ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს მათ, ვინც მის ინფორმირებას აკეთებს, - ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, სავარაუდოდ, ის ხალხი, რომელიც ამ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა, მიხეილ სააკაშვილს ვერ ეტყვის, რომ იმ მომენტში მისი საკითხი აქტუალური არ იყო.
„ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს მათ, ვინც ინფორმირებას აკეთებს. იმიტომ, რომ ჩამოვიდნენ კონგრესმენები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იყვნენ იმ შეხვედრაზე და უცნაური იქნებოდა, არ ეთქვათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მისი საკითხი არ განიხილებოდა. სავარაუდოდ, ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა ამ შეხვედრაზე ვერ ეტყვის მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი საკითხი არ იყო აქტუალური იმ მომენტში. არც იყო ეს ფორმატი, ჩვენც ხომ იქ ვიყავით. მგონი, უბრალოდ, არასწორი ინფორმირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის. ზოგადად, რაც ემართება „ნაციონალურ მოძრაობას” ნათლად ჩანს, რომ ლიდერსა და დანარჩენ პარტიას შორის დარღვეული აქვთ კომუნიკაცია, რაც ცუდად აისახება „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებებზე”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის საპასუხო რეაქცია ამ ფაქტის გარკვევის შემდეგ, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ამის გამო შეიძლება, ვინმემ თანამდებობა დატოვოს.
„შეიძლება ვიღაცამ თანამდებობა დატოვოს „ნაცებში” ან ვინმეს გაუბრაზდეს, არ ვიცი. თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმიტომაც არის „ნიუსი” ჩემი აზრით, რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია ამ ქვეყანაში”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.
„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში.