ქართველი აგენტები სახის დამალვას ცდილობენ

ქართველი აგენტები სახის დამალვას ცდილობენ

დენიელ ფრიდის არ ესმის და, როგორც ჩანს, ვერც ვერავინ აუხსნა, როგორ დაეხმარება „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ძლიერებას. შესაბამისად, ამერიკელი დიპლომატი არ მალავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებამდე, რათა საქართველოს მთავრობამ ფრიდის თქმით, არ ითაღლითოს. ფრიდის განმარტებით, თუ მმართველ ძალას არჩევნებში სამართლიანად გამარჯვება არ შეუძლია, მაშინ „უცხოური აგენტების კანონი უბრალოდ ჰგავს მოტყუების გზას“.

„საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ქვეყნის ცოცხალ დემოკრატიაზე, ქართველი ხალხის სიძლიერე უნარჩუნებს ქვეყანას დამოუკიდებლობას. რუსეთს აქვს სურვილი აწარმოოს ომები, რათა აღადგინოს იმპერია. რატომ არის საქართველოს ინტერესში პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმა და მათი კანონგარეშე გამოცხადება?! ეს არის ის, რაც არ მესმის და არ ყოფილა ახსნილი. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო თავისუფლად და სამართლიანად, მათ დაამარცხეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არ დასჭირვებიათ „უცხოური აგენტების“ კანონი ან რომელიმე პარტიის უკანონოდ გამოცხადება გასამარჯვებლად.

თუ სამართლიანად მოიგებენ - კარგი, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებენ, „უცხოური აგენტების“ კანონი, უბრალოდ, ჰგავს მოტყუების გზას. არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას მიიღებს. საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ იფიქრონ საქართველოზე, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ რუსეთის მმართველობას ექვემდებარება“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი რუმსში“ მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ. ამ კონფერენციაზე იმყოფებიან ამერიკელი დიპლომატები, რომელიც ღია ტექსტით ემუქრებიან ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ისინი ჩაერევიან არჩევნებში და სწორედ არჩევნებია მიზეზი, რატომაც იმყოფებიან საქართველოში.

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი და ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა. კრამერის განცხადებით, კონფერენციას ატარებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აჩვენონ ქართველებს, რომ ზრუნავენ იმაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში და დაეხმარონ საქართველოს, რათა განაგრძოს თავისი სვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ.

„ამ წლის კონფერენციას ჰქვია „გარდამტეხი წელი“. არჩევნები გაქვთ ქვეყანაში ოქტომბერში, ჩვენც გვაქვს არჩევნები ჩემს ქვეყანაში ნოემბერში. უკვე ჩატარდა არჩევნები მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, შეიცვალა ხელისუფლებები, შესაბამისად, ეს მართლაც გარდამტეხი წელია და სწორედ ამიტომ ვართ აქ. გასული წლის კონფერენციის შემდეგ, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში.

შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც მიღებულ იქნა მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა საქართველოს შიგნით და ასევე, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ძლიერი მხარდაჭერით რუსეთის მხრიდან. არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჩემი გადმოსახედიდან, არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ არასამთავრობოები ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებმა, რომელთაც შემოსავლის 20%-ზე მეტი, უცხოეთიდან აქვთ მიღებული, იუსტიციის სახლის ფილიალებისთვის 6 საათამდე უნდა მიემართათ. არასამთავრობოების ნაწილი რეგისტრაციას არ აპირებს. მაგალითად, ა-ო „სირცხვილიამ“ მზადყოფნა გამოხატა, დაფინანსება, გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, გაესაჯაროებინა, მაგრამ, დაშინების და ბულინგის შედეგად, გადაწყვეტილება შეცვალა და ორგანიზაციის დირექტორიც კი გაანთავისუფლა.

კანონის მიხედვით, რეგისტრაციის დროს, უნდა აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული თანხის და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნების შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს, ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი ღირსების შემლახავია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, მისი თქმით, ისეთი კანონის შესაბამისად არ დარეგისტრირდება, რომელიც არის ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ დოლიძე მალავს დაფინანსების წყაროს და მოტივს. დოლიძის მსგავსად რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ მედია-ორგანიზაციებიც. მაგალითად, „მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით სწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა, გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად. შალვა პაპუაშვილის თქმით, იდეოლოგიური კონფორმიზმი და გამჭვირვალობის ნაკლებობა განასხვავებს ტოტალიტარულ საზოგადოებას ჭეშმარიტად დემოკრატიულისაგან.

„ქართული „სამოქალაქო საზოგადოება“, ფარული უცხოური დაფინანსებით, ვიწროდ განსაზღვრული რწმენებით და დაშინებისა და ძალადობისკენ მიდრეკილებით უფრო პირველს წააგავს, ვიდრე მეორეს. უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა არჩიეს, საკუთარ თავში ჩაკეტილიყვნენ და ერთგვაროვანი, შეზღუდული და გაკაპასებული თემი შეექმნათ. ეს არც პლურალიზმს უწყობს ხელს და არც დემოკრატიას. დაშინება, ვირტუალური ძალადობა, იდეების ცენზურა, რეალობის იგნორირება, ხალხის საჭიროებების უარყოფა მათთვის დამახასიათებელი ქცევა გახდა. ვანდალიზმი ამ ქცევის განსაკუთრებულად ირონიული ნაწილია.

თავი დავანებოთ იმას, რომ ვანდალიზმი არანაირად არ ჯდება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებში. ნამდვილი ირონია ისაა, რომ დაფინანსება, რომელიც ამ ვანდალიზმის საშუალებას აძლევს მათ, როგორიც იყო გასულ კვირას პარლამენტის შენობაზე საღებავით წარწერის გაკეთება, საქართველოს „დემოკრატიულ დახმარებად“ ეთვლება. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო „სირცხვილიას“ საქმიანობაში, რომელმაც ადრე წაახალისა და რომანტიზება გაუკეთა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას პოლიციელების მისამართით“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ რეგისტრირდებიან, რადიკალური ოპოზიციის განცხადებით, კარგია, რადგან რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში. ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული „ნაცენჯეოები“ აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს, რითაც მისი თქმით, ქმნიან ყალბ წინასაარჩევნო გარემოს შეთითხნილი რეპორტებისთვის.

„გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული „ნაცენჯეოები“ აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს, რითაც ქმნიან ყალბ წინასაარჩევნო გარემოს შეთითხნილი რეპორტებისთვის - არჩევნები იყო „არადემოკრატიული“, „დევნიდნენ და ავიწროებდნენ“ სამოქალაქო სექტორს.

ამ მახინჯი ვითარების შექმნაში და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში ერთ-ერთი წამყვანი როლი მიუძღვით კოლექტიურ ეკა გიგაურებს, ნინო ლომჯარიებს და მათნაირ სუბიექტებს, რომლებიც მიუკერძოებელი დამკვირვებელთა შლეიფით იქნებიან ნაცსექტის კოორდინატორები საარჩევნო ადმინისტრაციაში, დეზინფორმაციული განცხადებებით მოქამლავენ საჯარო სივრცეს.

რევანშისტებისა და მათი უნამუსო დონორების ეს იაფფასიანი პოლიტიკური სპექტაკლი გვინახავს და მათ კვლავ გააცამტვერებს უწინდელივით თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და ელექტორატის აქტიურობა, რათა ნაცმანქურთებს დაბრუნების არანაირი შანსი არ მიეცეთ“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის მიმართ დემონსტრაციული დემარში თავისთავად გულისხმობს არჩევნებში კატასტროფულ მარცხს. ანალიტიკოსის შეფასებით, აგენტოკრატების მიერ გაწერილი საარჩევნო „გაიდლაინები“ წარმატებული იქნებოდა ნებისმიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოში - ოღონდ არა საქართველოში.

„ამით ისინი არა მხოლოდ დემონსტრაციულად კანონგარეშე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ მათთვის უცხო და გაუგებარ ქვეყანაში, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალი გამამტყუნებელი განაჩენისკენ. ეს ის მავნე ძალაა, რომელმაც 30-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, 20-საუკუნოვან ქრისტიანობის მქონე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეყანაში ღიად უპირისპირდება ხელისუფლების ისეთ საარჩევნო გადაწყვეტილებებს, როგორიც არის:

კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლისა და ადგილის კიდევ უფრო განმტკიცება, კონსტიტუციაში LGBTQ+ თემის პროპაგანდის აკრძალვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამისთვის შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა და სხვა, ქვეყნის სამშვიდობო, ღირსეული და წარმატებული მომავლისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ აგებული პოლიტიკური დღის წესრიგი და გამჭვირვალობის მიმართ დემონსტრაციული დემარში თავისთავად გულისხმობს ამ ქვეყანაში არჩევნებში კატასტროფულ მარცხს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.