„ნაცმოძრაობიდან“ „ევროპულ საქართველოში“ და „ევროპული საქართველოდან“ ახლადშექმნილ პარტია „ფედერალისტებში“ გადაბარგებულმა გიგა ბოკერიამ რამდენიმე პარტია გამოიცვალა, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ის მაინც უბრალოდ „ნაციონალ“ გიგა ბოკერიად დარჩა, სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლად, რაც ადასტურებს, რომ ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს.
„ევროპული საქართველოდან“ პრაიმერიზის სიებთან შეუთანხმებლობის გამო სკანდალურად წამოსული ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნიან, სახელწოდებით, „ფედერალისტები“. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოში არსებული პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, რაც ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ბუნებრივი წყობაა. ცენტრალიზებული სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ - ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში ვერ დავბრუნდებით. „ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა. ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი. ასე დავბრუნდებით შინ-ევროპაში“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი უკრაინაში გადასახლდა, ერთ-ერთი პირველი, ვინც მას განუდგა, გიგა ბოკერია იყო. ბოკერია არ იშურებდა უარყოფით შეფასებებს ექსპრეზიდენტის მიმართ და ბოლოს ამ შეფასებებით თავმობეზრებულმა, „ვივამედის“ პაციენტმა-სააკაშვილმა გაანულა ოპონენტი - „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“. სააკაშვილი ბოკერიას ანტიქრისტიანად მოიხსენიებდა, რომელსაც ყოველთვის ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.
არც ბოკერია ინდობდა სააკაშვილს, მიაჩნდა, რომ, შევარდნაძის მსგავსად, სააკაშვილიც მუხრუჭი იყო საქართველოსთვის. ბოკერია არც იმას გამორიცხავდა, რომ ერთ დღესაც სააკაშვილი მას დააბრალებდა ყველაფერს და ბოკერიას 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებდა თავს.
რა რესურსი ექნება ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს ახალ პარტიაში და მოახერხებენ თუ არა, „ლიბერასტის“ იარლიყის ჩამორეცხვას?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ახლადშექმნილი პარტია ახალი სიტყვა არ იქნება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ფედერალისტები ჯერ კიდევ 1921 წლამდეც გვყავდა და დამოუკიდებლობის ეტაპზეც, 1991 წლიდანაც მოყოლებული, ფედერალიზმის მომხრეები ბევრნი იყვნენ.
„სხვათა შორის, ერთ-ერთი ძირძველი ფედერალისტია ირაკლი მელაშვილი, ასევე, ტრადიციონალისტები - აკაკი ასათიანი და სხვები ფედერალიზმის იდეას იცავდნენ. ფედერალიზმთან შეხება ბოკერია-ჩერგოლეიშვილს მანამდე არ ჰქონიათ, წინასაარჩევნოდ კი ეს მომგებიანი იდეაა, რადგან, ფაქტობრივად, ამ ახალ პარტიას შეუძლია მოსახლეობას უთხრას, ჩვენ თქვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველაფერი ცენტრმა კი არ წაიღოს და მერე გადმოგიგდოთ, არამედ თქვენ დაგრჩეთ თანხების დიდი ნაწილი, რასაც გამოიმუშავებთ, ვინაიდან ასეთი პოზიციის დაკავების საშუალებას იძლევა ფედერალიზმის იდეა და ამ მხრივ ეს მომგებიანია. თუმცა ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რამდენად განხორციელდება ფედერალიზმი, ეს კიდევ სხვა საქმეა. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პრობლემა არის ის სახელი, ის დამოკიდებულება გიგა ბოკერიას მიმართ, რაც მას დაუგროვდა 9 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის შეფასებით, ლიბერასტები ხალხს არ უყვარს, ლიბერალიზმის დროშის ქვეშ ბოკერია-ჩერგოლეიშვილს უამრავი პოზიცია შეეძლოთ დაეკავებინათ, მაგრამ ეს პოზიცია რომ დაიკავეს, რაც ფედერალიზმს გულისხმობს, ამას საარჩევნო მიზეზები აქვს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან მიმართებით აცხადებს, რომ ესენი არიან ის ხალხი, რომლებმაც ახალი დავალება მიიღეს მათი პატრონებისაგან, ანუ ოკეანის გაღმა და ოკეანის გამოღმა მყოფი საერთაშორისო იმპერიალისტებისგან. ესენი არიან საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტები საქართველოში. მათი მიზანია, გამოიყენონ საქართველოში არსებული სიტუაცია.
„ჯერ ერთი, არასდროს გამიგონია არც ბოკერიასგან და არც მისი ბანოვანი მეუღლისგან არაფერი ფედერალიზმის შესახებ. ახლა რა მოხდა, რა ბზიკმა უკბინათ? ერთადერთი, ეს არის შემოდგომის ბზიკი, თვითონაც შემოდგომის ბზიკებად არიან გადაქცეულები. შემოდგომის ბზიკები იკბინებიან და მალე კვდებიან, ამათაც გარანტირებული აქვთ 26 ოქტომბერს პოლიტიკური სიკვდილი. რაც შეეხება მათ იდეებს, დიდ აკაკის უთქვამს, „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“. ასევე, ბოკერიას და მისი მეუღლის რაზმი არავითარ შემთხვევაში არ გათეთრდება იმ ნეოლიბერასტული, ნეოტროცკისტული ღირებულებებისაგან, რომლისთვისაც მათ ქვეყნის გარეთ მყოფი მამები აფინანსებენ. ამაზე მათ რომ უარი თქვან, პარტიად არ დარჩებიან. რატომ ჩნდებიან ისინი ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო საშუალებებში? იმიტომ რომ, ფულით ასაზრდოებენ გარე მამები. შეუწყვიტონ მათ ეს ფული და დასრულდება ყველაფერი. ამიტომ ისინი, როცა საჭიროა, ლგბტ პირთა დამცველებად გვევლინებიან, ასევე, იმ იდეის წინააღმდეგნი არიან, რასაც ჰქვია ტრიადა - მამული, ენა, სარწმუნოება. ამიტომ პოლიტიკურ არენაზე მათი კიდევ ერთხელ შემოსვლა განპირობებულია გარე ძალების მიერ და ესენი განწირულნი არიან დასაღუპად. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე არიან მათი პატრონებიც და თავადაც“, -აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე გაიხსენა წინა არჩევნები, როცა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ რაც ოთხფეხა საქონელი იყო და ორფეხა ფრინველი, გაწყვიტეს სამეგრელოში, მაგრამ რა შედეგი მიიღეს? დაანთეს ცეცხლი, საკლავი დაუკლეს ხალხს, იმ ხალხმაც ჭამა-სვა, გაძღა, დათვრა და კრება დარჩა მხიარული, ხოლო ბოკერია და მისი ბანოვანი გარეთ აღმოჩნდნენ.
„ასე იღონწიალებენ აქეთ-იქით ბოკერია და მისი ცოლი. კარგი სიტყვა აქვთ გურულებს - ღონწიალი და ამ ღონწიალში მიიღებენ გრანტებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სრულყოფილ სახელმწიფოდ როცა შევდგებით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ამ გრანტებსაც ბოლო უნდა მოეღოს. ესენი არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა დასრულდნენ ბოკერიას, მისი მეუღლის და ყველა იმ ხალხის სახით, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ახლა დაშლილები კი არა, გაშლილები არიან და ამგვარად ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
რაც 2012 წელს სამთავრობო-სახალხო ქეიფები და რაბატის უფასო, პურმარილიანი ექსკურსიები იმართებოდა, მაგრამ რად გიდა, დაუფასათ ვინმემ?