გივი მიქანაძე მაკკეინის კონფერენციის მონაწილე რამდენიმე ევროპარლამენტარზე: ეს ადამიანები წარმოადგენენ მხარეს, ისინი პოლიტიკურად ყოველთვის იყვნენ რადიკალურ ფრთასთან დაკავშირებულები

გივი მიქანაძე მაკკეინის კონფერენციის მონაწილე რამდენიმე ევროპარლამენტარზე: ეს ადამიანები წარმოადგენენ მხარეს, ისინი პოლიტიკურად ყოველთვის იყვნენ რადიკალურ ფრთასთან დაკავშირებულები

ისინი არიან მხარე, ისევე როგორც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ რამდენიმე ევროპარლამენტართან დაკავშირებით, რომლებიც თბილისში მაკკეინის ორდღიან კონფერენციას ესწრებიან.

მისი თქმით, ღონისძიების მონაწილე ევროპარლამენტარები პოლიტიკურად ყოველთვის იყვნენ რადიკალურ ფრთასთან დაკავშირებულები.

„ის ადამიანები, რომლებიც დღეს თბილისში არიან ჩამოსული და საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრობას ფიცულობენ, ძალიან კარგად არიან ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ძალიან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რა მიზნებს ატარებენ ისინი. ისინი არიან მხარე, ისევე როგორც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ. მაგალითისთვის ავიღოთ „გამჭვირვალობა-საქართველო“. მისი ლიდერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან ერთად, „ლელოს“ წარმომადგენელთან ერთად, ატარებს შეკრებას ბათუმში, საჯაროდ და საჯაროდ ეწევა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროპაგანდას. ამის შემდეგ ის აცხადებს, რომ ის არის ნეიტრალური და აპირებს ნეიტრალური სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებას.

ზუსტად ანალოგიურად, ის მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან თბილისში და უკვე მეორე დღეა კონფერენციას ატარებენ, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვახსოვს - არამარტო ახლა, არამედ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით თუ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ჩარევით არაერთი მცდელობა იყო, რომ საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო და რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო, გვახსოვს მათი განცხადებები, რომელშიც არანაირი სამართლიანობა არ არის. ამ განცხადებებში არანაირი საფუძველი არ არის და არანაირი კრიტიკის ნიშანწყალი არ უნდა იყოს, თუ კი ისინი სამართლიანად და ორმაგი სტანდარტით არ ეპყრობიან სიტუაციას. მაგრამ თუ კი ჩვენ ვნახავთ ვინ არიან ეს ადამიანები, ძალიან მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ. იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად ყოველთვის იყვნენ დსკავშორებული რადიკალურ ფრთასთან, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მათ სულიერ ლიდერთან რომელიც ახლა სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულის ჩადენისთვის. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ შემოპარვის და დაკავების შემდეგ, ყოველდღიურად სხვადასხვა ტრიბუნის გამოყენებით გვაკრიტიკებენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.