„ფეიკდეზინფორმაციული ცილისწამებლური კამპანიაა, თითქოს ხელისუფლება ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს, ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა“

„ფეიკდეზინფორმაციული ცილისწამებლური კამპანიაა, თითქოს ხელისუფლება ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს, ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა“

კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი დაფიქსირდება. ასეთია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რასაც სინოდის წევრებიც ეთანხმებიან.

განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია. ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება ოპოზიციამ ეკლესიის გაკონტროლებისა და დაქვემდებარების სურვილად აღიქვა. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ირაკლი კობახიძემ პირადი მარცხი განიცადა საპატრიარქოსთან და უარი მიიღო არჩევნებში დახმარების თაობაზე. თუმცა ირკვევა, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის წინასწარი შეთანხმება შედგა. შესაბამისი ჩანაწერი მალე აისახება საკონსტიტუციო ცვლილებაში. მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას საპატრიარქოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. უბრალოდ, პატრიარქის სურვილია, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივა დაჩქარებულად არ იქნას განხილული.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა შედგა და გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრებიც მიესალმებიან.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიმართავს ოპოზიციას, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, რადგან საპატრიარქოს წარმომადგენელმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმება შედგა. არჩილ თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია გაღიზიანებულია იმის გამო, რომ საზოგადოება, ხელისუფლება და ეკლესია დგას ერთად იმ მნიშვნელოვანი ინტერესისთვის, რომელსაც საქართველო, ჩვენი სამშობლო ჰქვია, რასაც ჩვენი ქვეყნის სულიერება, ზნეობა და ღირებულების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენ გვაკავშირებს და გვაერთიანებს. ჩვენი შეთავაზება იყო გულწრფელი, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ხელისუფლების ინიციატივაა, გააძლიეროს მართლმადიდებლობისა და რელიგიის როლი, განსხვავებით უსამშობლოებისგან.

არაერთხელ ყოფილა უსამშობლოებისა და მათი პატრონების შემოტევა დედა ეკლესიაზე, მათ შორის, პატრიარქზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ქართული სახელმწიფო, ეკლესია, ერი და ბერი განუყოფელია, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი ისედაც არის დაფიქსირებული, ახალი რა უნდა ჩაწერონ, არ ვიცი, - აცხადებს გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლის დაფიქსირებას მიესალმება და ამბობს, რომ რასაც რევანშისტი ნაცოპოზიციის სპიკერები და მათი პროპაგანდა აცხადებს, ყველაფერი პირიქითაა. გია აბაშიძის აზრით, მმართველ პარტიასა და საპატრიარქოს შორის ხინჯის შეტანის ფუჭი მცდელობა აქვთ ე.წ ყველაფრის მცოდნე ექსპერტებსაც, რომლებიც გუშინ იყვნენ ვირუსოლოგები, კრიმინალისტები, დღეს არიან ე.წ. თეოლოგები. თუმცა ხინჯის შეტანის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, ისევე, როგორც უშედეგოა მათი ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობა წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ძალიან ბინძური ჭორი და ინსინუაციაა იმის თქმა, თითქოს ქართულ ოცნებას სურს საპატრიარქოს დამორჩილება. ეს არის მავნებლობა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რაც ახასიათებთ კოლექტიურ ნაცებს და რაც გვინახავს ნაცმოძრაობის ზეობის დროს. არაერთხელ გავხდით იმის მოწმენი, რომ რასაც მმართველი გუნდის ხელმძღვანელები ამბობენ, ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ერთი ერთში მართლდება, ხოლო რასაც ამბობენ ნაცოპოზიციის რევანშისტი ანგარებიანი პერსონაჟები, ყველაფერი უკუღმაა და მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. შესაბამისად, რაც თქვეს ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ, რომ მიღწეულია შეთანხმება ეკლესიის კიდევ უფრო მაღალ სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში, ეს არის სიმართლე, ამას წყალი არ გაუვა. ეს არ არის ის, რაც წარსულში დავტოვეთ- ნაცმოძრაობის მახინჯი პოლიტიკა, რომლებიც ცდილობდნენ, მოესყიდათ მაღალი იერარქიის მღვდელმსახურნი, არამედ აქ არის ისტორიული რეალობის განმტკიცება კონსტიტუციაში, საქართველოს თვითმყოფადობაში ეკლესიის როლის ხაზგასმა, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, საპატრიარქო უნდა იყოს მთავარი მოქმედი პირი, ასევე, მსჯელობაში უნდა ჩაერთონ მიუკერძოებელი, ობიექტური კონსტიტუციონალისტები, თეოლოგები, ისტორიკოსები. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება საქართველოს სახელმწიფოს სასახელოდ და დესტრუქციული ნაცმოძრაობის კიდევ ერთი ბრიყვული და ბინძური დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად.

ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ემზადება არჩევნებისთვის. ასეთ პირობებში ხელისუფლებას საკმაოდ დამაჯერებელი პოზიცია აქვს და, ცხადია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურთ ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალას, რომლებიც ერთად მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას აპირებენ მოქმედ კონსტიტუციაში.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პესპექტივებზე, შესაბამისი ცვლილება უნდა იქნას შეტანილი კონსტიტუციაში, როდესაც ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვუყრით კენჭს ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვნების დაცვის კანონს, ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო დონეზე ლგბტ პროპაგანდა უნდა იქნას აკრძალული ქვეყანაში. ლოგიკურია, რომ ამ შესაძლო და მოსალოდნელი ცვლილებების წინ ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ ჰკითხა საპატრიარქოს, ხომ არ სურს, ჩვენი ეკლესიის როლი და ადგილი ქვეყნის წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში საკონსტიტუციო ჩანაწერით კიდევ უფრო იქნას გამაგრებული და გამყარებული. საკითხი ასე არ იდგა, რომ ჩვენ თქვენ გთავაზობთ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას, უბრალოდ, ხელისუფლებამ იკითხა, ხომ არ გსურთ ეკლესიის როლის გამყარება, რამეთუ ეს ურთიერთობა ისედაც არის გამყარებული იმავე კონკორდატით და იმავე ჩანაწერით მოქმედ კონსტიტუციაში. სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში, - აცხადებს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მისი მოსაზრებით, თუკი ეკლესიის მხრიდან იქნება გარკვეული სურვილები, ცხადია, სახელმწიფო მზად არის, ეს სურვილები გაითვალისწინოს უკვე სამომავლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში, თუკი მმართველ ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. არანაირი თავს მოხვეული, აკვიატებული წინადადება მაინცდამაინც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით არც სახელმწიფოს მხრიდან არ დაყენებულა და არც საპატრიარქოს მხრიდან. მით უმეტეს, არც ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის წართმევაზეა საუბარი. დავით ქართველიშვილის შეფასებით, ეს არის სუფთა ფეიკდეზინფორმაციული ცილისწამებლური კამპანიის კიდევ ერთი გაგრძელება, რასაც, სამწუხაროდ, უკვე 20 წელიწადია, მიჩვეულნი ვართ ნაცმოძრაობის მხრიდან.

მერაბ.g ყველამ იცის რომ ნაცები, ანუ მეცოცხეები არიან მატყუარები, ცილისმწამებლები, მწამებლები, მძარცველები, სამშობლოს გამყიდველები, უცხო ძალთა აგენტები ... და მიუხედავად ამისა მაინც ბოგინებენ; ამ დროს ხალხმა ასპიტს თავი უნდა გაუჭეჭყოს, ანუ ხმა არ უნდა მისცეს
2 თვის უკან