გივი მიქანაძე: არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან, მიიღეს გარე წყაროებიდან მაღალი დაფინანსებები

გივი მიქანაძე: არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან, მიიღეს გარე წყაროებიდან მაღალი დაფინანსებები

ყველა კეთილსინდისიერ ორგანიზაციას უნდა აინტერესებდეს და აწყობდეს ასეთ რეესტრში დარეგისტრირება, რომ საზოგადოებისთვის უფრო ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდეს მათი საქმიანობის და აქტივობების შესახებ ინფორმაცია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა გავლენას მოახდენს გამჭვირვალობის შესახებ კანონი წინასაარჩევნო პროცესზე, რომლის მოქმედებაც უკვე დაწყებულია.

„გამჭვირვალობის კანონის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვისგან მოდის დაფინანსება და რაში გამოიყენება ის. რეალურად, ამას ეწინააღმდეგებიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც კანონის დაინიციირების დღიდან დღემდე ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი მათი კამპანია აგებული იყო იმაზე, როგორმე კანონის დისკრედიტაცია მოეხდინათ და საზოგადოების თვალში დამაბრკოლებელ გარემოებად წარმოეჩინათ გნებავთ ევროინტეგრაციის გზაზე, გნებავთ დემოკრატიული პროცესების კონტექსტში.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაჩნდა ქართულ სივრცეში, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან და მათ მიიღეს გარე წყაროებიდან საკმაოდ მაღალი დაფინანსებები და ახორციელებენ იგივე საქმიანობას, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. ეს არის ირიბი დაფინანსება და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ამის პრევენციისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოება კარგად ყოფილიყო ინფორმირებული და არ ყოფილიყო იმ სიცრუის ტირაჟირების მსხვერპლი, რასაც ესენი ახდენენ, იყო მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება, რომელიც ავალდებულებს კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომ წარმოადგინონ ინფორმაცია წყაროზე, კონკრეტულ აქტივობებზე, რაში გაიხარჯა თანხები. ზუსტად ამის დამალვას ცდილობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე ამბობენ, რომ არ დარეგისტრირდებიან ნებაყოფლობით რეესტრში, რომელიც ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უვნებელია. ეს არის რეესტრი, რომელიც საზოგადოებას მოგვცემს ელემენტარულ ინფორმაციას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ყველა კეთილსინდისიერ ორგანიზაციას უნდა აინტერესებდეს და აწყობდეს ასეთ რეესტრში დარეგისტრირება, რომ საზოგადოებისთვის უფრო ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდეს მათი საქმიანობის და აქტივობების შესახებ ინფორმაცია“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ბოლო მონაცემებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ნებაყოფლობით დარეგისტრირების მსურველი ორგანიზაციების რიცხვი ხუთასამდეა.