სარფი ყველაზე კარგად აღწერს, რა ხდება საქართველოში. სამუშაო ადგილები არ არის და ხალხი დილით [თურქეთში] გადადის სამუშაოდ, საღამოს კი უკან ბრუნდება. იმიტომ, რომ ელემენტარული ხელფასი ჰქონდეთ, მონოპოლიების გამო პროდუქტი ძვირია, ამას ივანიშვილის მონოპოლია დავარქვათ. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ფული აქედან მისდის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სარფში განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოდან ადამიანები თურქეთში სამუშაოდ აღარ გადავლენ, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება, რაც სამუშაო ადგილების და ანაზღაურების ზრდას გამოიწვევს.
„აი, ახლა ქალბატონი ვნახე, რომელიც წამლის საყიდლად [თურქეთში] გადადის, იმიტომ, რომ ფასებს შორის დიდი სხვაობაა. რაც მთავარია, აქეთ ევროკავშირი ძალიან მოკლე ვადაში იქნება, 26 ოქტომბრის შემდეგ პირიქით იქნება.
ამ ევროკავშირში გადმოვა ადამიანი თურქეთიდან იმისათვის, რომ დასაქმდეს, ანაზღაურება ჰქონდეს. აქ [საქართველოში] სამუშაო ადგილები, შემოსავალიც მეტი იქნება და ფასებიც კი უფრო დაბალი იქნება. ევროკავშირშიც კი ფასები უფრო დაბალია, ვიდრე დღეს საქართველოში, იმიტომ, რომ მონოპოლიები არ იქნება.
კიდევ ერთ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა, მძღოლები, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან, სამწუხაროდ, დღეების განმავლობაში რიგებში უწევთ ყოფნა. ამ რიგებში ფულს ხარჯავენ, მერე გადაჰყავთ ამ „ტივპარკებში“ და მერე უზარმაზარ ფასებს ახდევინებენ, რაც ასევე, სერიოზულად აწევთ მათ. ხალხი ძალიან გამწარებულია და ძალიან ბევრ საკითხზე პრობლემას აყენებს.
ჩვენ რა გვინდა? - 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, რომ ეს იყოს ევროკავშირი, აქ გვქონდეს დასაქმება, აქ გვქონდეს შემოსავალი, აქ იყოს დაბალი ფასები, აქ იყოს განვითარება, აქ იყოს წინსვლა და ემიგრაციაში ხალხს წასვლა არ უწევდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.