„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საფრანგეთში არსებულ კანონმდებლობას, რომელიც საარჩევნო პერიოდს ეხება და არეგულირებს, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს და პარალელს საქართველოსთან ავლებს.
მისი თქმით, ალბათ, აქამდე ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს არ ახასიათებდა ასეთი დონის დეზინფორმაცია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, ამ ფონზე კი, საფრანგეთში მსგავსი რამ 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.
„ალბათ, აქამდე ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან არ ახასიათებდა ასეთი დონის წმინდა წყლის სიცრუე, ცილისწამება და დეზინფორმაცია. ამას აღარც ნიღბავენ და ამ „ღირებულების" გარშემო უკვე დღეიდან იწყებენ თავისი ლეგიონის გაერთიანებას, საშემოდგომოდ, ქუჩაში გაყვანის მიზნით. „რუსული კანომდებლობის" ტყვეობაში მყოფი საფრანგეთი, სადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება (განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში) დასჯადია სისხლისსამართლებრივი წესით, ერთხელაც გავიხსენოთ, „ავთანდილოვიჩის მოსვლამდე".
სწორედ საარჩევნო პერიოდს ეხება 2018 წლის ნოემბერში საფრანგეთის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი კანონი – „საარჩევნო პერიოდში ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ“, რომელიც ამკაცრებს კონტროლს სოციალურ ქსელებში პოსტების მეშვეობით ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე. კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებულ კანდიდატს, პარტიას ან მოქალაქეთა გაერთიანებას შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს სოციალური ქსელებიდან ან მედიიდან ისეთი მონაცემების ამოღება, რომლებიც მათ გაყალბებულად მიაჩნიათ.
სასამართლომ საჩივარი 48 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს და დადასტურების შემთხვევაში, „შეაჩეროს ყალბი ინფორმაციის გავრცელება“. გარდა ამისა, ამავე კანონის თანახმად, სოციალური ქსელები (კერძოდ, ფეისბუქი და ტვიტერი) ვალდებულნი არიან აცნობონ მომხმარებლებს იმ პოლიტიკური რეკლამის შემცველ ინფორმაციაზე, რომელიც კომერციულ საფუძველზეა განთავსებული მისი დაფინანსების წყაროს მითითებით.
საფრანგეთში ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვაა გათვალისწინებული „პრესის თავისუფლების შესახებ კანონითაც“. დოკუმენტში (მუხლი 27) ნათქვამია, რომ არაკეთილსინდისიერი პუბლიკაციების გავრცელებისთვის ან რეპროდუცირებისთვის, რომლებიც მოიცავენ ნებისმიერი საშუალებით გავრცელებულ ცილისწამებას, შეთითხნილ და გაყალბებულ შეტყობინებებს, ისევე, როგორც მესამე პირების „ავტორობას“ მიწერილ ყალბ შეტყობინებებს, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება, ან მისი გამოწვევის შესაძლებლობას ჰქონოდა ადგილი – ისჯება 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით. აღნიშნული ჯარიმა იზრდება 135 ათას ევრომდე, თუ ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება, გავრცელება ან არაკეთილსინდისიერად რეპროდუცირება ძირს უთხრის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სფეროს, შეიარაღებული ძალების იმიჯს, მართლმსაჯულებისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემებს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.