ოდნავ მაინც იმერლები რომ ყოფილიყვნენ...

ოდნავ მაინც იმერლები რომ ყოფილიყვნენ...

„დიალოგში ამ ჩანართის - "შენ ხარ ჩემი ბატონი", რაც ნათქვამის უეჭველობის დასადასტურებლად გამოიყენება, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, უფრო კი - იმერეთში, ირონიზებული, ძალიან სახალისო ვერსია არსებობს: 'შენ ხარ ჩემი ბატონი-თქვა და მე შენი ხელმწიფე!"

...განმანათლებლობიდან მომდინარე სამივე დიდ იდეოლოგიას (ლიბერალიზმს, კომუნიზმსა და ფაშიზმს), რაც ჩაგრულ ხალხს, ე.წ. უბრალო ადამიანს ბატონკაცობას ჰპირდებოდა, ყველაზე ძალიან თუ რაიმე აკლია - სწორედ ეს: სიჯანსაღე, რისი უწინარესი ნიშანი - ირონია და თვითირონიაა. გუშინ, რაღაც სტატიისთვის უცებ დამჭირდა და ფუკუიამას "ისტორიის დასასრულის" ბოლო თავი გადავიკითხე. გამაოგნებელია: საერთოდ არანაირი ეჭვის დატოვება არ სურს, რომ რასაც მთელი ეს წიგნი ამტკიცებს, შეუვალი ჭეშმარიტებაა: თურმე ლიბერალურმა დემოკრატიამ ყოველი ადამიანის "თიმოსის" რეალიზაციას მიაღწია და ყველა, ვისზეც ბატონობდნენ, თავად აქცია ბატონად, თან ისე, რომ "ძველ" ბატონებსაც ამ თავიანთი ყმების გათავისუფლებამ  ღირსება კი არ შეულახა, არამედ პირიქით - შანსი დაუტოვა, რაღა ეს ღირსება შეეძინათ სხვათა თანასწორ. ისტორიაც ამიტომ დასრულდა თურმე, რომ ყველა კმაყოფილია.

...რასაკვირველია, იმ წუთას ეს იმერული ირონია გამახსენდა - "შენ ხარ ბატონი-თქვა და მე -  შენი ხელმწიფე" ... რისთვის შეიქმნა ეს ერთობ 'სერიოზული" იდეოლოგიები?! ოდნავ მაინც ქართველები, მით უმეტეს - იმერლები, რომ ყოფლიყვნენ, ეს თვითირონიულობა აუცილებლად ექნებოდათ და ვინ იცის, ეგებ მოხდენილ ხუმრობაშიც გაგვეტარებინა ისტორიის ისეთი დასასრული, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვს, ყველა ბატონკაცურად კმაყოფილი და მაძღარია....

არადა, ხუმრობა სულაც არ არის, რასაც ახლა ბრმაც ხედავს - რა სურდათ და დღესაც რა სურთ: რა თქმა უნდა - იგივე, რაც მანამდე ყველა მოძალადეს სწადდა: ხელმწიფება! "მოდი, გაგათავისუფლებ, ასე შენ ბატონი გახდები და ამითი მე გავხელმწიფდებიო" - აი, ნებისმიერი იდეოლოგიური დაპირებების არსი!

ერთი და იგივეა: კომუნიზმი - პროლეტარის, მუშის ბატონობით ესწრაფოდა ხელმწიფებას, ფაშიზმი - "რჩეული" ერისა, ხოლო ეს უბადრუკი ლიბერალიზმი - მარგინალი უმცირესობების, რაც თურმე ჯამში - აბსოლუტური უმრავლესობაა,  "ბატონობით" აპირებდა და აპირებს ჩვენზედ საბოლოო გახელმწიფებას.

ძველ ბატონებს მოგაშორებთ,  მერე თქვენ თავად იბატონეთ ჩემი ხელმწიფებითაო. ყველა ერთი და იგივე "აბდლობას  ჩივა", რადგან აღარც ღმერთი ახსოვს და აღარც მისი სჯული.

კიდევ ერთიც: ათადან და ბაბადან ასე ყოფილა - ყველა ახალი მოძალადე და დამპყრობი თავიდან სწორედ ამ დაპირებით - უსამართლო მჩაგვრელებისგან გიხსნითო, გაგათავისუფლებთო, მოდიოდა. არა მგონია, ვიდრემდის მეორედ მოსვლამდე ეს ათასგზის გამეორებული ისტორია რომელიმე იდეოლოგიის თუ სხვა, რაიმე ახალი სახის უსჯულოების საბოლოო გამარჯვებით დასრულდეს. ყოველი იდეოლოგიის და "აღუვსებელი საწყაულის აღსავსებად" ახალი ხელმწიფების მისაღწევად ხალხთა გაბრიყვების შედეგი ყოველთვის მაინც იგივე იქნება, რაც ჯერ კიდევ ეკლესიასტემ თქვა: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო!" დრონი მეფობენ და არა მეფენი. ხოლო დროებზე ისევ და ისევ უფალი მეფობს!

...ლიბერალიზმის იდეოლოგიური კრახი ისეთივე სასაცილოდ უბადრუკი  იქნება, რაც  - უკვე აშკარად ჩანს, როგორც დანარჩენი იდეოლოგიებისა. ერთადერთი, რაც უნდა ვისურვოთ - ეგება ნაკლებად იყოს, სულაც როგორმე გადავრჩეთ იმისგან, რაზეც გალაკქტიონს უთქვამს: "ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები..." დაე, ეს ქარტეხილი ნუ შეგვეხება ჩვენ და არავის, ვინც ჩვენ გვიყვარს....”