პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ყვარელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყვარლის ევროკლუბის“ შეხვედრას და ღონისძიებებზე გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ყვარლის შეხვედრა არ არის ერთადერთი შეხვედრა. კარგია, რომ ეს მაინც გამჟღავნდა, თორემ არაერთხელ ვიხილეთ ფაქტები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ დესტაბილიზაციის კონსპირაციულ გეგმებს. ეს კონკრეტული შეხვედრა იმედია, იქნება კიდევ ერთი მინიშნება, რა ორიენტაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში 14 აგვისტოს გამართული შეხვედრის დეტალები ხდება ცნობილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ძირითადად საუბრობდა ეკა გიგაური, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად მისი მიზანია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინოს ახალგაზრდების ორგანიზება, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების მიზნით.