შალვა პაპუაშვილი: ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა: ეს იყო ჩვენი ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება

შალვა პაპუაშვილი: ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა: ეს იყო ჩვენი ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება

ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა დიდი ხანია აირჩია ევროპული გზა, რომელიც მისი თქმით, ქართველი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში.

,,ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს. გურულებს ყველაზე კარგად ესმით, რომ პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკა, ყველა მოქალაქის საქმეა, რადგან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ჩვენი საპატრონოა. ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია  მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა. ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში. ამიტომ, დღეს, მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის, ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება. ჩვენ - ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ - ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა, გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე, ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია, შინ და გარეთ,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

,,ბოლო ორ წელიწადში კარგად დავინახეთ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს დამღუპველი და გამანადგურებელი ომისკენ. როგორ უცებ დაივიწყეს რუსეთის მიმართ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა, რომელსაც მანამდე დაჟინებით გვირჩევდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი და დამღუპველი სამხედრო-პოლიტიკური ესკალაცია მოითხოვეს ჩვენი ხელისუფლებისგან. საუბედუროდ, ჩვენი ოპოზიცია პირდაპირ ჩაება საქართველოს თვითგანადგურების პოლიტიკურ კამპანიაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ისინი მოითხოვდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ესკალაციას. და დღესაც ეს არის მათი მთავარი დაპირება: მოხალისეების ფრონტზე გაგზავნა, საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, ვიზების შემოღება, სანქციების დაწესება და ვაჭრობის გაჩერება. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდონ ხელში, მეორე დღესვე ამ ყველაფერს გააკეთებენ. რა არის ეს, თუ არა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა და, უფრო მეტიც, ქვეყნის პირდაპირი ღალატი, რომლის ბოლო ერთია - ომი, ნგრევა, სიკვდილი, ჩვენი სამშობლოს, ოჯახების და მომავლის განადგურება. და რისთვის ეს ყველაფერი? დაღუპო შენი ხალხი, რომ უცხოელმა ტაში დაგიკრას? გასწირო შენი ქვეყანა ნგრევისთვის, რომ წითელი ხალიჩა დაგიგონ? არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს.

ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვიღას დასჭირდები სიღატაკესა და უიმედობაში ჩაძირული? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი? ასეთი დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და არც ნატოს.

პირიქით, ნებისმიერი ცივილიზებული თანამეგობრობისთვის ისეთი სახელმწიფოა მისაღები, რომელიც მტკიცედ, ორ ფეხზე დგას ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოებით, ღირსებით. ქვეყანა, რომელიც პარტნიორებს გვერდში უდგას საერთაშორისო მისიებში. გაერთიანებული ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს მეგობრებს და თავადაც იცის საკუთარი ფასი. სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ. და სწორედ ამას ებრძვის ოპოზიცია.ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა: ეს იყო ჩვენი ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იღებდა გადაწყვეტილებას. სწორედ დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე. სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. სწორედ ამიტომ, ხელახლა უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს და სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო. მადლობა, რომ გურია ჩვენს გვერდითაა! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.