„ქართული ოცნება“ „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობას, ტექნიკურად, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს“ უკავშირებს და სხვა დაპირებებისგან განსხვავებით, ეს საკითხი ბოლო დროს მმართველი გუნდის განცხადებებში ხშირად ჩნდება.
„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში შეკრებილ ამომრჩეველს განუცხადა: „მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება, ნებისმიერ დროს შეიძლება დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი“ - ბრძანა ივანიშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის „ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება“.
ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოახერხებს „ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.
ამ გზავნილებზე საპასუხო განცხადება კრემლიდან არ გაკეთებულა. არადა დამოუკიდებლობის დღეს, როცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“ ანუ გაერთიანებამდე, მაშინ მოსკოვში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ეს „ფანტაზია“ და „ეშმაკისეული მსჯელობაა“.
თუმცა მოსკოვისგან განსხვავებით, პანიკა აფხაზეთში შეიმჩნევა. აფხაზური მედია წერს, რომ თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის რაღაც ფარული გარიგება მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კრემლი აფხაზების დასჯას აპირებს. მათი ვარაუდით, აგარაკების ირგვლივ დაწყებული დაპირისპირების ფონზე, კრემლი შურისძიებას აპირებს და თბილისთან გარიგებას აწარმოებს.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ კრემლი „ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ეხმარება და აფხაზეთის დაბრუნების თემა ბლეფია.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან კატეგორიულად გამორიცხავს ოპოზიციის ვერსიას, თითქოს „ოცნებას“ მოსკოვი წინასაარჩევნოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემით ეხმარება. მამრაძე ამბობს, რომ საკმარისი იყო პრემიერ კობახიძეს ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ, მაშინვე კრემლიდან ამას მწვავე განცხადებები მოჰყვა. ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკითხი ამ სახით გადაფარონ არასწორია.
„საქმე ისაა, რომ ისეთი რაღაცეები, როგორიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ომით და ძალის გამოყენებით არ ხდება. ეს დიპლომატიის და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უნდა მოხდეს, მას მოთმინება და ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება. საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა რუსი ჯარისკაცი რომ გავიდეს, ამ შემთხვევაშიც კი ძალას არ გამოიყენებენ.
მოვა დრო და სიტუაცია ისე, რომ თავად აფხაზები და ოსები იტყვიან საქართველოსთან და ქართველებთან ერთად ცხოვრება გვსურსო. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ზუსტად ამას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილიც. ასეთი შანსი დგება მაშინ, როცა გეოპოლიტიკური სურათი რადიკალურად იცვლება. ახლა რა სიტუაციაც უკრაინაში ვითარდება, ახალი გეოპოლიტიკური ეპოქის კონტურები იკვეთება. ადრეა საუბარი იმაზე, როგორი იქნება, რა იქნება, თუმცა სწორი და დროულია იმაზე მუშაობა, თუ როგორ, რა ფორმით შეიძლება ამ ხალხს ვესაუბროთ, როგორი კომუნიკაციის საშუალება მოვძებნოთ. ამაზე, ფაქტია, „ოცნება“ ფიქრობს და ეს გასაკვირი რატომ უნდა იყოს. თუკი შანსი გვეძლევა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები წინ არ დავაყენოთ?!“,-ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ისევ და ისევ, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის და ნდობის აღდეგნა უნდა ვცადოთ, რისი დროც, დიდი ალბათობით, მოდის. მამრაძე ამბობს, რომ თუკი ამ ყველაფერს კონსტიტუციაში ცვლილებები დასჭირდება, ესეც აუცილებელია. ამიტომ სწორად მოუწოდებს ივანიშვილი ამომრჩეველს, რომ ამ მიზეზების-და გამო, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
„აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო და იგივე კულუარული ურთიერთობა აფხაზებს-ოსებსა და ქართველებს შორის არ იმალება. ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. იმ რთულ ვითარებაში, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, უფრო მეტი დაკვირვება გვჭირდება. თუმცა აფხაზებმაც და ოსებმაც უნდა იცოდნენ, რომ უფრო ახლო კეთილმოსურნე მოძმე ხალხი, ვიდრე ჩვენ ვართ, მათ არ ჰყავთ. რთულია ეს და ამაზე წლებია სამუშაო. ბევრი ახალგაზრდა საქართველოში დასასვენებლად ჩამოდის და ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელებში მათ აღფრთოვანებულ ვიდეოებს საქართველოზე. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და აი, ამ ფორმის კომუნიკაციით შეგვიძლია რაღაცა დონეზე ურთიერთობების აღდგენა. ამიტომ გასაკვირი არაფერი არ არის და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამბობს მამრაძე.
რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია, რადგან რუსული პროექტების გატანა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტრომ მის ირგვლივ მოვლენები ძალიან დრამატულად ვითარდება. ყოფილი მინისტრი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბჟანიას რუსები დაკისრებული მოვალეობების შესრულებას სთხოვენ.
„ბჟანიას ბიჭვინთის საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს. განსაკუთრებით აპარტამენტების საკითხი ვერ შეასრულა და მისი ვადა იწურება. ამიტომაც რუსეთი კისერზე ფეხს აჭერს, რათა ბჟანიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მოსკოვის სასარგებლოდ, თუ არადა ხელს შუწყობს მის გაშვებას. ეს კაცი აფხაზეთში კორუფციაში და ბევრ ცუდ საქმეებშია გახლართული. ერთი მხრივ, საზოგადოება ვერ იტანს და მისი გაშვება უნდათ და მეორე მხრივ რუსეთი აწვება და აიძულებს რაღაც გააკეთოს. რაც შეეხება იმას, შეუწყვეტს თუ არა რუსეთი აფხაზების დახმარებას, ეს ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოებაში რუსეთის მიუღებლობას. საზოგადოება ბჟანიას ვერ იტანს, მაგრამ რუსეთის მიმართ ჯერ კიდევ ლოიალობას ინარჩუნებს. ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა აფხაზურიი საზოგადოება დასაჯონ. დასჯიან უფრო ბჟანიას და „არჩევნებში“ მის გამარჯვებას ხელს არ შეუწყობენ. რუსეთს კავკასიაში ისედაც პრობლემები აქვს და აღარ აწყობს, რომ აფხაზებთანაც გაიფუჭოს საქმე. ამიტომ მე არ ველი, რომ აფხაზეთს ასე, ვინმე დაგვითმობს და ეს საკითხი ასეთი მარტივი გადასაწყვეტია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ჯერ ერთი, შეუძლებელია მოუმზადებელი მოვლენა მოხდეს, რადგან აფხაზები ჯერ თბილისის მხარეს არ იყურებიან და მეორე - არ უნდა გვეგონოს, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთი ასე აიღოს და თბილისს დაუთმოს.
„რუსეთმა კარგად იცის, რომ ბჟანიაში, ბაღაფშში და ანქვაბში არაა საქმე, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო. ამიტომ ყოველთვის, როცა რუსეთი ხედავს, რომ აფხაზები ამა თუ იმ თემაზე ღიზიანდებიან, სულ ცდილობს, რომ დასაჯოს არა აფხაზი ხალხი, არამედ ე.წ. ხელისუფლება და თავში წამოარტყას. რუსეთს ჯერ აფხაზეთი უნდა გარანტირებულად და მეორე რიგში დანარჩენი „სიკეთეები“, მიწაზე საკუთრება იქნება ეს, თუ სხვა. სამწუხაროდ, მოსკოვს უფრო კარგად ესმის რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვიდრე თბილისს. ამიტომ მე ასეთი ოპტიმისტი ვერ ვიქნები და ეს, ისევ და ისევ, წინასაარჩევნო თემა მგონია, რომელსაც რეალობასთან საერთო არა აქვს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.