ჰაიდი ტალიავინი: „ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა“

ჰაიდი ტალიავინი: „ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა“

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი 15-წლიან დუმილს არღვევს. ჰაიდი ტალიავინი ამბობს, რომ ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, მისი თქმით, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან რუსეთს ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები. გარდა ამისა, ტალიავინი აცხადებს, რომ კომისიას ქართული მხარისგან არ მიუიღია არც ერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა.

„ასე რომ, ვფიქრობ, ეს კითხვა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უნდა დაუსვათ, ჩვენ მათ ვთხოვეთ დოკუმენტაცია, რადგან ეს ძალიან სადავო საკითხი იყო, მაგრამ ის დოკუმენტაცია, რაც მოგვაწოდეს,100-პროცენტიან მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, ფაქტად ვერ ჩავთვლიდით. იურისტები 100-პროცენტიანი მტკიცებულებებით მუშაობენ და ჩვენ არ გვქონდა 100-პროცენტიანი მტკიცებულება, რათა ამ კითხვისთვის ცალსახა პასუხი გაგვეცა.

2008 წლისთვის სამხრეთ ოსეთის მხარეს უფრო გამძაფრდა სიტუაცია - ყოველ ზაფხულს იყო სროლები, შეტაკებები... ეს ერთგვარ მოცემულობად იქცა. მაგრამ შეტაკებები ერთია, პრობლემა კი ასე დგას - როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეტაკებები ომში გადაიზარდა? რა მომენტში? და ვფიქრობ, ცხინვალის ინციდენტი (დაბომბვა - რ.თ.) იყო სწორედ ასეთი მომენტი და ამიტომაც იქცა იგი თავის ტკივილად ქართული მხარისთვის. ამ ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები.

ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც უფლება ჰქონდა, შესულიყო და გაეთავისუფლებინა ისინი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ისინი მაშინვე უნდა გასულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში შემოჭრა განეგრძოთ. ასე რომ, სამწუხაროდ, სამართლებრივი გადმოსახედიდან ეს ინციდენტი იქცა სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზად. ახლა შეგვიძლია ვისპეკულიროთ, თუ რა მოხდებოდა, იმ ღამით ცხინვალი რომ არ დაებომბათ, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ამის გამო სხვა ფორმულირება ვერ გვექნებოდა“, - განაცხადა ჰაიდი ტალიავინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი, საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული.

„დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი. ომის დასრულებიდან მალევე სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.

კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, 2008 წლის ომის დაწყებაზე საუბარი ტაბუდადებულ თემად დარჩეს, იმ ფონზე, როდესაც თავად აქვთ ხელი მოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ჰაიდი ტალიავინის დასკვნებზე, რითიც ისინი ომის დაწყებას თავადვე აღიარებენ. ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.

გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომის მწარმოებელი პოლიტიკური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია საარჩევნო პროცესი მოაქციოს ომისა და მშვიდობის ჩარჩოში და ამით მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა, რომ შიშზე დაფუძნებული ხმები მიიღონ. ცისკარიშვილის განცხადებით, ყოველი არჩევნების წინ ივანიშვილის დაჯგუფებას აქვს ახალი ნარატივი, ახალი ბრალდებები, საკუთარი ამომრჩევლის, რაღაც ნაწილის გასამყარებლად.

„არ არსებობს ის კონკრეტული ბრალდება, რაც შეიძლება საქართველოს წაუყენო, ან საქართველოს მთავრობას წაუყენო, რაც არ უნდა მოღალატე იყო შენ საქართველოს შიგნით, იმიტომ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გაამართლა საქართველო, საქართველოს მხრიდან ჩადენილი ვერანაირი ბრალეულობა ვერ იპოვა. უცხო ქვეყნის ჯარები შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის ბრალეულობას ვინც ამტკიცებს, ეს არის მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფო, რომლებმაც აღიარეს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამით შემოიფარგლება ის მხარდაჭერა, რომელიც რეალურად პოლიტიკურად და სამართლებრივად „ქართულ ოცნებას“ ამ თემასთან დაკავშირებით აქვს“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტურ მტკიცებულებად მოყვანილია ტალიავინის კომისიის დასკვნა, თუმცა ტალიავინის კომისიის დასკვნის გარდა არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კომისიის დასკვნებს და მათ შორის ბრიტანეთის პარლამენტის სპეციალური კომისიის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს საქართველოში მომხდარ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა გაიზიაროს.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, საერთაშრისო შეთანხმებების მიხედვით, ცხინვალის რეგიონი 2008 წლის 1 სექტემბრამდე(!), სანამ საქართველო ცალმხრივად მოახდენდა სოჭის (ე.წ. დაგომისის) ხელშეკრულების დენონსაციას, წარმოადგენდა დემილიტარიზებულ კონფლიქტის ზონას, სადაც წესრიგის უზრუნველსაყოფად განთავსებულნი იყვნენ სამმხრივი სამშვიდობო ძალები: 500 რუსი, 500 ქართველი და 500 ოსი (ოფიციალურად - ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები) მშვიდობისმყოფელი.

ზარდიაშვილის განცხადებით, ამ 1500-კაციანი კონტინგენტის და მათი დადგენილი შეიარაღების გარდა, კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში აკრძალული იყო ნებისმიერი შეიაღარებისა თუ თუნდაც ერთი ჯარისკაცის შეყვანა რომელიმე მხარის მიერ, ხოლო რაიმე სამხედრო ოპერაციის წამოწყებაზე საუბარიც ზედმეტია, იგი დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთილიყო სამშვიდობო ძალების მიერ. რაც მთავარია, სოჭის ხელშეკრულების გარანტორი სახელმწიფო გახლდათ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ამ ხელშეკრულების ძალით გააჩნდა ეუთოს მანდატი, რათა გამწვავების შემთხვევაში გამოეყენებინა თუნდაც სამხედრო ძალა და დაეცვა სოჭის ხელშეკრულების პირობები.

„რასაკვირველია, რუსეთის მხარე და მისი სამშვიდობოები არ და ვერ ასრულებდნენ თავიანთ მშვიდობისმყოფელ მისიას და ეს კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა თავად რუსეთის სამშვიდობოების მეთაურმა კულახმეტოვმა. უარესიც, რუსები პირიქით, ხელს უწყობდნენ კონფლიქტის ესკალაციას და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.

მიუხედავად ამისა, რომ სოჭის ხელშეკრულების პირობები არ სრულდებოდა და რეგულარულად ირღვეოდა უწინარესად რუსეთის ფედერაციის და მისი ხელშეწყობით, ასევე, ოსი სეპარატისტების მიერ, საქართველო ყოველ წელს აგრძელებდა კონფლიქტის ზონაში რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელების მანდატს და რად ღირს მარტო ის ფაქტი, რომ დაგომისის ხელშეკრულების დენონსაცია საქართველომ მხოლოდ ომის წაგების შემდგომ, 2008 წლის 1 სექტემბერს მოახდინა,

მიუხედავად იმისა, რომ კულახმეტოვის განცხადება საკმარისზე მეტი საფუძველი იყო, რათა საქართველოს ხელისუფლებას მთელი სიმწვავით დაესვა ამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის საკითხი. სააკაშვილი ვალდებული იყო მოეთხოვა თუნდაც უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევა, საქმის კურსში ჩაეყენებინა მსოფლიო თანამეგობრობა, აეტეხა განგაში და 24 საათის განმავლობაში განუწყევტელ რეჟიმში მთელს მსოფლიოში გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში კონტროლი აღარ ხორცილდებოდა და თავად კულახმეტოვის აღიარებით, რუსები ვეღარ უზრუნველყოფდნენ ვითარების მართვას.

ამდენად, საქართველო აღარ მიიჩნევდა თავს დაგომისის ხელშეკრულებით შებოჭილად, რის გამოც საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დაუყოვნებლივ შეტანილი იქნებოდა დაგომისის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების საკითხი. დიდი ალბათობით, თუკი სააკაშვილი წინმსწრებად გადადგამდა ამ ნაბიჯს, რუსები სეპარატისტების წაქეზებას შეწყვეტდნენ და ვითარება განიმუხტებოდა. არაფერი მსგავსი სააკაშვილის რეჟიმს არ გაუკეთებია. პირიქით, მან შექმნა კრიტიკული სიტუაცია, როცა რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და სწორედ დაგომისის ხელშეკრულების (მათ შორის რუსი სამშვიდობოების ვითომცდა დაცვის მოტივით, რადგან სააკაშვილმა თავისი ანტიკონსტიტუციური ბრძანებით, რაც ზეპირად, ტელეფონოგრამით იქნა გადაცემული 7 აგვისტოს ღამით, საარტილერიო ცეცხლი გახსნა ცხინვალის მიმართულებით), შესრულების მოტივით მიეცა სამხედრო ძალების გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სამხედრო ოპერაციის, ცხინვალზე შეტევის და საარტილერიო დაბომბვის შესახებ ზეპირი ბრძანება, რაც წერილობით არ დასაბუთებულა, სრულიად უკანონო იყო, კონფლიქტის ზონაში დაგომისის ხელშეკრულების პირობების განსაკუთერბულად უხეშ დარღვევას წარმოადგენდა, რასაც გარდაუვლად მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო ნაბიჯი და ეს ზედმიწევნით იცოდა სააკაშვილმა.

„ამას წინ უსწრებდა სეპარატისტების პროვოკაციები. ვინაიდან საქართველო შებოჭილი იყო საერთაშორისო ხელშეკრულებით, რასაც კონსტიტუციის შემდგომ ყველა კანოზე თუ კანონქვემდებარე აქტზე უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია, ტალიავინის კომისია ამ ფაქტს - 7 აგვისტოს ღამით, ცხინვალის მიმართულებით, დაწყებულ შეტევით სამხედრო ოპერაციას - აღნიშნავს და ობიექტურ დასკვნას აკეთებს, რომ ეს იყო შეუქცევადი ესკალაციის დაწყება, რასაც მოჰყვა რუსეთის სამხედრო აგრესია.

სააკაშვილს არ ჰქონდა და ბუნებრივია, ვერც ტალიავინს წარუდგინა რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება, რომ 8 აგვისტოს დილამდე რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ადგილი ჰქონდა წინმსწრებ საგარეო თავდასხმას. ეს ყველაფერი ცალსახად და უდავოდ დასტურდება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულებით.

ამ ბრძანებულების ტექსტში შავით თეთრზე წერია, რომ რუსული არმიის ნაწილებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოს საზღვარი გადმოლახეს 8 აგვისტოს, 7 აგვისტოს ღამით ცხინვალზე განხორციელებული შეტევის შემდგომ. ტალიავინმა კეთილსინდისიერად დაადგინა ფაქტები და თავის დასკვნაში ეს ასახა. ტალიავინის კომისია ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისია იყო და არა „აღქმების შექმნის“ მისია, რაც ნაცებს სურდათ, რომ ყოფილიყო. დღესაც, მათთვის ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ აღქმებით ოპერირებენ. ღმერთმა გვაშოროს, თუკი ისევ აღქმების ბატონობა განმეორდა ფაქტების საპირისპიროდ, კიდევ უარესად დამაგრეველი იქნება ქვეყნისთვის“, - ამბობს ანალიტიკოსი.

არსებული რეალობიდან გამომდინარე დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს და მის რეჟიმს პროკურატურამ ბრალი უნდა წაუყენოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის („საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა“ მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის („საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, რამაც ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა გამოიწვია“) ჩადენისთვის. მისი თქმით, ეს მოქმედება ერთჯერადი აქტით არ გამოიხატება, არამედ ერთობლიობაა დანაშაულებრივი ნაბიჯებისა, რამაც ეს უმძიმესი შედეგები განაპირობა.

„ცხადია, ამ ნაბიჯთა შორისაა 7 აგვისტოს ღამით არმიის გამოყენების შესახებ უკანონო და ანტკიკონსტიტუციური ბრძანების გაცემა, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფით დასრულდა. აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა პოლიტიკური კონიუნქტურისგან სრულიად გამიჯნულია და მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყოველი ქართველის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

არჩევნები აქ არაფერ შუშია. მოღალატეთა მხილებასა და დასჯას მოითხოვს სჯული - სიმართლე, სამართლიანობა და სამართალი. ასევე, ეს დანაშაული - განგრძობადი დანაშაულია, რადგან დღესაც არსებობს საფრთხე და დამნაშავენი იგივე მოღალატეობრივი, გარეშე ძალის ინტერესებიდან გამომდინარე მოტივებით მოქმედებენ, ნებისმიერ დროს არსებობს იგივე და სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური საფრთხე რუსეთის სამხედრო აგრესიის პროვოცირებისთვის. ამიტომ, ეს განგრძობადი დანაშული რომ აღიკვეთოს, აგვისტოს ომის გამოძიება უნდა შედგეს და დამაშავენი გასამართლდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ლაზი "კომისიას ქართული მხარისგან არ მიუიღია არც ერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა."-ო?
ეს ქალბატონი ახლა უარეს ბრალდებებს აყენებს, ვიდრე 15 წლის წინათ დაწერა. ეს ინტერვიუ კი არა საბრალდებო დასკვნაა.
ეს რა დანა გამოთხარა იმ ჟურნალისტმა. ამას რუსეთი არ გამოიყენებს? იმ სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ახალი ინფორმაციის საფუძველზე არ გაასაჩივრებს.
„რადიო თავისუფლება" სულ ოცნების კარში ურტყამს და ეს რა, ავტო გოლია? თუ უმისამართო დარტყმა.
3 თვის უკან