობს იმაზე საუბარი, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენის რევოლუციური ცვლილებები მოხდეს და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყოს. ამ თემაზე ღია საუბარს ქვეყნის ლიდერები რადგან ერიდებიან, ბუნებრივია, აქ ამაზე მეტის საუბარი ზედმეტია. საჭიროა 26 ოქტომბერს „ოცნების“ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ვიხილოთ. რაც შეეხება სხვა პრიორიტეტებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახმოვანებს, ეს არის სახელმწიფოს დაცვა, მისი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა. ვიცით გლობალურად ევროპაშიც და ამერიკაშიც რაც ხდება. ეს ე.წ. მახინჯი გაუგებარი გენდერული პოლიტიკა, რომლის თავზე მოხვევაც ქართველებისთვისაც უნდათ, რომელსაც თავად სექსუალური უმცირესობებიც კი ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პროპაგანდაა. ამიტომ „ოცნებას“ სჭირდება ამ დაპირების შესასრულებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხოლო ასევე მნიშვნელვანია კონსტიტუციაში ეკლესიის მნიშვნელობის ხაზგასმა. ძალიან დიდი გამოწვევებია 26 ოქტომბრამდე და ყველამ კარად იცის, რომ უმრავლესობას ისედაც უპრობლემოდ აიღებენ. ახლა მთავარია მისმა ამომრჩეველმა გაიაზროს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაა საჭირო. აუცილებლია ამომრჩეველთა აქტიურობა და „ოცნების“ მხარდამჭერთა სრული მობილიზება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამნეტში 113 მანდატის ან მასზე მეტის აღებაა საჭირო. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს პროცენტულად რომ გადავთვალოთ, 55%-ზე მიღებული ხმათა რაოდენობაა. ამიტომ ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ ველზე მოცემული სიტუაციის ფონზე, „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს.

 

DDDzia ოცნებისთვის სამწუხაროდ, ლოზუნგი - "ოცნებას ჯერ კაცი არ მოუკლავს" საკმარისი აღარ არის.
მათმა 12 წლიანმა ტყუილმა ნიგილიზმით დააჯილდოვა თავისი ამომრჩევლები.
ჩემს გარშემო მეგობრები და ახლობლები არ არიან თანახმა ისევ ოცნების არჩევისა, რამდენამდაც ოცნების მიერ გაცხადებული დაპირებების შესრულება იმდენადვე შესრულდება, როგორც აქამდე, უკვე სამჯერ დარიგებულები.
სადაა 100 ქარხანა?
სადაა წართმეული ქონების დაბრუნება?
სადაა ტყუილად დაჭერილი ხალხის რეაბილიტაცია? როგორ, ტოტალიტარულმა კომუნიზმმა სსრკ-ში გაბედა ლამის ყველას რეაბილიტაცია და ამათ ეშინიათ?
სადაა ნამდვილი დამნაშავეების დასჯა?
სადაა 2008 წლის გამოძიება?
სადაა 2007 წლის გამოძიება?
სადაა აფხაზეთის და ოსეთის საკითხის მოგვარების მცდელობა?
სადაა....
სადაა...
და ა.შ.
ამათ დაპირებულის მეათედი რომ შეესრულებინათ, ახლა ასეთი პრობლემა არ იდგებოდა.
გასაგებია, რომ არჩევნების წინ ყველა არიგებს დაპირებებს, ყველაფერს ვერ ასრულებს, მაგრამ ასე - არაფერი რომ არ შეასრულოს, არ ყოფილა.
მაკიაველი წაიკითხეთ, ბევრ ახალს გაიგებთ რა და როგორ უნდა გააკეთოთ.
2 თვის უკან