სახელმწიფო ღალატი - სკანდალური საქმის გამოძიება იწყება

სახელმწიფო ღალატი - სკანდალური საქმის გამოძიება იწყება

N1633 - ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით ომის დაწყებაში სწორედ ქართულ მხარეს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულებრივ რეზოლუციას ყოფილმა ხელისუფლება, ქვეყნის ოკუპაციიდან დაახლოებით ორ თვეში დაუჭირ მხარი. იმის უხედავად, რომ რეზოლუცია საჯარო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკომენტაროდ ტოვებენ კითხვას - რატომ დაუჭირეს მხარი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციას.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ყოფილი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომელიც აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგაც უპასუხოდ რჩება და ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. გამოძიების დაწყება დაანონსებულია და უნდა ველოდოთ, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის გამოძიება. პარალელურად, „ქართული ოცნება“ აპირებს აღადგინოს ღალატის მუხლი, რომელიც, სწორედ, ყოფილი ხელისუფლების ინიციატივით გაქრა სისხლის სამართლის კოდექსიდან.

2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევაზე;

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ;

2022 წლის ბოლოს ჰააგის პროკურორმა დაასრულა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე;

2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის პასუხისმგებლობა;

2024 წლის 9 აპრილს საქართველომ მოიპოვა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი განგრძობითად ახორციელებს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც მასობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინა პირობა იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს და მათ შორის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სამშვიდობო ძალების სარდალს მამუკა ყურაშვილს, გენერალური შტაბის უფროსს ზაზა გოგავას, თბილისის მერს გიგი უგულავას, შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს მოუწევთ უპასუხონ გამოძიების კითხვებს - როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის პირისპირ ომში? რატომ შეუცვალეს სტატუსი კოდორს, ახალგორს?

რატომ გადაარქვეს სახელი კოდორს ზემო აფხაზეთად და ტყვიის გასროლის გარეშე გადააბარეს რუსეთს? წაგებული ომიდან ორ თვეში რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც საქართველოს, კერძოდ კი ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება? რატომ გადამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც მთავარი სამხილი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში და რომელიც „ქართული ოცნების“ ხელსიუფლებამ მოიძია და რომლის საფუძველზეც დაერქვა რუსეთს ოკუპანტი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში, შემდეგ კი ჰააგაში.

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ გასარკვევი და გამოსაკვლევია პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო და ეს მისი უგუნურბის შედეგი იყო თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აუბრისას აღნიშნა, კარგად დასანახია მთელი ის პროცესი, რასაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ადგილი.

„ფაქტია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო. ეს პროვოკაცია როგორ და რანაირად მოხდა, გამოძიება და ფაქტებისა და პროცესების შესაბამისი ანალიზი სწორედ ამას სჭირდება. კარგად უნდა დავინახოთ მთელი ის პროცესი, რომელიც ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა. გვახსოვს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, რომელმაც საქართველოში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა ჩამოიტანა. გვახსოვს, როგორ მოიშორა ეს გეგმა და მისი ჩამომტანი მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ ბევრი რამ არის გასარკვევი და გამოსაკვლევი - პროვოკაცია, რასაც მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, იყო მისი უგუნურბის შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის იმ დანაშაულის გამოძიება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შანსი იმისა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის იმ დანაშაულის გამოძიება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. ამ გაუაზრებელი ქმედებებით, პოლიტიკით, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ეს იყო ცალსახად ქვეყნის ღალატი. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. უმძიმესი შედეგები მიიღო საქართველომ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დეტალური გამოძიება, თუ რა მოხდა რეალურად და ყველას გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანალიტიკოსი, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგალითად, ხომ არ იყვნენ ზეწოლის ქვეშ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმომწერი დეპუტატები, რა იყო საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის წარუმატებლობის მიზეზი 2008 წლის სექტემბერში და რატომ არ იქნა განხილული რუსეთის სანქცირების საკითხი?

„გუშინ მედია-სვავების მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ერთ-ერთი „ჩამჭრელი“ კითხვა იყო: „რის გამოძიებას აპირებთ 2008 წლის ომთან დაკავშირებით? რა გაქვთ კიდევ გასარკვევი და ა.შ.“ მე მაგალითად, ასე ვუპასუხებდი - პირველ რიგში, წერტილი უნდა დაესვას იმ ქართველი დეპუტატების „ბულინგს“, რომლებსაც ბრალი ედება 2008 წლის ოქტომბრის N1633 რეზოლუციაში შეტანილი ჩანაწერისთვის, სადაც ისინი ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. ერთხელ და სამუდამოდ, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გავარკვიოთ: ხომ არ იყვნენ ეს დეპუტატები ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ? ხომ არ იყო მათზე განხორციელებული რაიმე ფსიქოტროპული ნივთიერებებით ზემოქმედება? ჰქონდათ თუ არა რეზოლუციის ხელმოწერამდე მის ტექსტთან წინასწარ გაცნობის შესაძლებლობა? ხომ არ ჰქონდათ მცდელობა - გაეპროტესტებინათ ეს ტექსტი და რა შედეგი მოჰყვა ყოველივე ამას? საპარლამენტო კომისიამ უნდა მისცეს ამ ადამიანებს საკუთარი შელახული რეპუტაციის რეაბილიტირების საშუალება. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაეცეს პასუხი იმას, თუ რა გარემოებებით იყო განპირობებული 2008 წლის სექტემბრის ბოლოს, ბრიუსელში ქართული დელეგაციის - ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ იაკობაშვილი წარუმატებელი ვიზიტი, სადაც ჩვენი დელეგატები არც კი მიიღეს ოფიციალურ დონეზე, სასტუმროს დერეფანში ჰავიერ სოლანას შემთხვევით გამოჭერას თუ არ ჩავთვლით. ევროსაბჭოს მიერ, რომელსაც საფრანგეთი თავმჯდომარეობდა, რატომ არ იქნა განხილული რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების თეორიული შესაძლებლობაც კი: ეს მოხდა ქართული დელეგაციის თხოვნის, მოსკოვის მუქარის, ბრიუსელის ღალატისა თუ ვაშინგტონის მითითების გამო? ღიად და უპასუხოდ დარჩენილ ბევრ სხვა შეკითხვას შეუძლია ახადოს ფარდა მომავალმა საპარლამენტო კომისიამ, ხოლო მედია-სვავების კითხვაზე თუნდაც ამ ორის შეხსენებაც კმარა“,- აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

 

მერაბ.g უყვარს ღეჭვა და ფორთხვა კგბ-ს გენერალ მალომუჟის გამოზრდილ აგენტს!
3 თვის უკან