„ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატად წარდგენილი არჩილ ბერიძე მის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანსამბლ „ალილოს“ სოლისტი წერს, რომ სამშობლოს სამსახურში ყოფნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. იგი პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობას უხდის.
„მოგესალმებით მეგობრებო! კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას იმ გამოხმაურებისთვის და სიყვარულისთვის რაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემსა და ჩემი სოლო კონცერტის მიმართ გამოხატეთ. ეს განწყობა ძალიან დიდ სტიმულს მომცემს მომავალ შემოქმედებით საქმიანობაში.
რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ნაკარნახევია ჩემი ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის უპირობო სიყვარულით, უფრო მეტის შექმნის და გაკეთების სურვილით.
ნამდვილად არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რთულია გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, როცა ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის, სიმშვიდე, ჰარმონია, საყვარელი ადამიანები და რაც ყველაზე მთავარია, მისი აღმატებულება, შენი სიმღერით აღტაცებული მსმენელი… და უეცრად ამ შენი საყვარელი მსმენელის დაკარგვის შიში… თუმცა სწორედ რომ შიშის გააზრებამ და ბევრი ბარიერის გაანალიზებამ მომცა ზუსტად იმის შთაგონება რომ სწორედ ამ დროს ხდება კიდევ უფრო დიადი საქმეების კეთების საშუალება, რომ ახლა არის დრო შიშს სიყვარულით უპასუხო და რომ კიდევ უფრო მეტის შექმნის საშუალებას გაძლევს სამყარო.
სამშობლოს სამსახურში ყოფნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ხოლო ჩემი პოლიტიკური აქტივობა არ არის ახალი ბათუმელებისთვის, მქონდა პოლიტიკური ნაბიჯები სტუდენტობის პერიოდში 2007 წელს, ახლა კი თითქოს ერთგვარი დაბრუნება ხდება და დიდი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერით იქნება წარმატებული, იმ გუნდთან ერთად, რომლის პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის ემთხვეოდა ჩემსას.
სიმღერისგან შორს არ მივდივარ, პირიქით ვრჩები ჯგუფ “ალილო”-ში და ვაგრძელებ სოლო კარიერას. იმედი მაქვს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო აქტიურად ვიზრუნებ ქართული კულტურასა და ხელოვნების განვითარებაზე.
მადლობა ბატონ პრემიერს და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის”, - წერს არჩილ ბერიძე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები წარადგინა. პრემიერმა ბათუმში დელეგატობის კანდიდატად ანსამბლ „ალილოს“ სოლისტი არჩილ ბერიძე დაასახელა.