ყოველთვის გვსიამოვნებს ღვაწლმოსილი მუსიკოსებისგან სიახლეების გაგონება, ხოლო როდესაც საქმე თვით სერ პოლ მაკარტნის ახალ ალბომს შეეხება, რა თქმა უნდა მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოების მის მიმართ ყურადღება გაასმაგებულია.
გასული წლის ოქტომბერში გამოცემული ალბომი New იმითაცაა საინტერესო, რომ 2007 წლის Memory Almost Full -ის შემდეგ, როკ მუსიკის ლეგენდას არ ჰქონია ჩაწერილი მთლიანად ახალი სიმღერებით დაკომპლექტებული ალბომი. New 14 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ხოლო მეორე დღეს კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ალბომის გამოსვლას რამდენიმე დღეში Queenie Eye-ს კლიპი მოჰყვა. მის გადაღებაში ჯონი დეპი, ლილი კოული, ტომ ფორდი, ჯერემი აირონსი, მერილ სტრიპი და სხვა გამოჩენილი მსახიობები მონაწილეობდნენ.
სანამ უშუალოდ ალბომ New-ს დახასიათებას შევუდგებოდეთ, მოდით მის ჩაწერაში მონაწილე მუსიკოსებს გავეცნოთ. გიტარისტი რასტი ანდერსონი მაკარტნისთან 2001 წლიდან თანმშრომლობს; პროდიუსერმა, მულტიინსტრუმენტალისტმა და დრამერმა პოლ იპუორთმა 2012 წელს ადელის ალბომის პროდიუსირებისთვის გრემის ნომინაციაში გაიმარჯვა, ასევე პროდიუსერი და დრამერი ეთან ჯონსი სესიური მუსიკოსია. მას სხვა მრავალი მუსიკოსის გარდა, დაუკრავს ემილოუ ჰარისთან, ტომ ჯონსთან და Crosby Stills & Nash-თან ერთად, ხოლო მესამე დრამზე კიდევ ერთი შემსრულებელი ებე ლაბორიელი კი წლების განმავლობაში ბი ბი კინგთან, ჯონი ჰოლიდეისთან, სტივ უინვუდთან, კელი კლარკსონთან თუ ... ლედი გაგასთან ერთად უკრავდა.
სხვა მუსიკოსების სახელები ნაკლებადაა ცნობილი. აღსანიშნავია ალბომ New-ზე ნამუშევარი პროდიუსერების რაოდენობა. ეპუორთისა და ეთან ჯონსის გარდა, ეს ფუნქცია მარკ რონსონმა და რაც მთავარია ალბომის მთავარმა პროდიუსერმა, სერ ჯორჯ მარტინის შვილმა, ჯაილს მარტინმა შეასრულეს.
საგულისხმოა, რომ ჯაილსი 2007 წელს გრემის მფლობელია Beatles-ის რემიქს ალბომ Love-ის პროდიუსირებისათვის. 2008-2011 წლებში მას ასევე უმუშავია პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის მოწონებულ The Beatles: Rock Band ვიდეო თამაშსა და მარტინ სკორცეზეს ფილმზე ჯორჯ ჰარისონის შესახებ Living in the Material World.
ალბომის ჩაწერა ექვს სხვადასხვა სტუდიაში და მათ შორის, რა თქმა უნდა ლონდონის Abbey Road Studios-ში მიმდინარეობდა. სტანდარტული ალბომი New 12 სიმღერისაგან შედგება.
ტექსტობრივი თვალსაზრისით იგი ავტობიოგრაფიულია. პოლი იხსენებს როგორც ლივერპულში გატარებულ ბავშვობას, ასევე ჯონ ლენონთან დაკავშირებულ რამდენიმე ეპიზოდს. ალბომის ერთგვარი მიმზიდველობა და სიმსუბუქე პოლის მეუღლე ნენსი შეველმაც განაპირობა, რომელზედაც სერ პოლ მაკარტნი 2011 წელს დაქორწინდა. 47 წლის მეუღლეზე უზომოდ შეყვარებული პოლი მართლაც რომ საოცარ ენერგიას ავლენს. გარდა იმისა, რომ მღერის, იგი უკრავს ბას გიტარაზე, სხვადასხვა ტიპის კლავიშებიან ინსტრუმენტებზე, პერკუსიაზე. მთლიანობაში ამ ინსტრუმენტების რიცხვი 16(!)-ს აღწევს. როგორი დამთხვევაა. New ხომ სერ პოლ მაკარტნის მე-16 სტუდიური ალბომია...
ალბომს ენერგიული Save Us ხსნის, რომელიც სერ პოლ მაკარტნის თითქოს კვლავ „პატარა ბიჭად“ წარმოგვიჩენს. მისი მოსმენისას ვერანაირად ვიფიქრებთ, რომ აქ 71 წლის კაცი მღერის. საერთოდ ალბომმა რამდენიმე „თინნეიჯერული“ სიმღერა გააერთიანა, რამაც საკმაოდ ხალისიანი გახადა იგი მოსასმენად.
პოლ იპუორთის პროდიუსირებით გამხსნელ Save Us-ის გარდა, ალბომში კიდევ ორი სიმღერაა შეტანილი. ზემოთხსენებული Queenie Eye და Road. Queenie Eye მაკარტნის შთამბეჭდავი და ერთგვარად ნოსტალგიური მელოტრონით იხსენება, რასაც ქვეცნობიერად Strawberry Fields Forever -ის ეპოქაში გადავყავართ.
ძალიან უცნაურად და მოულოდნელად ჟღერს გადასვლა Save Us-დან მომდევნო სიმღერაზე Alligator. აქ მაკარტნისეული მხოლოდ ვოკალის პარტიის მონახაზია. არანჟირებით კი იგი იმდენად განსხვავებულია მისი ნებისმიერი სიმღერისგან, იქნება ეს გიტარით უჩვეულო დამძიმების მომენტი, თუ ზოგადად რიტმული მონახაზი, რომ აქვე ვგებულობთ ოთხი პროდიუსერის შერჩევის მიზანს. New გარდა იმისა, რომ მთლიანად ახალი სიმღერებითაა დაკომპლექტებული, მრავალფეროვნებით მართლაც რომ გამორჩეულია
ჯაილს მარტინის პროდიუსირების ნიმუში - მესამე სიმღერა On My Way To Work მაკარტნის ბავშვობის წლებს აღწერს. სიმღერა უაღრესად თბილი და „ბიტლურია“. აკუსტიკურ Early Days -ში კი პოლი ჯონ ლენონს შემდეგი სიტყვებით იხსენებს: „რაც დრო გადის ტკივილს სიამაყის გრძნობა ცვლის“, რითაც საბოლოოდ ვრწმუნდებით მარადიულ ნოსტალგიაში, ანუ იდუმალ მაცოცხლებელ „ბიტლურ“ ძალაში, რაც ჯონ ლენონის გარეშე წარმოუდგენელია.
შეიძლება ჯონი და პოლი სიმღერებს ერთად არ წერდნენ, მაგრამ არ არსებობს მათ მიერ ცალ-ცალკე შექმნილი სიმღერა, რადგან სერ პოლ მაკარტნი დღესაც აუცილებლად დაფიქრდება ყოველ დაწერილ სიმღერაზე - ჯონი რომ ყოფილიყო, ამაზე რას იტყოდა და რა ფორმით გადაწყვეტდა მისი საბოლოო სახით მიღებას...
ძალიან მნიშვნელოვანია ალბომში სახელწოდების მატარებელი სიმღერის როლი. New ქრონომეტრაჟით მხოლოდ Save Us-ს აღემატება. უბრალოებითა და „ბიტლურობით“ კი ალბათ ნებისმიერ სხვა სიმღერას ჭარბობს. მას ერთი უცნაურობა გამოარჩევს. სულ რაღაც 2:56 წუთის ხანგრძლივობის მიუხედავად, New-ში Beatles-ის ნებისმიერი ეპოქა გაისმის Please Please Me-ით დაწყებული, გარდამავალი Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band-ითა თუ დამაგვირგვინებელი Abbey Road-ით დამთავრებული.
Appreciate უფრო ჯაილს მარტინის თანამედროვე ხედვებს ავლენს, ვიდრე პოლის კომპოზიტორულ ტალანტს. არანჟირების მეთოდები „ბიტლურობას“ საკმაოდ აუფერულებს, თუმც მისამღერში პოლი კვლავ „იბრუნებს პოზიციებს“ და თუნდაც ხმის ტემბრის სასწაულებრივად შენარჩუნებით გვიჩვენებს მარადიული თვითმყოფადობის იშვიათ მაგალითს.
Everybody Out There, როგორც იქნა Wings-ის ეპოქაში მიგვაფრენს და ხასიათით შესაძლოა მივიწყებულ Mrs. Vandebilt-საც მოგვაგონებდეს. სიმღერა იდეალურია სცენაზე გამოსატანად, რადგან პუბლიკა მისამღერს აუცილებლად აიტაცებს. მეტიც, როგორც ჩანს მისი ამისათვის შემზადების მიზნით, ბოლოსკენ საკმაოდ ეფექტურადაა საკონცერტო ჟღერადობა შემოყვანილი.
Hosanna -ს, Alligator-ისა არ იყოს, ალბომი შედარებით მუქ ტონებში გადაჰყავს. მაკარტნი აქ სევდიანია, არანჟირების ფორმები კი აკუსტიკური გიტარის წამყვან მოტივზე დართული სხვადასხვა ეფექტებით, შესაძლოა რობერტ პლანტის Dreamland-ის პერიოდს მოგვაგონებდეს.
ალბომის ყველაზე არასერიოზული I Can Bet -ით მაკარტნის მსმენელი ერთგვარი დანაღვლიანების მდგომარეობიდან სასწრაფოდ გამოჰყავს. მოკლე სინთეზატორული სოლო, ალბათ აქ ისეთივე სპონტანური მოგონების შედეგია, როგორც ამ სიმღერის საერთოდ შექმნა...
ბოლოსწინა Looking at Her, Girl-ის მისამღერის გადმოღებით თუ მოგვგვრის ღიმილს. ფაქტია, რომ დამაბოლოვებელ აკორდ Road-ზე ბევრი რამაა დამოკიდებული ალბომის შესახებ საბოლოო დასკვნის გამოსატანად. სერ პოლ მაკარტნი აქ თითქოს ეცადა ალბომის იდეის, ანუ მისი კომპოზიტორული ხელწერის, თანამედროვე პროდიუსერების ხედვებისა თუ მუსიკალური ტენდენციების, თანაბრად წარმოჩენას.
თუ როგორ განახორციელმა ლეგენდარულმა მუსიკოსმა ყოველივე ეს, პასუხს ალბათ ჩარტებში უნდა ვეძიოთ. ალბომმა New პირველი ადგილი ნორვეგიაში დაიკავა, მეორე ადგილზე საფრანგეთში, იაპონიასა და დანიაში დამკვიდრდა, დიდ ბრიატანეთსა და აშშ-ში კი ახალი ნამუშევარი მესამე ადგილზე გავიდა.
ალბათ შედეგი საკმაოდ მრავლისმეტყველია და აქედან გამომდინარე New -ს „სუპერ“ ალბომად მოხსენიებისთვის არავინაც არ დაგვძრახავს. უნდა ითქვას სამი „ბონუს ტრეკის“ შესახებაც, რომელთაგან აშკარად გამოირჩევა მელანქოლიურ - სიღრმისეული დამაბოლოვებელი Struggle. მისი მოსმენის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, რომ Let It Be-ს მოსმენა მოვისურვოთ...