ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო. ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აღებული აქვს ქვეყნის წინაშე, ვერ დააკისრებს ვერცერთი ცალკე აღებული ამ კონფერენციის მონაწილე. მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის წინაშე და სწორედ ამიტომ შეძლო საქართველომ, ამ წლების განმავლობაში გაეძლიერებინა დემოკრატია, დაებრუნებინა ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. შესაბამისად, არ მესმის, რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ამ კონფერენციის რომელიმე მონაწილე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმაზე დიდ პასუხისმგებლობას, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული თავისი საზოგადოების, ქვეყნის წინაშე, ამ კონფერენციის ვერცერთი მონაწილე ვერ დააკისრებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ენჯეო“ სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სახელწოდებით - გარდამტეხი წელი, რადიკალური ოპოზიციის მომხრე, მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები ესწრებიან, რომლებიც ოპოზიციას არჩევნებზე ღია მხარდაჭერას უცხადებენ. მათი მხრიდან გაჟღერდა მუქარის შემცველი გზავნილებიც.