მონოპოლია ოპოზიციაზე აღებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პარტიები, რაც შეიქმნა, ყველა „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ აერთიანებთ საერთო მესიჯბოქსი - რუსული. თუ გინდა „ნაცი“ ამოიცნო, უნდა დააკვირდე და თუ რუსულს იძახის, ნაცია. რუსულის გარდა საერთოდ არაფერი გააჩნიათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლია აქვს აღებული ოპოზიციონერობაზე და ჯანსაღ ძალებს საშუალება არ ეძლევათ ოპოზიციურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ.
„როდესაც შენ უდიდესი დანაშაული გაქვს ჩადენილი და როდესაც პარტიამ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთელ მსოფლიოს აჩვენა აქედან იქეთ დაბომბვა, მერე თავის ჯარისკაცებზე თქვა, რომ მათ შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინეს, კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები და სხვას რუსებს ეძახიან, აი ამ დანაშაულისთვის უნდა გასამართლდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია - ცოტა ხნით ადრე, სამშობლოს, სახელმწიფოს ღალატის მუხლი გააუქმებს. რაც ჰქონდათ დაგეგმილი, რომ პასუხისგებაში არასდროს მიცემულიყვნენ.
დღეს ვლაპარაკობთ, რომ ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ამისთვის უნდა გასამართლდნენ. ჩვენ როდესაც მოვიკრიბეთ ძალა და შევძელით ამაზე თამამად ლაპარაკი, დღეს კატეგორიულად ვამბობთ, რომ ისინი უნდა გასამართლდნენ და ხალხს ვთხოვთ ამისათვის მაქსიმალურ ლეგიტიმაციას. ეროვნული საკითხების განმტკიცების პარალელურად, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომ გავასამართლოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ აიკრძალოს ეს პარტია იმისთვის, რომ ველი მოსუფთავდეს ნაცებისგან და ჯანსაღმა ეროვნულმა ძალებმა იქ შეძლონ პოზიციონირება. ეს კანონში აისახება თუ რა გზით იქნება, ამაზე ბევრი სამსჯელო იქნება საზოგადოებასთან ერთად და გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.