სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება მიღწეულია

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება მიღწეულია

მართლმადიდებლობა, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი საქართველოს კონსტიტუციაში აისახება. განცხადება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში და მათ შორის ეკლესიაში.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქის ქორეპისკოპოსს მიტროპოლიტ თეოდორეს, პატრიარქის მდივანს, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს. როგორც პროტოპრესვიტერმა განაცხადა, რეალურად, საუბარია საქართველოს ეკლესიის როლისა და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

კონსტიტუციაში ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. მისი თქმით, შედგა შეთანხმება, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. როგორც პროტოპრესვიტერი აცხადებს, მმართველი გუნდის ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი, გადაწყვეტილებას კი მიესალმებიან წმინდა სინოდის წევრები.

„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს, პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: „რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: ჩანაწერში „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირველი შეთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია,

„პირველი შემოთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ამაღლებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს შემოთავაზებაც არანაირად არ გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამენაირად შეზღუდვას მათი მხრიდან.

თუკი ეს სტატუსი მისაღები იქნებოდა, ამავე დროს ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი - ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია, რადგან ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს კონსტიტუციური შეთანხმების სახით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის - უნიკალურია“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი თვლის, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ერთი მხარისთვის - არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო. მისივე თქმით, სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ.

„კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს-პატრიარქისა და სინოდის ყველა წევრის მიერ არ იქნა მიღებული, რადგან ჩვენ უფრო უკეთესი და მაღალი თანამშრომლობის და შეთანხმების ფორმა გვაქვს, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ერთი მხარისთვის - არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო.

ეს ორივე მხარემ კარგად გავიაზრეთ, გავაანალიზეთ, დავინახეთ და ამის შემდეგ, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება იქნება შესატანი, ამაზე, ალბათ, უფრო ინტენსიური და ხშირი შეხვედრები შედგება და რა ფორმასაც მიიღებს ჩასწორებული ვერსია, მას გავეცნობით და ამის შემდეგ ჩაიწერება და გამოცხადდება ყველას გასაგონად. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ ჩვენ სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც, რაც ახლაც გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ის შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

„ქართული ოცნების“ მიერ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საპატრიარქოსთვის შეთავაზება, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განაცხადებით, ნიშნავს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას.

„ორი აზრი არ არის ... ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა. მოსყიდვის არა, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის შემოთავაზება და პირობა, რომლის შესრულების არავითარი გარანტიები არ არსებობს. აქ არის საუბარი იმაზე თუ როგორი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს შემოთავაზება გულისხმობს იმას, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლისაკენ გადმოდგმული ნაბიჯი.

თავიდან ეს ნაბიჯი არ იყო კარგად მოფიქრებული. ახლა ცოტა გამოსწორდა. ეს შემოთავაზება ადამიანების გულს მოიგებს. სინოდის წევრებს განვუცხადე, რომ ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებს, რომ მათაც გადადგან რაღაც ნაბიჯები. ეცადონ ადამიანების გულის მოგებას, პირიქით ნუ მოიქცევიან. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ, რომ მათთვის უფრო მომგებიანია, ეს არჩევნებს არ დაუკავშიროს. ბევრად უფრო მისაღები იქნება და ადამიანების გულსაც უფრო მოიგებს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლების ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ მართლმადიდებლობა და კონსტიტუციაში აისახოს რელიგიის როლი.

„დედაეკლესიაზე უსამშობლოებისა და მათი პატრონების შემოტევა არაერთხელ ყოფილა, მათ შორის პატრიარქზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ქართული სახელმწიფო, ეკლესია, ერი და ბერი განუყოფელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა, რელიგიის როლი და კონსტიტუციაში ავსახოთ დამოკიდებულება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა და რელიგია.

უსამშობლოების ინტერპრეტაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ. სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი და ფუნქციები გამიჯნულია, რომელიც ერთიანად ქართულ სახელმწიფოს ქმნის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესია დავიცვათ და გავაძლიეროთ. დიახ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამისთვისაც გვჭირდება. ეკლესია არის მნიშვნელოვანი. ვართ ერი, რომელიც ყველას უფლებას პატივს სცემს, მაგრამ ყველამ უნდა სცეს პატივი ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ინტერესებსა და ადათ-წესებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ცუდ დროს ცუდი პროცესი დაიწყო, რადგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საპატრიარქოს არასოდეს უნდოდა. შესაბამისად, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ მარცხს ასე მარტივად არ შეეგუება, მაგრამ არც ეკლესიისგან ჩანს დათმობის შანსი.

„ქართულ ოცნებას“ ეს იდეა ჰქონდა, რათა წინასაარჩევნოდ წარმოჩინდნენ, როგორც მართლმადიდებლობაზე, ერზე მზრუნველი ერის კაცებიც და ბერის კაცებიც. შესაბამისად, ისეთი ლუკმის გადაყლაპვა მოინდომეს, რომელიც კარგად დაღეჭილი არ იყო და გარანტია არ არსებობდა, რომ ეს ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. ასეც მოხდა. ეს ლუკმა ზედმეტად დიდი აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაეყლაპა და ახლა იმის გამართლება მიმდინარეობს, ეს საქმე რატომ არ გამოვიდა. თურმე ეკლესიის როლის დაფასება უნდოდათ. მისი როლი ისედაც დაფასებულია - წერია, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს. ამ წინადადებას ერთ სიტყვას თუ დაამატებენ, მაშინ, არ ვიცი.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საპატრიარქოს არასოდეს უნდოდა. მთავარი არგუმენტია, რომ ეკლესიის ადმინისტრაციულ ორგანოდ ქცევა მის მესვეურებს არ უნდათ. ამ ცვლილებით სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებდა, რომ ეკლესიაში, პატრიარქის დანიშვნით დაწყებული, ყველაფერი მას გადაეწყვიტა, რაც არ მოეწონათ და არ გაუტარეს. ვფიქრობ, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. „ქართული ოცნება“ ამ მარცხს ასე მარტივად არ შეეგუება, მაგრამ არც ეკლესიისგან ვხედავ დათმობის შანსს, რადგან ცუდ დროს ცუდი პროცესი დაიწყეს და თან შეუთანხმებლად. ასე იცის სრულმა ძალაუფლებამ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ემხრობა „ლელო“ და მიაჩნიათ, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. მისი თქმით, ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.

„საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს! დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კონსტიტუციური შეთანხმებით - კონკორდატის საშუალებით რეგულირდება. ამ მოლაპარაკებასა და დოკუმენტის შექმნაში მეც აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, რითიც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი კონსტიტუციის შემდეგ.

თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ, რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ძლიერების საფუძველი ოდითგანვე იყო საერო და სასულიერო ხელისუფლებების ერთიანობა და რომ არა საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია დღეს, საქართველო და ქართველი ერი არ იარსებებდა.

„საქართველოს ეკლესია ქართული იდენტობის, ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და გამოხატულებაა. საქართველოს ეკლესია, საქართველოს მუდმივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ნამდვილი სახეა, ეკლესია ის უმთავრესია ფენომენია, რომელზედაც დაყრდნობილია ქართული კულტურა. საქართველოს ეკლესია საქართველოს ისტორიაა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხერხემალია.

ამიტომაც უაღრესად მისასალმებელი, დასაფასებელი და ქართველი ხალხის უმთავრესი ინტერესების გამომხატველია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომ კონსტიტუციურად აისახოს მართლმადიდებლობის ის მისია, რომელიც მას აკისრია ისტორიულად ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებას, ანალიტიკოსის განცხადებით, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა დაცინვით და აგდებით ისაუბრა ეკლესიის გაძლიერების ინიციატივაზე და კონსტიტუციაში ჩვენი რწმენისა და რელიგიის როლის სრულფასოვან ასახვას რადიკალური ოპოზიციის სტილში, ცინიკური განცხადება დაახვედრა.

„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ ემსახურება არც ეკლესიის და არც საქართველოს ინტერესებს. ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მსახურია. სხვა ახსნა არ აქვს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან მსგავს რეაქციას, როდესაც ხელისუფლება ეკლესიის როლის გაძლიერებაზე საუბრობს, ხოლო თავად ამ საკითხზე ცინიკურად რეაგირებს და მას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას უწოდებს.

ჯერ ერთი, არაფერია ცუდი და დასამალი იმაში, რომ მმართველი პარტია არჩევნების წინ გამოდის ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის ინიციატივით და მეორე, პირადად ჩემთვის გასაკვირი სულაც არ ყოფილა ფაჩუაშვილის მსგავსი რეაქცია. როგორც აღვნიშნე, წლების განმავლობაში ის იყო ნაცრეჟიმის მსახური. მას რადიკალების მომსახურეობაზე უარი არც არჩევნების შემდეგ უთქვამს და კარგად ვხედავდით, რომ ათასობით ადამიანის გამაუბედურებელ და მწამებელ სააკაშვილს ციხეში ეახლებოდა და მის შეწყალებას ითხოვდა. ამ კაცს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული - მან აირჩია ეკლესიების დამანგრეველი და რწმენის გამანადგურებელი სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელშიც ფაჩუაშვილიც ფიგურირებს. კერძოდ, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ რომ არჩევნები არ მოეგო, სააკაშვილი ჩვენი პატრიარქის მოშორებას, ფიზიკურ განადგურებას გეგმავდა და მის ადგილს სწორედ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ჰპირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა დღესაც ძალაშია და ფაჩუაშვილს სწორედ პატრიარქობაზე უჭირავს თვალი, რაც ნაცების დაბრუნების გარეშე გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, დღემდე ეტრფის ეკლესიის მაგინებელ ნაციონალებს და ლოცულობს მათზე.

მოვუწოდებ მმართველ გუნდს - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაასამართლონ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და მისი მსგავსი რეჟიმის მსახური მღვდლები, რომლებიც საბედნიეროდ, ძალიან ცოტა არიან. რეჟიმის გასამართლება უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებზეც იდგა რეჟიმი და დღესაც სარგებლობენ მხარდაჭერით. აუცილებელია, რომ მეუფე ფაჩუაშვილი მოიკვეთოს ეკლესიიდან და პასუხი აგოს ადამიანების მწამებელი სისტემის მსახურებაზე, რომელსაც დღესაც უსირცხვილოდ აგრძელებს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

ლევკოთეა ჩემზე რომ იყოს, გამოვიყენებდი ამ ახალ შესაძლებლობას და მართლმადიდებლური ეკლესიის ეგიდით დავაწესებდი სერიოზულ ფინანსურ ხელშეწყობას დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებალად და ბიუჯეტიდან დავაფუნასებდი. არაა ამის ,,შეფუთვა" ძნელი. ძალიან ცუდი სურათია გამრავლების მხრივ და დემოკრატიულობანას თამაში ევროპასთან და თავის მოწონება არაა სავალდებულო (იმათ მაინც საკუთარი დღის წესრიგი აქვთ ჩვენთან მიმართებით. რაც თვითონ აწყობთ, იმას კვიკიჟინებენ).
პირდაპირ ცენტრალური, თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომ დაფინანსდეს, ყველაზე მეტად რომ არაქართველები გამრავლდებიან, დიდი ვარაუდი არ უნდა.
2 თვის უკან