კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი მიუძღვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო და ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას და ამის ფონზე ისინი რომ ისევ პოლიტიკაში რჩებიან, დაუშვებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ის პარტიაა, რომლის გასამართლებასაც ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს.
„მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა და მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენს შემთხვევაში ვერ გახდება შეცხადებისა და კრიტიკის საფუძველი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა“, - განაცხადა წილოსანმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
„უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. პარტიების აკრძალვა ევროპის 37 ქვეყნიდან 20-ში უკვე მოხდა.
დღეისათვის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევაა, სტრასბურგის სასამართლოს ამ დრომდე განხილული აქვს ოცდასამი საქმე პარტიების დახურვის შესახებ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის კი, უკრაინაში აკრძალულია 22 პარტია, საფრანგეთში - 13, რუმინეთში - 9, სია ვრცელია და მოიცავს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა და სხვა. უკრაინის შემთხვევის განხილვა შესაძლოა დემოკრატიის ხარისხის კუთხით არ იყოს საუკეთესო მაგალითი, თუმცა თავად ციტირებენ ამ ქვეყნის პროცესებს და მეც მოგახსენებთ, რომ ამ მათთვის სამაგალითო ქვეყანაში, 22 პარტია იქნა აკრძალული წლების განმავლობაში კონსტიტუციის ნორმებთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო. უკანასკნელი მსგავსი აქტივობა უკრაინამ ბოლო 2 წლის მანძილზე განახორციელა, კერძოდ, პრორუსულობის მიზეზით აკრძალა პარტიები“, - აღნიშნა წილოსანმა.
მისი თქმით, იდენტური პრორუსულობის მიზეზით იქნა აკრძალული ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია მოლდოვაშიც 2023 წელს.
„თუმცა რაც ორივე შემთხვევაში მინდა კარგად დაგანახოთ არის პარტიების აკრძალვის რეალური საფუძველი - პრორუსულობა ან პრო რომელიმე სხვა სახელმწიფოს პოზიციონირება, თავისთავად ეს იმიტომაა პრობლემა, რომ ანტიუკრაინულს და ანტიმოლდოვურს ნიშნავს. აბა, რამდენ ანტიქართულ ქმედებას გავიხსენებთ „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში?! აღარ შევეხები ანტიდემოკრატიულს, ანტიჰუმანურს. 2003 წლიდან, ეს პარტიად წოდებული დაჯგუფება არაერთი ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების სათავეა. მათ ანგარიშზეა - დაკარგული ტერიტორიები, დარბეული მედია, დატერორებული ბიზნესი, ნაწამები პატიმრები, უსამართლოდ მოკლული ახალგაზრდები, ასე უსასრულოდ გრძელდება ჩამონათვალი იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელთა ნაწილზეც დღეს უკვე ინდივიდუალურად არაერთი მათი ლიდერია გასამართლებული და დამნაშავედ ცნობილი. ფაქტია, ოპოზიციაში ყოფნისას მათ არანაკლებ მავნებლური მიზნები ამოძრავებდათ - ასოცირების შეთანხმების ხელის შეშლიდან დაწყებული, ქვეყნის შიდა არეულობებით და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწყების სურვილით დასრულებული - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სახე და ხელწერა. როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ სხვადასხვა შესაკრებლის სახით, ქართული საზოგადოებისა და სამართლის წინაშე ისინი მუდამ ერთ უცვლელ ჯამად - ნაცკლასტერად რჩებიან. როდესაც ანტიქართულ ქმედებებზე ვსაუბრობთ „ნაციონალური მოძრაობა“ ამგვარი ქმედებების მთელ „ბუკეტს მოიცავს“, - განაცხადა წილოსანმა.
მან კოლეგებს საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლი შეახსენა.
„დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას“, - აღნიშნა წილოსანმა.
მისი მოსაზრებით, თუკი ამგვარი პარტიის შექმნა დაუშვებელია, მით უფრო დაუშვებელია მსგავსი პარტიის არსებობა და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ემსახურება.