ეკა სეფაშვილი: ქართველ ხალხს წელს უწევს არჩევანი გააკეთოს მშვიდობასა და ომს შორის, ევროპულ ნათელ მომავალსა და წარსულის სასტიკ რეჟიმს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის

ეკა სეფაშვილი: ქართველ ხალხს წელს უწევს არჩევანი გააკეთოს მშვიდობასა და ომს შორის, ევროპულ ნათელ მომავალსა და წარსულის სასტიკ რეჟიმს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის

„უწყვეტი მშვიდობის ხარჯზე შეძლო ქვეყანამ ის, რომ 2012 წლის შემდეგ ბიუჯეტი გასამმაგდა; მთლიანი შიდა პროდუქტი 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარზე ავიდა. ეს ზრდა დღემდე გრძელდება და ბოლო სამი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ციფრით გამოიხატება; განახევრდა უმუშევრობა; 700 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწია; საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 95% სარგებლობს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით; გაიზარდა სოციალური დაცვის პაკეტი და ა.შ.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სრულიად მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და ომს, ასევე, ევროპულ ნათელ მომავალსა და წარსულის სასტიკ რეჟიმს შორის.

„წლევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ ქართველ ხალხს წელს უწევს არჩევანი გააკეთოს მშვიდობასა და ომს შორის, ევროპულ ნათელ მომავალსა და წარსულის სასტიკ რეჟიმს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ამ ჩამონათვალ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა. მშვიდობის გარეშე არ იქნება, არც ევროპული ნათელი მომავალი, არც თავისუფლება და არც ეკონომიკური კეთილდღეობა. 

ბოლო 12 წლის მანძილზე მმართველი გუნდი ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას. 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვახერხეთ და თვისობრივად შევცვალეთ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, რამაც დაასრულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი მმართველობა ქვეყანაში, რასაც თან ახლდა ქუჩებში ახალგაზრდების დახვრეტა, ბიზნესის რეკეტი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის დარბევა და ასე შემდეგ. 

ბოლო 12 წლის მანძილზე ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა დაიწყო სასტიკი ბრძოლა. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეინიშნებოდა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევდა საქართველოს ომში ჩართვას. მაგალითად ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთისათვის, მოხალისეებით სავსე თვითმფრინავის გაგზავნა უკრაინაში, უვიზო რეჟიმის გაუქმება, ორმხრივი ფრენების გაუქმება და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, შიდა და გარე აქტორები ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა დაეშვა და ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რაც პირველ ხანებში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევდა, შემდეგ კი საომარ მოქმედებებში გადაიზრდებოდა, რაც, თავისთავად, ცხადი იყო, რომ გლობალური მოთამაშეების ინტერესებში შედიოდა, რადგან რუსეთის დასუსტება პატარა საქართველოს ხარჯზე, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში იყო. სწორედ ამ გლობალურ ინტერესებთან უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში დღემდე ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით დგას და ზურგს გვიმაგრებს ქართველი ხალხი, რომელიც არ ჰყვება შიდა თუ გარე აგენტების პროვოკაციებს, მათ რადიკალიზმს და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. 

სწორედ ამ უწყვეტი მშვიდობის ხარჯზე შეძლო ქვეყანამ ის, რომ 2012 წლის შემდეგ ბიუჯეტი გასამმაგდა; მთლიანი შიდა პროდუქტი 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარზე ავიდა. ეს ზრდა დღემდე გრძელდება და ბოლო სამი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ციფრით გამოიხატება; განახევრდა უმუშევრობა; 700 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწია; საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 95% სარგებლობს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით; გაიზარდა სოციალური დაცვის პაკეტი და ა.შ. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, რაზეც თვალს არ ვუხუჭავთ. აქ ოპოზიციონერები, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ახლა ცრემლებს ღვრიან, რომ თურმე ქვეყანა სიღატაკეში იხრჩობა და ა.შ., თითქოს ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი და იქამდე ია-ვარდით იყო მოფენილი ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კი ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკური ზრდით და ასოცირების შეთანხმების პარალელური განხორციელებით ვცდილობთ უზრუნველვყოთ საქართველოს ევროპული, ნათელი მომავალი. და ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება. ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარტივია - არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.