დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, - განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
„არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას - გინდ გაერთიანებული დავარქვათ, გინდ გასაერთიანებლები და გინდ ყველა ცალ-ცალკე ავიღოთ. ნულია მათი ფასი და მათი შესაძლებლობები არჩევნებში გამარჯვების. რეალურად, რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, იბრძოლოს იმისთვის, რომ როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს საარჩევნო ბარიერი. ეს არის მოცემულობა და ეს ყველაფერი მათაც ძალიან კარგად იციან.
მეორე თემა: დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ეს რადიკალიზმი, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახითაა წარმოდგენილი, ერთი ერთში იმავეს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთნი არიან, შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვას, მაგრამ ერთი მამა ჰყავს ყველას, ერთი პატრონი ჰყავს, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. იგივე თანხების შემოტანა ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, კონკრეტული უცხო ქვეყნები და მთავრობები არასამთავრობო ორგანიზაციების სახით აფინანსებენ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს. ვიცით ეს ყველაფერი, გვაქვს ამაზე ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტები გვაქვს და კანონის ფარგლებში ყველაფერს მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უცხო ქვეყნები პირდაპირ უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
„თუ ადრე გვიმალავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდნენ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგებისთვის, დღეს უკვე ესეც აღარ სჭირდებათ, ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, მოახერხა, რომ ყველას ვაჩვენეთ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი ე.წ. მეგობრები დასავლეთიდან, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციურ სცენარს, ექსტრემიზმს, ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიას არასამთავრობოების გავლით და ჩართულობით. ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.