“ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მართალია პარლამენტის სხდომებს არ დასწრებიან, სამივლინებო ხარჯებით, მანქანით, კაბინეტებით არ უსარგებლიათ, მაგრამ პარლამენტარის ხელფასს იღებენ და კანონპროექტებზე პარტიულ ოფისში მუშაობენ.
პარლამენტარი “ლეიბორისტების“ საქმიანობის შესახებ პრესა.გე “ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურ მდივანს, გიორგი გუგავას ესაუბრა.
საქართველოს პარლამენტში სულ ოთხი “ლეიბორისტია“: შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია. 2008 წლის ივნისიდან მოყოლებული დღემდე, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარლამენტარ “ლეიბორისტებს“ ხელფასის სახით ჯამში 192 000 ლარი აქვთ აღებული.
ხელფასებს თქვენც გიქვითავენ, სხდომების გაცდენის გამო? პარლამენტის სხდომის გაცდენებისთვის დეპუტატებს ხომ ხელფასი ექვითებათ?!
გიორგი გუგავა: - ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლება გამოვიყენეთ და ახლა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ვართ. ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი და არა გაცდენა, ან კიდევ ის, რისი წარმოჩენაც ხელისუფლებას უნდა – “აი, სამსახურში არ დადიან და ხელფასს იღებენო“. მეტი არ დაუმშვენდათ ცხვირი! პარლამენტის წევრობა რეალურად არის ხალხის სამსახურში ყოფნა და მათზე ზრუნვა. დაასახელონ თუნდაც ერთი კანონი, რომელიც პარლამენტის დარბაზში მსხდომებმა ხალხის სასიკეთოდ მიიღეს.
როგორც გითხარით, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რითაც გაყალბებული არჩევნებისადმი პროტესტს გამოვხატავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქტიურად ვახორციელებთ იმ სოციალურ დაკვეთას, რის გამოც ჩვენმა ამომრჩეველმა აგვირჩია და უფრო მეტსაც გეტყვით – მთელ პარლამენტს, რაც აქვს გაკეთებული (საერთოდ, სასიკეთოს თუ რაიმეს აკეთებენ, ეგეც საკითხავია), იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც “ლეიბორისტული პარტია“ ჰქვია.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– იმ სოციალური საკითხების ჩამონათვალი შემიძლია გავაკეთო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ: იგივე “სითი პარკთან“ დაკავშირებით, ალბათ, გახსოვთ, აქ ბანდიტური ტარიფი იყო და შარშან მთელი ზაფხული ქუჩაში გავატარეთ, იმის გამო რომ გიგი უგულავას მავნებლური გადაწყვეტილება შეეცვალა; რამდენიმე კვირიანი გამოსვლები გვქონდა, თავიდან, რომ აგვეცილებინა სასაფლაოებზე გადასახადების დაწესება; მობილურის გადასახადთან დაკავშირებით ტარიფების შემცირება, რომ ნელ–ნელა დაიწყო, ეს ჰაერიდან კი არ მოსულა?!
აღარაფერს ვამბობ მოქალაქეების ინდივიდუალურ დახმარებაზე – დაახლოებით ათასამდე შუამდგომლომლობა გავაკეთეთ. სწორედ ამაში გვჭირდება პარლამენტის წევრის სტატუსი, ამას ბევრად უფრო ეფექტურად ვიყენებთ, იგივე გადარიცხვებთან დაკავშირებით, რომელიც გადაუდებელ ოპერაციებს შეეხება.
ტყეების გასხვისების შესახებ, ეკონომიკის სამინისტროში, ერთ–ერთ სხდომაზე პირდაპირ შევიჭერით ( ამ შემთხვევაშიც, ფორმალურად გამოვიყენეთ, პარლამენტის წევრის სტატუსი) და ეს პროცესი ჩავშალეთ – ტყის მასიური გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ ვშიშობ რომ ამას თქვენი მედიასაშუალების ფორმატი არ ეყოფა.
რა ინიციატივები გქონდათ, საკანონმდებლო კუთხით, ამ 2 წლის მანძილზე?
– პარლამენტის წევრის სტატუსი გამოვიყენეთ, იმაში, რომ პირველად საქართველოში, ოფიციალურად აღვძარით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რასაც უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ ინიციატივას დღევანდელი პარლამენტიდან ჩვენდა სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ადამიანი (გია ცაგარეიშვილი, კარლო კოპალიანი და თუ არ ვცდები პეტრე მამრაძე) შემოუერთდა.
ეს არის სააკაშვილის საბრალდებო დასკვნა, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც მას ჩადენილი აქვს და რის გამოც ის იმსახურებს იმპიჩმენტს, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც გითხარით, გნებავთ ოპოზიციად და გნებავთ პოზიციად წოდებულები, ამ ყოველივეზე თვალს ხუჭავენ და ისიც არ უნდათ, რომ ეს საკითხი ადგილიდან დაიძრას.
მეორე კანოპნპროექტი, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრაციაში გატარებული, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვას ეხება, რაც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ ანაბრების შესახებ კანონპროექტს წარვადგენთ...
ასე რომ, კაბინეტების მოწყობის, პერსონალური მანქანების გამოყენების და წელიწადში ერთხელ, სააკაშვილის პარლამენტში შემოვლის დროს ტაშის დაკვრის გამო, იქ შესვლას და დაჯდომას არ ვაპირებთ; იმ ფუნქციას, რასაც პარლამენტარი უნდა ასრულებდეს, თავს ასეთ მდგომარეობაშიც პირნათლად ვართმევთ.
თქვენც გაქვთ გამოკეტილი კაბინეტები, პარლამენტის შენობაში?
– არა. ხელფასის გარდა პარლამენტისგან არანაირი სიკეთით არ ვსარგებლობთ და ვამაყობთ იმით, რომ ვართ ის პოლიტიკოსები, რომლებიც კუთვნილი ხელფასით ცხოვრობენ.
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ხელფასი?
– ორი ათას ლარამდეა ჩემი ხელფასი.
პრემიებს, რაღაც დანამატებს არ იღებთ?
– პრემიებს პარლამენტის წარმატებულ მუშაკებს ურიგებენ და დარიცხვები, იგივე დანამატები არ კეთდება; არც მივლინებებით ვსარგებლობთ, რომელიც კანონიერად გვეკუთვნის; არც სატელეფონო ხარჯებით ვსარგებლობთ, რომელიც ასევე გვეკუთვნის.
მაგრამ ალბათ ვიღაც სარგებლობს, იმით, რაც თქვენ კანონიერად გეკუთვნით, ხომ?!
– ალბათ ასეა, ამ თანხას პრემიების სახით გადაანაწილებენ.
თანაშემწეები გყავთ?
– არა.
მათთვის გათალისწინებული ხელფასიც ალბათ, სხვა რაღაცაში იხარჯება.
– პარლამენტის ბიუჯეტი ხომ გამოიყოფა და მერე მტკიცდება?! იქ გათვალისწინებულია თანხები, როგორც თანაშემწეზე, ისე მივლინებაზე, სატელეფონო ხარჯებზე და ასე შემდეგ. ის რაც ახლა ჩამოგითვალეთ, ეს მხოლოდ იმ პრივილეგიების ნაწილია, რითაც პარლამენტარები სარგებლობენ; კიდევ არის რაღაც–რაღაცეები; ბუნებრივია, ეს ერთიანი მოცულობა შემდეგ პარლამენტის სხვა წევრებზე ნაწილდება.
რა შემთხვევაში შეიძლება შეხვიდეთ პარლამენტის სხდომაზე, “ლეიბორისტები“?
– ჰიპოთეტურად ხომ არ ვიმსჯელებთ?! შირმად და ფასადად, იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მრავალფეროვნება იყოს, თავს არავის გამოვაყენებინებთ. ის წარმოდგენები, რაც ამ პარლამენტზე გვაქვს, არ შეგვიცვლია და არც მომავალში ვაპირებთ სააკაშვილზე და მის ბანდიტურ რეჟიმზე აზრის შეცვლას.
ჩვენი მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება იყო იმ პოლიტიკური ძალების პოზიციის ერთგვარი გაზიარება, ვინც თავის დროზე პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ჩვენი პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი, ვინც ბოიკოტის შესახებ უკანასკნელ ხმაზე გაჰკიოდნენ, ახლა საკრებულოში ისე შევიდნენ, წარბიც არ შეუტოკებიათ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაშინ სპეციალურად შეიქმნა იმგვარი საზოგადოებრივი განწყობები, რომ “ლეიბორისტები“ პარლამენტში არ შესულიყვნენ და კუთვნილი ადგილები არ დაეკავებინათ.
და პარლამენტში, რომ შესულიყავით, რას გააკეთებდით?
– იმას მაინც მოვახერხებდით, რომ სააკაშვილი იქ წელიწადში ერთხელ თამამად ვერ შემოივლიდა; ბოლოს და ბოლოს, ტრიბუნის ბლოკირებას გავაკეთებდით და იქ შეთანხმებული ტექსტები კი არ იქნებოდა?! სიმართლეს პირდაპირ პირში მივახლიდით. სხვათა შორის, იქ, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს და გამოსვლები წინასწარ შეთანხმებული არ არის, საერთოდ არ მიდის.