ცნობილია, რომ თვით უდიდესი ფილოსოფოსნი: სოკრატე, პლატონი და არისტოტელე მეტად ცუდი აზრისანი იყვნენ ქალებზე, ხოლო დემოსთენე ამბობდა: ,,საყვარლები ჩვენ გვყავს სიამოვნებისათვის, ცოლები კი - სახლის მოსავლელად და შვილების გასაჩენადო“.
1304 წელს ფრანგებმა კანონითაც კი დაადგინეს, რომ საფრანგეთის ტახტზე ქალის დასმა არ შეიძლებოდა.
კოლხი მედეა
საყოველთაოდ ცნობილია XVIII საუკუნის დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელის აზრი ქალებზე. აი მისი ნააზრევი: „სახელმწიფო საფრთხეში ვარდება, როცა მთავრობის მეთაური გახდება ქალი, ვინაიდან ის მოქმედებს არა ზოგადსაყოველთაო მოთხოვნების (პრინციპების) თანახმად, არამედ ხელმძღვანელობს შემთხვევითი აზრებითა და მიდრეკილებებით“.
ქალები არაფერს წარმოადგენენ, გარდა მანქანებისა, რომლებიც ბავშვებს „აწარმოებენ“ ამას უკვე ნაპოლეონი ამბობს. მისი ბიოგრაფები ასეთ ფაქტსაც იხსენებენ: ერთხელ ჟერმენ დე სტალმა ხალხში ხმამაღლა ჰკითხა იმპერატორს, თუ ვინ მიაჩნდა პირველ ქალად მსოფლიოში, ახლაცა და გარდასულ დროშიც? ის, ვინც ყველაზე მეტი შვილი გააჩინაო, მკვახედ მოუჭრა ბონაპარტმა.
თუ ეს ჯერ კიდევ XVIII და XIX საუკუნეებია, თვით XX საუკუნეშიც კი კვლავ გამოიცემოდა წიგნები ასეთი სახელწოდებით: „ქალი ჩვენი თანადროულობის სენი“.
მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს არც ერთი ფორმა საზოგადოების განვითარებისა, სადაც ქალს შეეძლო მამაკაცთან თანასწორი უფლებით ესარგებლა. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ეპოქაში. იშვიათი გამონაკლისების გარდა XX საუკუნემდე ქალს მამაკაცის სიმაღლეზე არ აყენებდნენ. უფრო მეტიც, ქალისადმი უპატივცემულობა და მისი უფლებების იგნორინება საზოგადოებისათვის დიდ ცოდვად არ ითვლებოდა. ოჯახში დედას იმდენი უფლება არ ჰქონდა, რამდენიც მამას. აშშ–ში, საფრანგეთში, ბელგიაში, ირლანდიასა და სხვა ქვეყნები დედას სრული უფლება ეძლეოდა ბავშვზე მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ. საყურადღებოა, რომ თვით აშშ–შიც კი ქალმა საარჩევნო ხმა მხოლოდ 1920 წ. მიიღო. ე.ი. თითქმის იმ დროს, როცა ეს მოხდა თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში.
საქართველოში ქალისადმი პატივისცემის ნიმუშად ხშირად მოჰყავთ ზეპირსიტყვაობაში შემონახული კითხვა-პასუხი: ,,ვინ უნდა გშვას შენ? - ქალმა. ვინ უნდა გაგიღიმოს? - ქალმა. ვინ უნდა აგატიროს? - ქალმა. ვინ უნდა დაგიტიროს? - ქალმა.
საქართველოში ქალის მაღალი უფლებრივი მდგომარეობის მაჩვენებელია ისიც, რომ მისთვის მინიჭებული იყო ის, რაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში აკრძალული იყო - განქორწინების უფლება.
ქართული საზოგადოების ცხოვრების შესასწავლად, უაღრესად საინტერესოა XVI საუკუნეში დაწერილი „სამართალი კათალიკოზთა.“ ეს ძეგლი საერო საკითხებსაც შეეხებოდა, მათ შორის 23-ე მუხლი, რომელიც ქალთა უფლებებს იცავდა. მის მიხედვით, ვინც უმიზეზოდ გაეყრებოდა თავის კანონიერ ცოლს, იგი სიკვდილით უნდა დასჯილიყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ნორმის გამოყენების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა საქართველოში.
აღნიშნავია ისიც, რომ საქართველოში ფეოდალური ევროპისგან განსხვავებით არ არსებობდა პირველი ღამის უფლებაც.
ამდენად, ქართველი ქალის ფენომენი უაღრესად საინტერესოა და ისიც არა მარტო ჩვენთვის. ქალი, ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. არა ნაკლებია ქართველი ქალის როლი ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში რომელიც ყოველთვის ქართველი საზოგადოების გამაერთიანებელი იყო. მაგრამ ქალი, რომლის შესახებაც მსურს გიამბობთ არაფრით ჰგავს ყველა სხვა დანარჩენს. თუმცა ისიც ჩვენი ქვეყნის შვილია, რომელმაც ქართველი ქალისთვის დამახასიათებელ ზოგადი თვისებებისგან, სრულიად განსახვავებულად გამოიჩინა თავი.
ბიჭვინთაში, ზღვის ნაპირზე უბრწყინვალესი ძეგლია აღმართული, რომელიც დიდმა ხელოვანმა მერაბ ბერძენიშვილმა კოლხ ქალს მედეას მიუძღვნა. ზღვისკენ გაჭრილი სხეული, წინ მიისწრაფვის, ნაღვლიანი სახით კი უკან, სამშობლოსაკენ იყურება. ძეგლი, რომლის გამოჩენამაც იმთავითვე საზოგადოებაში მძაფრი კამათი გამოიწვია და ეს კითხვა-პასუხები დროდადრო ჩვენს დრომდე კვლავაც გრძელდება: ვის ვუდგამთ ძეგლებს? მოღალატეებს?
მედეა პირველი ქალია, ქართველ ქალთა ისტორიული პორტრეტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მითოსი მედეასა და ოქროს საწმისზე ბერძნებისაგან არის შექმნილი, მაინც აქ ჩვენი სინამდვილეა მოცემული. ეს ლეგენდა დარჩა სიმბოლოდ ქართული მიწის და ნაციონალური სიმდიდრისა, რომელიც სიყვარულს ანაცვალეს.
თავად ისტორია კი, როგორც ცნობილია, ძვ. წ. XIV-XIII სს-ების ამბების გადმოცემით იწყება. კოლხეთის მეფე აიეტის გრძნეულ უმცროს ასულს, ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან სამშობლოში წაიყვანა. თქმულებაც არგონავტების შესახებ, სწორედ ამ ამბავს ეძღვნება. ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.
ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები და უეცრად... მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს – მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე კორინთელთა შეკვეთით დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას „მედეა“-ს, სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა).
რა გრძნობა ამოქმედებს მედეას - სიამაყე თუ შურისძიება?
აქ ორივე გრძნობა ისე არის ერთიმეორეს გადაბმული, რომ შეუძლებელია მათი გამოცალკევება. სიყვარულით გონებადაკარგულია მედეა, მისი სიყვარული არ არის ბერწი; მედეა არ არის ის მშვენიერი ელენე, რომლისთვისაც ინგრევა ილიონი. ჩვენ არ ვიცით მშვენიერ ელენეს მემკვიდრეობა, მედეა კი უკვე დედაა შვილებისა; აქაც მოცემულია მისი ქალობა. იაზონი ღალატობს მედეას და სხვა მეფის ქალზე იწერს ჯვარს, მაგრამ მედეა არ არის მორჩილი თავისი ბედისა. მას უნდა საშინელი შურისძიება, რადგან სიყვარულისთვის დათმო ყველაფერი: სამშობლო, მშობლები, საკუთარი ძმის სიცოცხლე, თავის რჩეულს მოატაცებინა ქვეყნის უმთავრესი განძი, როგორც სიმბოლო მისი სამშობლოს ძლიერებისა. მედეას მოქმედება რჩება, როგორც უმაგალითო შემთხვევა აქამდე მსოფლიოში სიყვარულის სახელით ჩადენილ შურისძიებებში. რა არის თუნდაც შექსპირის მავრის შურისძიება მედეასთან შედარებით: ჯერ კიდევ გაციებული არ არის დეზდემონას სხეული, რომ მავრი გონს მოდის, მაშინ როცა, ეტლი მედეასი, რომელმაც ის აქამდე მოიყვანა დღესაც ცეცხლმოკიდებულია.
ზღვარდაუდებელი სიყვარულისთვის, არათუ საკუთარი თავის, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების და თვით სამშობლოს ზვარაკად შეწირვა - თავგანწირვისთვის მეტ სივრცეს აღარ ტოვებს. აი რატომ ვუდგამთ ძეგლებს, არათუ უცხოეთში, საქართველოშიც, თავის გრძნობაში ამაღლებულ დიადი სულის კოლხ მედეას, რომლის ყველაფრის წამლეკავი სიყვარულის ფონზეც ქვეყნის და ოჯახის ღალატიც რომ ფერმკრთალდება.
სიყვარულისთვის მედეას მიერ გაღებული ზვარაკის სიმძიმე, აქამდე დარჩა ქართველი ქალის უმთავრეს მახასიათებლად.
რა თქმა უნდა, არგონავტების შესახებ მითში ბევრი რამ გამოგონილი და არარეალურია, მაგრამ მაინც შესაძლებელია მასში რეალურად არსებული ვითარების დანახვაც. ცხადია, რომ ბერძნები ნამდვილად გაეცნენ კოლხას ძლიერ და მდიდარ სამეფოს. სწორედ ამ დროს მიღებული შთაბეჭდილებები გახდა მითის შექმნის საფუძველიც.
ჯერ კიდევ ქსენოფონტე (ძვ.წ. 435-355 წწ.), ირანელი უფლისწულის, კიროსის მიერ დაქირავებული 10 ათას ბერძენ მეომართა ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც შინ დაბრუნებისას, გზად გავლა მოუწია ქართველური მოსახლეობის (კოლხების, ხალიბების, მოსინიკების, ტიბარების და სხვა) ტერიტორიებზე. ის თავის ,,ანაბასისში“ აღწერს მათ თავდადებას მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, განსაკუთრებით კი გაკვირვებას ვერ მალავს ქართველ მეომართა ცოლების თავგანწირვის გამო: ტაოხები თავდადებით იბრძოდნენ მოძალადეების წინააღმდეგ. როდესაც ბერძნებმა დიდი ბრძოლით აიღეს ტაოხების გამაგრებული ადგილი, ისინი საშინელი სანახაობის მოწმები გახდნენ: ქალები ბავშვებს უფსკრულში ისროდნენ და თვითონაც თან მიჰყვებოდნენ, ასევე იქცეოდნენ მამაკაცებიც. ტაოხებს არ სურდათ ბერძნებს ცოცხლად ჩავარდნოდნენ ხელში, რადგან ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, მათ მონობა მოელოდათ. დამამცირებელ სიცოცხლეს ისინი სიკვდილს ამჯობინებდნენ.
საბოლოოდ დამარცხებული ტაოხებიდან ბერძნებმა მრავალი ხარი, სახედარი და ცხვარი წაასხეს. დატყვევებული ხალხი კი ცოტა წაუყვანიათ, რადგან დანარჩენები მტერს შეაკვდნენ.
როდესაც სურთ ქართველი ქალის სურათი დახატონ, მისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებით, ამის შექმნას ოთხი დიდებული მანდილოსნის სახის ჩვენებით აღწევენ.
1. წმინდა ნინო - ქალი, რომლის შესახებაც XII საუკუნის საეკლესიო მოღვაწე ნიკოლოზ გულაბერიძე თავის ნაშრომში იტყვის: ,,ის, რაც ვერ შეძლეს წინდა მამებმა, შეძლო ფიზიკურად სუსტმა, მაგრამ სულიერად ძლიერმა ქალმა.“ საქართველოს ისტორიისთვის უდავოდ უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ქართულმა ეკლესიამ წმინდა ნინო კაბადოკიელი თავის უმაღლეს წმინდანად აღიარა.
თამარი - მეფე-ქალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის ძლიერების განმტკიცების საქმეში. თამარის პიროვნების ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე, დიპლომატიის შესანიშნავი უნარი, საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენების განჭვრეტის უტყუარი ალღო, საშუალებას აძლევდა მას ღირსეულად ემართა ქვეყანა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თუ არა თამარ მეფის ეს თვისებები საქართველო ხანგძლივ სამოქალაქო ომს თავიდან ვერ აიცილებდა.
დიდია თამარის ღვაწლი კულტურულ-აღმშენებლობით საქმიანობაში: ციხე-ქალაქთა და ტაძრების შენებაში. იგი სათნო და ქველმოქმედი პიროვნება იყო. დიდ დახმარებას უწევდა ღარიბ-ღატაკთ. სამეფოს შემოსავლის მეათედი უკლებლივ გადადებული იყო მათ შესანახად. ამის გარდა, თვით დედოფალი ყოველ დღე თავის პალატის წინ დიდძალ საზრდოს ურიგებდა ყველა უქონელს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თამარ მეფე თავის თავზეცა და ისეთ წმინდა საქმეზეც, როგორიც არის ქველმოქმედება, საკუთარი შრომით შეძენილ ფულს ხარჯავდა. ერის ზნეობრივი სიწმინდისათვის ამ ფაქტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
როგორც ცნობილია, თამარის მეფობის დროს საქართველოში აიკრძალა: დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა, სხეულის ნაკვთის ამოღება, თვალების დათხრა და სხვა უმოწყალო სასჯელები. თამარის მეფობამ უდიდესი სიკეთე მოუტანა საქართველოს.
ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ XII ს-ში ქართველმა ერმა სავსებით კანონზომიერად მიიჩნია ქალის გამეფების პრეცენდენტი.
ქეთევან წამებული - საუკუნეების მანძილზე ქართველი ქალი თავის წმინდათაწმინდა მოვალეობად თვლიდა სამოციქულო ეკლესიაზე ზრუნვასა და რწმენისადმი თავგანწირვას. ქვეყნისა და რწმენისათვის წამებულის გვირგვინი გააზრებულად დაიდგა კახეთის დედოფალმა ქეთევანმა, რომელიც დიპლომატიური მისიით ირანში იყო წარგზავნილი. ბევრი ეცადნენ მისთვის რწმენა შეეცვალათ, მაგრამ დედოფალს გაცნობიერებული ჰქონდა თუ რას ნიშნავდა იმხანად მუსულმანურ სამყაროს რკალში მოქცეულ ქართველებისთვის რწმენის და რჯულის შეცვლა. ამის გამო მან წამებით სიკვდილი აირჩია.
რწმენისთვის თავდადება, გაიგივებული სამშობლოს დაცვასთან, აი ქართველი ქალის კიდევ ერთი თვისება, რომელიც დედოფალ ქეთევანის თავგანწირვაში გამოვლინდა
და ბოლოს თავად მედეა - ქალი, რომელსაც სიყვარულისთვის გაღებული ზვარაკის სიმძიმით მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.