საკონსტიტუციო უმრავლესობის მოკრძალებული ხიბლი

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოკრძალებული ხიბლი

“არსებობს პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობა. ძალიან ცუდია, ყოველმხრივ თავიდან ასარიდებელი, რადგან არეულობის, კონსტიტუციური წეს-წყობილებისათვის უდიდეს რისკს წარმოშობს,  თუკი რაც პოლიტიკურად მიზანშეწონილია, სამართლებრივად დაუშვებელია და ასევე, პირიქითაც: რაც სამართლებრივადაა მიზანშეწონილი, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო  - პრობლემურია ან სულაც შეუძლებელია. ამ კონტექსში, თუ რა მიმართება არსებობს ამ ორ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მიზანშეწონილობას შორის, უნდა ვიმსჯელოთ ქართული ოცნების გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანზე - 26 ოქტომბრის არჩევნებში მოიპოვოს  საკონსტიტუციო უმრავლესობა.

რასაკვირველია, ასეთი მიზანი - საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება,  მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური განაცხადია, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით მიზანშეწონილობას თავისთავად არათუ არ გამორიცხავს, არამედ ამ შემთხვევაში პირიქით - ქმნის საუკეთესო პოლიტიკურ პირობას სამართლის ჯეროვანი აღსრულებისათვის. დასახელებულია სამი ძირეული ეროვნული ინტერესი, რის გამოც "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება სჭირდება. განვიხილოთ ცალკ-ცალკე, მაგრამ მანამდე უნდა გავარკვიოთ,  რას გულისხმობს მოქმედი სამართლებრივი წესრიგით "საკონსტიტუციო უმრავლესობა".

ზოგადად, "საკონსტიტუციო უმრავლესობა" ნიშნავს პარლამენტის წევრთა ისეთ "კვალიფიციურ უმრავლესობას", რომელსაც აქვს სრული პრაქტიკული შესაძლებლობა,  დამოუკიდებლად, ე.ი. პარლამენტის დანარჩენ წევრთა ნების მიუხედავად, განახორციელოს რა ე.წ. დამფუძნებელი ძალაუფლება, მიიღოს ნებისმიერი კონსტიტუციური კანონი. მოქმედი კონსტიტუციით, კონსტიტუციური კანონის მიღებას სჭირდება  პარლამენტის სრული შემადგნელობის (150 წევრი) არანკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ანუ - სულ ცოტა 100 ხმა, მაგრამ: ამ უმრავლესობით მიღებული კონსტიტუციური კანონი, ვიდრე ის ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს და გამოქვეყნდება, რათა ძალაში შევიდეს, ერთი მოსმენით ხელახლა უნდა დაამტკიცოს მომდევნო მოწვევის პარლამენტმა, ასევე არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. გამონაკლისი შემთხვევაა, კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდგომ, პარლამენტი იღებს ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვის კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც უნდა მოხდეს სრული იურისდიქციის პირობებში, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ტერიტორიული მოწყობის ხელახლა დადგენა; ამ განსაკუთრებული შემთხვევისას, კონსტიტუციური კანონის მიღებას მომდევნო პარლამენტის მიერ დამტკიცება აღარ სჭირდება და თუ ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვის კონსტიტუციური კანონი მიიღო პარლამენტმა სულ ცოტა 100 ხმით, იგი ხელმოსაწერად პრეზიდენტს მაშინვე გადაეგზავნება (ამ დროს პრეზიდენტს "ვეტოს დადების", ე.ი. თავისი შენიშვნებით კანონის უკან დაბრუნების, უფლებაც აღარ აქვს). ასევე, "კვალიფიციური უმრავლესობა" - მინიმუმ სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი (ანუ სულ ცოცა 90 ხმა) სჭირდება პარლამენტის მიერ კონსტიტუციური შეთანხმების (სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმება იგულისხმება) დამტკიცებას;  რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის მიღებას მომავალი მოწვევის პარლამენტის დამტკიცების გარეშე, მას სჭირდება სულ ცოტა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის, ე.ი. არანაკლებ 113 წევრის მხარდაჭერა.

ამრიგად, ტერმინი "საკონსტიტუციო უმრავლესობა", ნიშნავს ან ზედიზედ ორი მოწვევის პარლამენტში სულ ცოტა 100 მანდატის მოპოვებას, ანდა მომდევნო არჩევნების შედეგების მიუხედავად არანაკლებ 113 მანდატის მიღებას.

ძირეული ეროვნული ინტერესი, რისთვისაც ითხოვს "ქართული ოცნება"  მინიმუმ 100-ს და კონსტიტუციური კანონების გარანტირებულად მისაღებად 113 მანდატს, როგორც აღვნიშნეთ სამია, კერძოდ:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვა; თუ საკითხს აქ სუფთა სამართლებრივი მიზანშეწონილობით მიუდგებით, საკონსტიტუციო უმრავლეობა საჭირო არ არის. მართლაც: პარტიის აკრძალვა, მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ პარტიის საქმიანობის  "მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს" (იხ. კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი). საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს ასეთ პარტიას საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილებით, ხოლო ასეთი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეუძლიათ : საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს - ე.ი. არანაკლებ 30 წევრს და საქართველოს მთავრობას. ამრიგად, სამართლებრივი მიზანშიწონილობით ამგვარი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა აქამდეც შეიძლებოდა და დღესაც შეიძლება, "ქართულ ოცნებას" ამის შესაძლებლობა აქვს და აქამდეც ჰქონდა; მაგრამ - რასაკვირველია, აქ პირველ პლანზე გამოდის უკვე პოლიტიკური მიზანშეწონილობა და სწორედ ამგვარი მიზანშეწონილობის გამო, რათა მოიპოვოს ამომრჩევლის ისეთი მაღალი ნდობა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას უზრუნველყოფს პარლამენტში და რაც უდავოს ხდის, რომ სწორედ ასეთია ქართველი ხალხის ნება, "ქართული ოცნება" მსგავს პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს; ბუნებრივია, აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არის არანაირ კონფლიქტში სამართლებრივ მოცემულობასთან, რადგან საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ უდავო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მკაფიოდ დაასაბუთოს, რომ დიახ, ნამდვილად  - "ნაციონალური მოძრაობაცა" და მისი სატელიტი პარტიებიც მიზნად ისახავენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, 2008 წელს მათ მოღალატეობრივად ხელყვეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და განუწყვეტლივ, დღესაც და წარსულშიც, შექმნიდან დღემდე და ასევე მომავალშიც, ეწევიან და გააგრძელებენ ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ისევე, როგორც მუდმივად აღვივებენ და გააღვივებენ ყველანაირ შუღლს - იქნება ეს სოციალური, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული თუ პოლიტიკური კუთვნილებით განპირობებული და სხვ. და სხვ.

2. კონსტიტუციური უმრავლესობა ნამდვილად, აქ უკვე სუფთა სამართლებრივი მიზანშეწონილობის გამოც, აშკარად საჭიროა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს ლგბტქ+ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება;

3. ასევე, კონსტიტუციური უმრავლესობა სამართლებრივი მიზანშეწონილობით მოითხოვება, რადგან საერთაშორისო ვითარება ამჟამად აშკარად დგას ბიფურკაციის წინაშე: ან აღდგება საერთაშორისო სამართალზე დამყარებული წესრიგი ანდა მსოფლიო კატასტროფა გარდაუვალი გახდება. "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაში ფსონს დებს საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილგონიერებაზე, სამართალსა და სამართლიანობაზე; იმედოვნებს და მოელის, რომ ეს გლობალური ტურბულენტობა, უწინარეს ყოვლისა - ომი უკრაინაში, მალე დასრულდება სწორედაც არა რომელიმე ჰეგემონი ძალის, რომელიც თავის უსამართლო წესებს მოახვევს თავს მსოფლიოს, არამედ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების გამარჯვებით. შედგება დიდი საერთაშორისო მოლაპარაკება, რაც ამ ფუნდამენტურ პრინციპებს - სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, მათ თანასწორუფლებიანობას და სამართლის წინაშე თანასწორობას, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, კონფლიქტების გადაწყვეტას არა ომით, არამედ მოლაპარაკებებით, ხელახლა დაამკვიდრებს საერთაშორისო ურთიერთობებში; სწორედ ეს არის, რასაც საქართველო ყველაზე მეტად ელის - საერთაშორისო პირობების შექმნას, რათა მოხერხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება; ამიტომაც, კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე- 3 პუნქტის განაწესიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა დასჭირდეს საკონსტიტუციო კანონი ტერიტორიული მოწყობის შესახებ და გამომდინარე, კეთილი ნების საკონსტიტუციო უმრავლესობაც, პარლამენტში.

კეთილი ნების ყოველი ქართველისთვის - საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს!”

მერაბ.g არაფერს ისეთს ოცნება არ აკეთებს, 90 ხმა რომ არ ეყოს, მაგრამ საკონსტიტუციოო იძახის, რადგანაც: 1. რაც მეტი ხმა ექნება და რაც მეტით დაშორდება ოპო კრებით რაოდენობას, მით ნაკლები ხმაური იქნება და ნაკლები მხარდაჭერა ექნება ოპოს! ამას ვერ ამბობენ, მაგრამ სხვა არაფერი იკითხება 2. მორიგ ჯერზე რაღაცეებში რომ გადაგვაგდებს, იტყვის, აი თქვენ რომ მეტი ხმები მოგეცათ ...
2 თვის უკან
ლაზი ძალიან პრიმიტიული მუქარა გამოსდის ოცნებას.
მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ რისთვის უპირებენ ნაცებს გასამართლებას.
იმათ უკვე დაიწყეს დემაგოგია, თუ იმ ხელისუფლებას გაასამართლებთ, ამით ომის დაწყებას დააბრალებთ საქართველოს, რაც ღალატიაო.
ხელისუფლებამ ცალსახად უნდა თქვას, რომ ომის დაწყებას კი არ ედავებიან, არამედ საომარი მოქმედებების უხეიროდ წარმართვას და მის შედეგებს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის მტრისთვის გადაცემაში გამოიხატა, განსაკუთრებით კოდორი და ახალგორი.
გარკვევით უნდა თქვან, რომ საკუთრების უფლების და საერთოდ სოცოცხლის უფლების დარღვევას ედავებიან და არა რაღაც უმნიშვნელო შეცდომებს.
თუ დავის საგანს ცალსახად ვერ აყალიბებენ, მაშინ საერთოდ ჯობია ამ თემას საერთოდ შეეშვან.
2 თვის უკან