„სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა შიში ეკლესიის როლის დაკნინების შესახებ. მათი შიში რეალური იყო, რადგან მართლმადიდებლობაზე შეტევა ჰიბრიდული ომის ფარგლებში, სწორედ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაძლიერდა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ფსევდოლიბერალიზმმა ქართულ ეკლესიაზე შეტევა ახლა უკვე ოპოზიციიდან გააძლიერა.
„სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა შიში ეკლესიის როლის დაკნინების შესახებ. მათი შიში რეალური იყო, რადგან მართლმადიდებლობაზე შეტევა ჰიბრიდული ომის ფარგლებში, სწორედ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაძლიერდა. ფსევდოლიბერალიზმმა ქართულ ეკლესიაზე შეტევა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში, ახლა უკვე ოპოზიციიდან, კიდევ უფრო გააძლიერა.
განსაკუთრებით უკრაინის პროცესების შემდეგ, სადაც ყველამ დაინახა, თუ რა უქნეს მართლმადიდებელ ეკლესიას, საზოგადოებაში გამძაფრდა მოთხოვნა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე. ამის შესახებ ღიად წერდნენ სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა განცხადებებში. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი ემიგრანტები უცხოეთიდან, რომლებიც ეკლესიის დაცვის მექანიზმად სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მიიჩნევდნენ.
პირადად მე ხშირად მქონია მათთან საუბარი, კამათი. ვუხსნიდი, რომ თავად ეკლესიას არ სურდა ეს, მაგრამ ამას ჩემგან თავის მართლებად მიიჩნევდნენ და მაკრიტიკებდნენ. დღეს კი თავად გაიგეს ეკლესიის პოზიცია. ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ეკლესიის გასაძლიერებლად, რომ ვერავინ შეძლოს მსგავსი რამის გაკეთება, რაც უკრაინაში მოხდა.
რაც შეეხება თავად ეკლესიის პოზიციას, მათში აზრთა სხვადასხვაობა ლოგიკურია და ბუნებრივია, სურთ რისკების დაზღვევა. ვეთანხმები იმაშიც, რომ ეკლესია ძლიერია მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებელია. თუმცა, აზვირთებული ლიბერალური ფაშიზმის პერიოდში, რომელიც უპირველესად სწორედ რწმენას და ღირებულებებს ანადგურებს, მეტი სიფხიზლე გვმართებს. მართალია, “ქართული ოცნების” პერიოდში ეკლესიაც და ღირებულებებიც ხელშეუხებელია, მაგრამ არავინ იცის, რელიგიაზე დაგეშილი ლიბერალები როდის დაგლეჯენ ჩვენთვის ყველაზე ღირებულს - რწმენას. ამიტომ, ხელისუფლების შეთავაზება ეკლესიისადმი იყო არა საკუთარი ინტერესების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, როდესაც ხელისუფლება თავად სთავაზობს ეკლესიას მათივე გაძლიერებისთვის კონკრეტული წინადადების მოფიქრებას. როგორც წესი, ხელისუფლებები პირიქით იქცევიან. ეს ჟესტი დასაფასებელია და თავად ეკლესიის მსახურთათვის საყურადღებოც,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.