მიხეილ დაუშვილი: როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა სააკაშვილიც - წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო

მიხეილ დაუშვილი: როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა სააკაშვილიც - წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო

როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც - ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა.

„როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც. ხომ არ გგონიათ რომ რამით უკეთესია ვინმეზე? ეგეც ცდილობს, რომ ყველაფერი გამოიყენოს სათავისოდ და ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, თითქოს ის არის ერთადერთი და განუმეორებელი და მასზე ლაპარაკობს ყველა. აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა თემა და ეს არის რეალობა.

მანაც უნდა გააცნობიეროს, რეალობა ის არის, რომ დღეს ის თემა და განსახილველი საკითხი აღარ არის - ამას უნდა შეეგუოს. რაც უფრო მალე გაიგებს, მით უკეთესი იქნება თავისთვისაც, ქვეყნისთვისაც და ყველასთვის.

დღეს ვინც მიხეილ სააკაშვილს აქტუალურს ხდის, არის „ოცნება“. რამდენჯერად არ უნდა გამოჩნდეს, იქნება სასამართლო სხდომა თუ რაიმე სხვა, ყველგან პირდაპირ ეთერშია. გადასცემენ როგორც შეუძლიათ, რომ მთელ ქვეყანას მოასმენინონ და მთელი ქვეყნისთვის აქტუალური გახადონ. მან კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ მატყუარაა. როგორც “ოცნება” არის მატყუარა, ისევე ეგ.

წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო. რამდენად მძიმე მოსასმენია, რომ შენი ყოფილი პრეზიდენტი ისეთ ტყუილს ამბობს, რომ შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უწევს გამოვიდეს და ღიად თქვას იტყუებაო. “ოცნების” კრიტიკა ხომ ერთია, მაგრამ ესეც ამორალური და მიუღებელია. ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში.