გივი მიქანაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს და არიან განწყობილი, რომ მიიღონ მსგავსი კანონები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მდგრადობას ხელს უწყობს

გივი მიქანაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს და არიან განწყობილი, რომ მიიღონ მსგავსი კანონები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მდგრადობას ხელს უწყობს

ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს და არიან განწყობილი, რომ მიიღონ მსგავსი კანონები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მდგრადობას ხელს უწყობს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში" „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას.

მისივე თქმით, რაც მთავარია, ის კანონები ბევრად უფრო მკაცრია იმ ლიბერალურ მოცემულობასთან, რომელიც ქართულ კანონთან მიმართებაშია.

„აქ არის ძალიან მარტივი მიდგომა, ჩვენ ვართ იმ მხარეს, რომელსაც ჰქვია სამართლიანობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად რაღაც პოზიციებზე, ეს ყველაფერი არის განმტკიცებული შესაბამისი არგუმენტებით, პოზიციებით, ფაქტებით. მათი მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები. როდესაც, მაგალითად, კანონპროექტის განხილვა იყო, ამ შემთხვევაში, თქვენ ბრძანეთ, რომ წყალგამყოფი აღმოჩნდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და აუცილებლად მისაღები იყო ეს კანონი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ თითქოსდა ამან შეაფერხა საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ეს იყო უკუსვლა. ეს განცხადებები გაკეთდა ამ ადამიანისგან და არა მხოლოდ მისგან, სხვებისგანაც. რატომ, როდესაც ვსვამდით კითხვას, ამაზე პასუხი არასდროს იყო. უბრალოდ, იყო პირდაპირ მითითება, რომ ეს კანონი ან არ მიიღოთ ან, თუკი მიიღებთ, გაიწვიეთ. მაგრამ, რატომ უნდა განხორციელებულიყო ასე, ახსნა არასდროს ხდებოდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით რა მიზნით მივიღეთ, რატომ გახდა ამ კანონის მიღება საჭირო. ამაზე მე ვისაუბრე, რომ არაერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ჩამოყალიბდა, როგორც პარტიის დანამატი, ისინი იღებენ ძალიან დიდ დაფინანსებას. ფაქტობრივად, ამით ხდება კანონის გვერდის ავლა და პარტიული საქმიანობის განხორციელება.

ელემენტარულად, საზოგადოებას იმის უფლება მაინც აქვს, იცოდეს ვინ ვისგან იღებს დაფინანსებას და რაში იხარჯება ეს თანხები. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს და არიან განწყობილი, რომ მიიღონ მსგავსი კანონები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მდგრადობას ხელს უწყობს. რაც მთავარია, ის კანონები ბევრად უფრო მკაცრია იმ ლიბერალურ მოცემულობასთან, რომელიც ჩვენს კანონთან მიმართებაშია. ამიტომ, ამ კონტექსტში, ნებისმიერი განცხადება როდესაც კეთდება, ჩვენ ვსვამთ ძალიან მარტივ კითხვას - რატომ არ უნდა გვქონდეს ეს კანონი? ამაზე პასუხი არ არის და როდესაც პასუხი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი საფუძველი არ არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რატომ უნდა იყოს ეს კანონი და რატომ იმსახურებს ეს კანონი ბუნებაში არსებობას. მისგან გამომდინარე შედეგები იქნება საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტის განმტკიცება და გამყარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ორმაგი სტანდარტით მიდგომის პროცესებში ამ კანონის კონტექსტი გამოიყენება რიგი თანამდებობის პირების მიერ. განსაკუთრებით აქ შეიძლება, ითქვას იმ ოდიოზურ ფიგურებზე, რომელთა ნაწილი დღეს საქართველოში ამ კონფერენციის მონაწილეებიც არის, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ მიზანმიმართულად ხელი შეუწყონ გარკვეულწილად იმ სიცრუის ტირაჟირებას, რასაც ოპოზიცია და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან.

ამიტომ, ჩვენ მყარად ვდგავართ იმ პრინციპზე, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს ეხება და ზუსტად ამიტომ მოხდა ამ კანონის მიღება და შესაბამისად, ამოქმედება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.