მათი [საარჩევნო] კამპანია რეალურად ეს არის - ბნელი წარსული, მუქარა, რევოლუციის დაანონსება. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, არ წამოეგოს არცერთ პროვოკაციას, რადგან სხვა გზა დარჩენილი არ აქვთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით, რომელშიც მათი და მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრებია მითითებული და „ნაციონალური მოძრაობის“ ისარი მარცხნივ, „ქართული ოცნების“ კი მარჯვენა მხარეს არის მიმართული.
„კომუნიკაციების ნებისმიერმა სპეციალისტმა კი არა, პირველ კურსელმა სტუდენტმაც იცის, რომ მარცხნივ მიმართული ისარი ნიშნავს წარსულს. ეს იყო „ნაცების“ ქვეცნობიერი. პირველი ნეგატიური ბანერი, რაც მათ დადეს სოციალურ ქსელში, იყო წარსულისკენ მიმართული ისარი. მათი ქვეცნობიერი ფიქრობს სწორად და შემდეგ ამ ქვეცნობიერის შეცვლა სჭირდებათ ხოლმე, რომ პიარულად რაღაც სწორად დაალაგონ. რეალურად, მათ დაიწყეს ნეგატიური კამპანია. არცერთი ნეგატიური ბანერი სხვას არ ჰქონდა გამოქვეყნებული. ვთხოვ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ დამკვირვებელს, დააფიქსირონ ეს ყველაფერი. მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] გააკეთეს პირველი, ნეგატიური, ზიზღის შემცველი ბანერი.
რაც შეეხება მათ პიარს, როდესაც ზუსტად იცის აგენტურულმა ოპოზიციამ, საქართველოში „მეხუთე კოლონამ“, რომ ისინი არჩევნებს ვერათუ მოიგებენ, არამედ „ქართულ ოცნებას“ დიდი შანსი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, გადადიან პროვოკაციაზე. რთულია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მაგრამ გვაქვს ამის რეალური შანსი. მაგალითად, ქალბატონი ნინო ევგენიძე [ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი] აანონსებს რევოლუციას. მან ზუსტად იცის, რომ თეორიული შანსიც კი არ აქვს ოპოზიციას და აანონსებს რევოლუციას. მაგალითად, ბატონი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებულ „დროასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა ნაცების ერთ-ერთ დანაყოფში და კარგად იცის, რომ [არჩევნების] მოგების მინიმალური, თეორიული შანსიც არ აქვს, ემუქრება და ამუნათებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ელჩებს და ა.შ. მათი [საარჩევნო] კამპანია რეალურად ეს არის - ბნელი წარსული, მუქარა, რევოლუციის დაანონსება. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, არ წამოეგოს არცერთ პროვოკაციას, რადგან სხვა გზა დარჩენილი არ აქვთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.