ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი ბურჯანაძემ აღიარეს, რომ საია 2008 წლის ომთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ, შეჰქონდა სტრასბურგის სასამართლოში და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ომის დანაშაულს ჩადიოდნენ, - ამგვარად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.
„სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იმ ადამიანმა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ - გიორგი ბურჯანაძემ, ასევე ანა ნაცვლიშვილმა აღიარეს, მათ წამოცდენა ჰქონდათ და შემდეგ ვერ გაექცნენ თავის ნათქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საია 2008 წლის ომთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ, შეჰქონდა სტრასბურგის სასამართლოში და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ომის დანაშაულს ჩადიოდნენ. ეს აღიარეს და პირდაპირ განაცხადეს.
რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და სამხედროებს დაჰბრალდებოდათ ომის დანაშაულის ჩადენა. ეს სხვა არაფერია თუ არა ღალატი და ღალატზე ხელის მოწერა და ეს ადამიანები დღეს ბედავენ და ჩვენ გვიწოდებენ „რუსებს“. ამაზე უფრო რუსული და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ბუნებაში არ იარსებებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
აღნიშნულ თემაზე გიორგი ბურჯანაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიცია 30 აგვისტოს სხდომაზე გააჟღერა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკუთარი სახელმწიფოსთვის ცხინვალის დაბომბვის დაბრალება წითელი ხაზი და სამარცხვინოა.