„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 2 სექტემბრიდან შედის ძალაში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი უნდა გადაწყვიტონ დარეგისტრირდებიან თუ არა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმეტესობა უარს ამბობს რეგისტრაციაზე, მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა ფუნქციონირებაც შეწყვიტა. ამის ფონზე, „სირცხვილიას“ განცხადებას საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რის შედეგადაც, მოძრაობამ პოზიცია კიდევ ერთხელ შეიცვალა - ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციას აღარ გაივლის.
ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, 30 აგვისტოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მეორე დღეს საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულ საკითხს პოლიტიკურ წრეებშიც გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „სირცხვილიაზე“ ბულინგმა გაიმარჯვა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქამდეც უნდა ემსჯელათ აღნიშნულის შესახებ და კონსენსუსამდე მისულიყვნენ. მისი თქმით, დღეს იმის საფრთხე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს არ მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, სადამკვირვებლო მისიებში, მაღალია.
„როგორც ჩანს, „სირცხვილიას“ შიგნითაც არ იყო ერთიანობა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ეს კანონი პირდაპირ ეხებათ, რაღაც კონსულტაციები უნდა გაემართათ და ზოგად პოზიციაზე შეჯერებულიყვნენ. ეს კანონი რომ სწორედ იმისკენ არის მიმართული და იგივე შედეგს გამოიღებს, რაც რუსეთში ჰქონდა, ამაზე სალაპარაკო ბევრი არაფერია და ეს, რა თქმა უნდა, ასეა - რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ ეს კანონი ერთი-ერთში იმეორებს იმას, რაც ფრანგებმა მიიღეს და ა.შ. ევროკავშირში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ. ჩვენთან კი, ფაქტობრივად, ავტორიტარული მმართველობაა, ასეთი კანონი იგივე შედეგს გამოიღებს, რაც რუსეთში ჰქონდა.
ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს იმ ჭრილში, რა ვითარებაში აღმოჩნდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ რეგისტრაციას არ გაივლიან - ხელისუფლება მათ დააჯარიმებს. ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მათ უარი უთხრან არჩევნებში სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე და არა ფინანსური მხარე. ეს ყველაფერი „ბლეფია“ – „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდებოდა ასეთი გადამწვეტი ნაბიჯების გადადგმა. ახლა, როგორც ჩანს, საჭიროა, რადგან მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დამსხდარიყვნენ და ყველა თემა განეხილათ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ოფიციალურად იყვნენ დამკვირვებლები არჩევნებზე“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლოა, იმედი აქვთ, რომ საკონტიტუციო სასამართლო ამ კანონს შეაჩერებს, რაც მათთვის სრულიად მისაღები იქნებოდა.
„ენჯეოები“, ეტყობა, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბოლომდე წავიდნენ, სადამდეც წასვლა შეეძლებათ. ეს ბოლომდე წასვლა იმას გულისხმობს, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან - დაელოდებიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იმის იმედით, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და როგორც სალომე ზურაბიშვილის ქარტიაში წერია, ამ კანონს გააუქმებენ. შესაბამისად, მათ ეს პრობლემა მოეხსნებათ.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ იმის იმედი, რომ საკონტიტუციო სასამართლო ამ კანონს, სულ მცირე, შეაჩერებს მაინც, ანდა სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას - როგორც მან ეს „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში გააკეთა და შეაჩერებს ამ კანონის მოქმედებას. შესაბამისად, „ენჯეოებს“ სულის მოთქმის საშუალება მიეცემათ: დაელოდონ საპარლამენტო არჩევნებს, არ დარეგისტრირდნენ და შემდეგ უკვე, თუ რა მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე, იმოქმედონ სიტუაციის შესაბამისად.
აქედან მეორე ვარაუდი გამომდინარეობს: იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან ამ კანონის გაუქმებით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაც მათზეა დამოკიდებული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში არ გაიმარჯვოს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში საუბარში.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ყოფილმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა კი განაცხადა, რომ თავად ორგანიზაციიდან ოფიციალურად წამოსულია.
„უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია - ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა", - აღნიშნა მან.